Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წიგნის ფესტივალი - დღესასწაული ლიტერატურის მოყვარულთათვის


წიგნის XII ფესტივალი
please wait

No media source currently available

0:00 0:06:52 0:00

18 - 21 მაისს თბილისში წიგნის XII საერთაშორისო ფესტივალი ტარდება. ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში 80-მდე გამომცემლობამ წარმოადგინა პროდუქცია. ფესტივალის ორგანიზატორები და გამომცემლები სტუმრებს სხვადასხვა პროექტსა და წიგნს სთავაზობენ ფასდაკლებით.

19-დან 21 მაისის ჩათვლით თბილისში წიგნის მე-12-ე საერთშორისო ფესტივალი გაიმართა, რომელზეც 80 სხვადასხვა გამომცემლობა იყო წარმოდგენილი. ოთხი დღის განმავლობაში წიგნის მოყვარულთა შეხვედრის ადგილი თბილისის ფილარმონია გახლდათ.

ვისაც წიგნი ძალიან უყვარს, ის ყოველთვის მოახერხებს ერთი-ორი საათი სამსახურიდან დაეთხოვოს და წიგნის ფესტივალზე დახლებს შორის იაროს და იაროს, სადაც უამრავი სხვადასხვანაირი წიგნია. ირგვლივ ახალთახალი წიგნების სურნელი ტრიალებს, გარშემო კი მართლა ის ადამიანები არიან, ვისთანაც წიგნის, ლიტერატურის სიყვარული გაკავშირებს.

თბილისის წიგნის მე-12 ფესტივალის დაწყება წიგნის მოყვარულებს მწერალმა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ სამადაშვილმა მიულოცა. ასე გაიხსნა ოფიციალურად წიგნის ფესტივალი.

წელს ფილარმონიაში გამართულ ფესტივალზე 80-მდე გამომცემლობა იყო წარმოდგენილი. ოთხი დღის განმავლობაშო, 19-დან 21 მაისის ჩათვლით, დილიდან საღამომდე სხვადასხვა გამომცემლობების წიგნით სავსე დახლების გარშემო უამრავი ხალხი ირეოდა.ფოიეში ახალი წიგნების პრეზენტაციები ერთმანეთს ენაცვლებოდა. როგორც კულტურის სამინისტროს წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობის პროგრამის ხელმძღვანელი მედეა მეტრეველი აღნიშნავს, წლევანდელი წიგნის ფესტივალი კიდევ უფრო მასშტაბურია.

ყველა გამომცემლობას, ცხადია, აქ ვერ ჩამოვთვლით, თუმცა თითქმის ყოველ მათგანს მკითხველისათვის გარკვეული სიურპრიზები ჰქონდა დაწესებული. მაგალითად, „დიოგენემ“ მოაწყო აქცია 2+1, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ ორ წიგნს შეიძენდი, მესამეს საჩუქრად გაძლევდნენ, ყოველი ორი საათის შემდეგ კი ფასდაკლების 10 წუთი დგებოდა და ვინც „დიოგენეს“ დახლს სწორედ ამ ათი წუთის დროს მიადგა, მან ნამდვილად სარფიანად ივაჭრა.

„დიოგენეს“ ხელმძღვანელი თამარ ლებანიძე ფიქრობს, რომ ფრანკფურტის წიგნის ფესტივალის მასშტაბებამდე ჯერ შორია, მაგრამ შეუძლებელი არაფერია იმაში, რომ წიგნის ზეიმმა საქართველოშიც უფრო დიდი მასშტაბი მიიღოს:
”ფრანკფურტამდე და ბოლონიამდე ჯერ ბევრი გვიკლია, მაგრამ არა მგონია ძალიან დიდი გზა იყოს. ჩვენზეა ეს დამოკიდებული, საქართველოს მკითხველ საზოგადოებაზეა დამოკიდებული, შემცირდება ეს დისტანცია თუ არა. მაგრამ, ჩემი აზრით, მხოლოდ საზოგადოების ინტერესი არ კმარა, ხელისუფლებაც უნდა დაინტერესდეს წიგნით და ბედნიერი ვიქნები, თუკი საქართველოში 2011 წელი წიგნიერების წლად გამოცხადდება, თბილისი გახდება წიგნის დედაქალაქი. ასეთი ტრადიცია მსოფლიოში არსებობს, ოღონდ ამისათვის საჭიროა ხელისუფლების ნება და თანხმობა.”

