Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამომრჩევლები ნაცმოძრაობას ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებენ


ამომრჩევლების ნაწილი ნაციონალურ მოძრაობას ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებს. რადიო თავისუფლებას რამდენიმე ადამიანი დაუკავშირდა, რომლებმაც ვინაობის გამხელა არ ისურვეს. მათი მონათხრობით, ნაციონალური მოძრაობის აგიტატორები და კოორდინატორები ოჯახებში გამოკითხვის საბაბით სიებით შედიან და ამომრჩევლებს ეკითხებიან, თუ ვის აძლევენ ხმას. თუ ამომრჩეველმა თქვა, რომ ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერია, მისი გვარის გასწვრივ პლიუსს წერენ. თუ თქვა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია - კითხვის ნიშანს უწერენ. ხოლო, თუ თქვა, რომ არჩევანს საიდუმლოდ შეინახავს, მინუსით აღნიშნავენ და იქვე ეუბნებიან, რომ ამ მონაცემებს შტაბს მიაწვდიან და შეიძლება პრობლემები შეექმნათ.

„შედიან ოჯახებში და ეკითხებიან, თქვენგან რამდენი ამომრჩეველი იღებს არჩევნებში მონაწილეობას? ვის აძლევთ ხმას? იწერენ და მერე ვის გადასცემენ, ეგ ღმერთმა უწყის“, – უთხრა რადიო თავისუფლებას ერთ-ერთმა გორელმა.

უფლებადამცველები ამ გამოკითხვას ამომრჩეველზე ფსიქოლოგიურ ზეწოლად აფასებენ. რადიო თავისუფლების წყაროების ცნობით, ნაციონალების კოორდინატორები დევნილთა დასახლებებში და რამდენიმე ქუჩაზე აქტიურობენ. ისიც ცნობილია, რომ კარდაკარ გამოკითხვის სანაცვლოდ მათ 60 ლარს უხდიან.

ამომრჩევლის დაშინების შესახებ რადიო თავისუფლებას ცხინვალიდან დევნილმა ხვიჩა საძაგლიშვილმაც უამბო, რომელიც ალიანსის ლიდერთან ირაკლი ალასანიასთან შესახვედრად გორში დევნილებს ეპატიჟებოდა.

”ერთ ჩემს ახლობელს ვეუბნები, რომ ირაკლი ალასანია ჩამოდის და რა მითხრა იცი? მეეზოვედ მუშაობს ეს კაცი. მის გვარს და სახელს ვერ გეტყვით. განცხადება დამაწერინეს და მითხრეს, რომ შეხვედრებზე თუ გახვალ, სამსახურიდან გაგიშვებთო. ამის შემდეგ რაღა უნდა ელაპარაკო. შეშინებულია ხალხი, მიეცი რა ხალხს თავისუფალი არჩევანის უფლება... მაგრამ არა...“, – განაცხადა ხვიჩა საძაგლიშვილმა.

ამომრჩეველზე ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ნაციონალურ მოძრაობას ალიანსის ლიდერი ირაკლი ალასანიაც ადანაშაულებს. მისი თქმით, ნაციონალები ამომრჩევლებს არწმუნებენ, რომ არჩევნების შემდეგ ადვილად გაიგებენ თუ ვინ ვის მისცა ხმა.

„ყველგან მიდის ტოტალური დაშინება. თან აშინებენ იმით, რომ ბიულეტენიც კი დანიშნული იქნება და თუ მიიღებთ ჩვენს საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას, ეს დაფიქსირდებაო. მე მწამს, რომ ყველა მოქალაქე სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს, თუ დაცული იქნება ფარულობა“.

ქრისტიან-დემოკრატების ლიდერი გიორგი თარგამაძე კი აღნიშნავს, რომ ფსიქოლოგიური ზეწოლა მთელს საქართველოში მიმდინარეობს და ნაციონალები შეგნებულად ეუბნებიან ამომრჩევლებს, რომ ხმის მიცემის ფარულობა გარანტირებული არ იქნება.

„ისეთი შემთხვევებიც შეგვხვედრია, რომლებსაც საკმაოდ კურიოზული შინაარსი აქვს. მაგალითად, რამდენიმე სოფელში უბრალო მოსახლეობამ შემომჩივლა, რომ მათ დაემუქრნენ, რომ თითის ანაბეჭდებითაც კი ამოიცნობდნენ იმ ადამიანებს, რომლებმაც ბიულეტენები ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ არ ჩაყარეს ყუთში. რა თქმა უნდა, ამის განხორციელება ტექნიკურად და ფიზიკურად შეუძლებელია, მაგრამ შედარებით დაშორებულ ადგილებში, განსაკუთრებით სოფლებში, უფრო ადვილია მანიპულირება და ფსიქოლოგიური ზეწოლა.“

პოლიტიკოსებისა და ზოგიერთი გორელის ბრალდებას აბსურდულს უწოდებს ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი წევრობის კანდიდატი გორში ზვიად ხმალაძე. მისი თქმით, მოძრაობის აგიტატორები კარდაკარ მართლაც დადიან, მაგრამ მხოლოდ ბუკლეტებისა და პროგრამების დარიგებით შემოიფარგლებიან.

არჩევნებამდე 9 დღით ადრე გორის საოლქო საარჩევნო კომისიაში არც პოლიტიკური პარტიების ლიდერებისა და არც დამკვირვებელი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან კონკრეტულ დარღვევებზე საჩივარი არ შესულა.
XS
SM
MD
LG