ალექსანდრ დიუმას “კავკასიას” ქართველი მკითხველი ამჯერად სრულად წაიკითხავს. პირველი, 1964 წლის ე.წ. კუპიურებიანი ვარიანტისგან განსხვავებით, გამომცემლობა “აგორას” მიერ დაბეჭდილი “კავკასია” მთლიანადაა თარგმნილი. პირველ, თინათინ ქიქოძისეულ თარგმანში გამოტოვებული ადგილები ია ბერსენაძემ და გიორგი ეკიზაშვილმა თარგმნეს. წიგნი ევროსაბჭოსა და საფრანგეთის საელჩოს, ასევე ალექსანდრ დიუმას სახელობის ფრანგული კულტურის ცენტრის ხელშეწყობით გამოიცა.
არ მეგულება ადამიანი, ვისაც დიუმა არ ჰქონდეს წაკითხული ან მისი რომანების მიხედვით გადაღებული ფილმები არ ენახოს. დიუმას გავლენა მუდამ იგრძნობა დასავლურ სამყაროში და იმ ქვეყნებშიც კი, სადაც “ათას ერთი ღამის” ზღაპრებს ყვებოდნენ საუკუნეების განმავლობაში. ერთი ჩემი მეგობარი ადამიანობის საზომადაც კი იყენებს დიუმას ნაწერებს და რომელიმე გულქვა ან შეუგნებელ კაცზე იტყვის ხოლმე: “მაგას დიუმა არ ექნება წაკითხული”.
საქართველოში დიუმა განსაკუთრებით უყვართ. აქ თითქმის ყველა ოჯახში ნახავთ მის წიგნებს. დიუმა, როგორც წესი, ბავშვობიდან მოგვყვება, ისე, რომ არც გვახსოვს ხოლმე პირველად როდის წავიკითხეთ. ასეა გიორგი ეკიზაშვილისთვისაც, “კავკასიის” ერთ-ერთი მთარგმნელისთვის:
“მე დიდი ხანია დიუმასთან ვმეგობრობ, ისევე, როგორც ძალიან ბევრი ქართველი მკითხველი, მაგრამ მასთან პროფესიული მეგობრობაც მაკავშირებს, საქმიანიც. ამის მიუხედავად, საქმეზე მაღლა ვაყენებ პირად ურთიერთობას ალექსანდრ დიუმასთან ბავშვობიდან მოყოლებული. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მსმენელებიც ასე გაიზარდნენ: “სამი მუშკეტერი”, “მონტეკრისტო” და ა.შ. სულ 700 სათაურის ჩამოთვლა შეიძლება. გარდა ამისა, დიუმამ 35 ათასი პერსონაჟი შექმნა, თეატრზე აღარაფერს ვამბობ”.
დიუმას “კავკასია” პირველად 1964 წელს გამოიცა ქართულად. თინათინ ქიქოძის თარგმანს აკაკი გაწერელიას წინასიტყვაობა და კომენტარები ერთვოდა თან. თარგმანი კუპიურებიანი იყო, მასში გარკვეული ეპიზოდები მთლიანად იყო ამოღებული, ახალ გამოცემაში კი ყველა ეს ხარვეზი შევსებულია. საუბარია ყველაზე “გემრიელ” ხარვეზებზე, დიუმას კულინარიულ წიაღსვლებზე და მის მიერ გამოგონილ ისტორიებზე:
“ჯერ ერთი, არა აქვს უფლება მთარგმნელს, რომ ავტორის ნების გარეშე ამოიღოს რაღაც ეპიზოდები ან პირიქით, დაამატოს. მაგრამ მაშინ საბჭოთა კავშირში ჩვენ არავის არაფერს არ ვეკითხებოდით, არ იყო ჟენევის კონვენცია, წიგნები ჩვენთვის გამოდიოდა და ეტყობა “კეთილი” მრჩევლებიც ბევრნი იყვნენ. თავის დროზე, როდესაც რუსულად ითარგმნა დიუმა და ითარგმნა საკმაოდ გვიან, მეფის “ოხრანკა” იყო, შემდეგ “ოხრანკა” შეცვალა ცენზურამ... თვითონ ქალბატონი თინათინი წერს წინასიტყვაობაში, რომ შეგნებულად ამოვიღე (ამას ხაზს უსვამს) კულინარული რეცეპტები და გამოგონილი ამბებიო. თუკი დიუმას ამოუღე კულინარული რეცეპტები და გამოგონილი ამბები, ეს დიუმა აღარაა, რადგან ლიტერატურა გამონაგონია და არც თავად დიუმაა ისტორიკოსი. დიუმა მწერალია და დიუმას არ შეუძლია არ იყოს მწერალი, თანაც ისეთი მწერალი, როგორიც იყო დიუმა”.