ეს დღე კი თამარ ლებანიძის, როგორც გამომცემლისათვის, აი, რას ნიშნავს:

”ჩემთვის ეს დღე არის უშუალო კონტაქტის დღე. უამრავ ადამიანს ხედავ, მათ შორის, პატარა მკითხველებს... კოლეგებს ხედავ, მათ მიღწევებს ნახულობ. მე ვფიქრობ, რომ ეს ნამდვილი დღესასწაულია.”
წიგნების გაყიდვის ორიგინალური ხერხი მოძებნა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ - მან წიგნები თავად ავტორებს გააყიდინა:

პოეტი ბესიკ ხარანაული ავტოგრაფებს გამომცემლობა „სეზანის“ დახლთან უხვად გასცემდა.

წიგნის ფესტივალი, სხვათა შორის, ამითაცაა კარგი. ეს წელიწადში ერთხელ სწორედ ის ადგილია, სადაც თითქმის ყველა ცოცხალ პოეტსა თუ მწერალს შეხვდები - ახალბედებსაც და გამოცდილ მეკალმეებსაც. ბესო ხვედელიძე, მაგალითად, ამბობს, რომ აგერ უკვე მეცხრე წელია, არც ერთ ფესტივალს არ აცდენს :

”ყოველ წელს რაღაც ახალი წიგნითაც ვეგებები და ჩემი მეგობრები, კოლეგებიც ხომ არიან ახალი წიგნებით წარმოდგენილები და, ესეც რომ არ იყოს, ეს გახდა ადგილი, სადაც ძალიან ბევრი გადაკარგული და დიდი ხნის უნახავი ადამიანი შეიძლება ნახო.”

საინტერესოდ იყო წარმოდგენილი წიგნის ფესტივალზე ლიტერატურის მუზეუმი, რომლის სტენდიც მუზეუმის დირექტორმა ლაშა ბაქრაძემ წარმოგვიდგინა:

”ჩვენ არა მხოლოდ წიგნები წარმოვადგინეთ, არამედ სამუზეუმო საგნებიც. მაგალითად, ჩვენ წარმოვადგინეთ სიკვდილის შემდეგ აღებული ნიღბები - ილია ჭავჭავაძის, ვაჟა-ფშაველასი და მარჯორი უორდროპისაც კი. და ასევე აკაკი წერეთლის ხელის მტევანი”...

40 პროცენტიან ფასდაკლებას სთავაზობდა წიგნის ფესტივალზე გამომცემლობა „სიესტა“, რომელიც ყველაზე ხშირად გამოსცემს თანამედროვე ქართულ პოეზიას. „სიესტას“ ახალ წიგნებში რამდენიმე საინტერესო თარგმანიცაა:. ჯესე, უნამუნო, მარკესი.

„პარნასის“ ხელმძღვანელი გია დარსალია კი ფესტივალის პირველივე დღეს ამბობდა, რომ მათი სტენდი განსაკუთრებით ორიგინალური უნდა ყოფილიყო. „პარნასმა“ წიგნის ფესტივალზე ბევრი ახალი რუსული და ინგლისურენოვანი წიგნი წარმოადგინა.

20 მაისს, წიგნის ფესტივალის მესამე დღეს, წლის 15 საუკეთესო მოთხრობის დაჯილდოებაც გაიმართა. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის რჩეული მიშა ბახსოლიანი გახდა, რომელმა მოთხრობისათვის „მუშები“ 1000 ლარიანი პრემია აიღო.
”ვერასოდეს ვიფიქრებდი, თუ ეს მოთხრობა ასე გამახარებდა, იმიტომ რომ ეს არის ნამდვილი ამბავი მუშებზე, რომლებიც ჩემთან სახლში რემონტს აკეთებდნენ და ძალიან ცუდად მახსოვს ეგ პროცესი”, - თქვა მიშა ბახსოლიანმა.

დაბოლოს, როგორც ბაკურ სულაკაურმა რადიო თავისუფლებას უთხრა, წიგნის ფესტივალი არ არის მხოლოდ წიგნებით ვაჭრობა. ეს არის ადგილი, სადაც, უბრალოდ, ერთმანეთს ხვდებიან ადამიანები, ვისაც ლიტერატურა ძალიან, ძალიან უყვარს.
  • 16x9 Image

    ეკა ქევანიშვილი

    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან. 

XS
SM
MD
LG