ქართველი მკითხველისთვის ძალიან ბევრი შთამბეჭდავი სცენაა “კავკასიაში”, რომელიც ზუსტ წარმოდგენას გვიქმნის იმდროინდელი კავკასიისა და ტფილისის შესახებ. უკვე კლასიკურ კავკასიურ ისტორიად იქცა თუში შეთესა და მოჭრილი ხელების ამბავი, ასევე ტფილისში, ქალაქის ცენტრში, მაღაზიის გაქურდვისა და მესაათე ჟორჟაევის ნოქრების დახოცვის ამბავი, რომელსაც დამნაშავეთა პოვნა და მათი დასჯის დეტალური აღწერა მოსდევს (ეს ეპიზოდი, შეიძლება ითქვას, პირველი ქართული დეტექტიური სიუჟეტია). ცალკე თავები აქვს მიძღვნილი წინანდლელი ჭავჭავაძეების ისტორიას, ტფილისის ოპერას - გაგარინის მიერ მოხატული ინტერიერისა და ფარდის აღწერას, ასევე საგანცხრომოდ წასაკითხია ტფილისის სპარსული აბანოების თავი, სადაც ტრადიციულ რიტუალებსა და “ჯალათი” მექისეების გარჯას სურნელოვანი თამბაქოს ბოლება და ტკბილი მუსიკა აგვირგვინებს.
დიუმა საოცარი პოეტურობით აღწერს ჩვენი ქალაქის ნახვით გამოწვეულ პირველ შთაბეჭდილებებს. თავიდან იგი “მოლურჯო ორთქლში” დაინახავს ტფილისს, შემდეგ კი, როდესაც ქალაქში შემოვა, იგი ასე ხედავს აქაურობას: “მაგრამ, აი, უეცრად, სიხარულისგან შევყვირეთ. გზის გადაღმა, უსკრულის სიღრმეში ბობოქრობდა მტკვარი. მთის ფერდებზე კი იარუსებად გაშლილიყო და მდინარის ნაპირებამდე ეშვებოდა ქალაქი, დაწიოკებული ჩიტების გუნდის მსგავსი სახლებით, რომლებიც თითქოს ისე დამსხდარიყვნენ აქა-იქ, როგორც მოხვედროდათ”.
ამ სიტყვებიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ ახალი დროების ტფილისური მითი დიუმას ამ წიგნიდანაც იღებს დასაბამს და ეს მითი მომდევნო საუკუნენახევრის განმავლობაში ივსებოდა და იხვეწებოდა ახალი შინაარსებით. ალბათ ამიტომაც არის, რომ საქართველოში ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდათ ამ მწერლის მიმართ:
“ბედნიერება მერგო წილად, რომ ვყოფილიყავი 2002 წელს საფრანგეთში, დიუმას გადასვენების ცერემონიალზე. მე ვიყავი იქ ალბათ ყველა ქართველის წარმომადგენელი, ჩემს თავს ვეუბნებოდი, შენს ადგილას შეიძლებოდა ნებისმიერი ქართველი ყოფილიყო, იმიტომ, რომ ჩვენ ყველას ერთნაირად გვიყვარს დიუმა. გაოცებული ვიყავი, როდესაც ყაზბეგში ჩავედით მე და კლოდ შოპი, მსოფლიოს პირველი დიუმალოგი და აღმოჩნდა, რომ პირველივე გამვლელმა ზეპირად იცოდა დიუმა. ეს კაცი იყო იქაური მილიციის ლეიტენანტი, რომელმაც შემდეგ თავისთან, სახლში მიგვიწვია და იქ ვიქეიფეთ მე, შოპმა, ჩვენმა მაისპინძელმა და დიუმამ”.
გიორგი ეკიზაშვილის აზრით, დიუმას “კავკასია”, განსაკუთრებით კი ეს, შევსებული გამოცემა, სამაგიდო წიგნად უნდა იქცეს ქართველებისთვის: “ფრანგებს აქვთ ასეთი გამოთქმა, Livre de chevet, ანუ სასთუმლის წიგნი, ჩვენ გვაქვს სამაგიდო წიგნი. მე ვფიქრობ, და არა იმიტომ, რომ რაღაც წვლილი მიმიძღვის ამ წიგნში. დიუმას “კავკასია” ჩვენს სამაგიდო წიგნად უნდა იქცეს და იგი თაობიდან თაობაში უნდა გადადიოდეს. იმიტომ, რომ თუკი ჩვენ ვამაყობთ, რომ ქართველები ვართ, და ჩვენ ვამაყობთ ამით, ამ წიგნის წაკითხვით კიდევ უფრო მეტად შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ ქართველები ვართ. აი ესაა დიუმას დამსახურება, ამ წიგნიდან მოდის რაღაც ნათელი სითბო, ნათელი სიკეთე”.
როგორც უკვე ვთქვით, ეს სიკეთე და ნათელი ბავშვობიდან მოყოლებული გვასაზრდოებს. აგერ, სულ ცოტა ხნის წინ სრული “კავკასიაც” მივიღეთ. მემგონი დადგა დრო, კიდევ ერთი დიუმა გავიცნოთ, დიუმა – კულინარი. იმედი მაქვს, მალე მის გენიალურ ნაშრომს, “დიდ კულინარიულ ლექსიკონსაც” ვიხილავთ ქართულ ენაზე.