Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორის რაიონში ზოგიერთს ჰგონია, რომ უგულავას არჩევნები ტარდება


გორის ცენტრალური მოედანი
გორის ცენტრალური მოედანი
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე კვირაზე ცოტა მეტი დრო რჩება, გორის რაიონის ზოგიერთ სოფელში კი დღემდე ვერ გაურკვევიათ ვის და რას ირჩევენ. ამომრჩეველთა ინფორმირებულობის დონე რომ დაბალია, ამაში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ლიდერთა ჯგუფის წევრები თავად დარწმუნდნენ. ლიდერები სოფლებში გამოკითხვებს ატარებენ და საზოგადოებას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ. ახალგაზრდა ლიდერი თაკო რუსიტაშვილი გაკვირვებულია იმით, რომ სოფლებში ამომრჩეველთა ნაწილი დღემდე ფიქრობს, რომ თბილისის მერს ირჩევენ და მოახლოებულ არჩევნებს უგულავას არჩევნებს უწოდებენ.

ამომრჩეველთა უკეთესად ინფორმირებისთვის ოპოზიციური პარტიებიც თითქმის არაფერს აკეთებენ. ამის მიზეზად „ალიანსის“ ადგილობრივი ლიდერი დავით რაზმაძე მოსახლეობის საერთო იმედგაცრუებას ასახელებს. მისი თქმით, ამომრჩევლებს მხოლოდ პირადი, სოციალური პრობლემების მოგვარება აწუხებთ და არჩევნების შესახებ არაფერი აინტერესებთ.


პოლიტიკოსებისგან განსხვავებით, არასამთავრობო სექტორი უფრო მეტად აქტიურობს. გორში საზოგადოებისა და მედიის ინფორმირების თვალსაზრისით არაერთი შეხვედრა გაიმართა. ბოლო შეხვედრა პოლიტიკოსებთან, მესამე სექტორსა და მედიის წარმომადგენლებთან სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრმა გამართა.

ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების არჩევნების ღიად, სამართლიანად და თავისუფლად ჩატარების ხელშეწყობის მიზნით ცენტრმა განახორციელა პროექტი „საარჩევნო საკითხებში მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება“. პროექტი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ მიერ დაფინანსდა, მიზნად ისახავს საარჩევნო კულტურის ამაღლებისა და არჩევნების იდეის პოპულარიზაციისათვის ხელშეწყობას. ცენტრის წარმომადგენლებმა გორში სპეციალური ბროშურები და გზამკვლევები დაარიგეს, სახელწოდებით „როგორ დავაკვირდეთ არჩევნებს“. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში შეიქმნა ინტერნეტგზამკვლევი, ivote.ge, რომლის მეშვეობითაც ამომრჩეველს საშუალება ექნება მიიღოს ინფორმაცია არჩევნებისა და თვითმმართველობის სისტემის შესახებ. სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრის თანამშრომლებმა თითქმის მთელი საქართველო მოიარეს. ორგანიზაციის ხელმძღვანელი კოტე კანდელაკი აღნიშნავს, რომ ამომრჩეველთა ინფორმირებულობა და, შესაბამისად, სამოქალაქო კულტურის დონე ჯერ ძალიან დაბალია.

გორში ამჟამად ორი დამოუკიდებელი გაზეთი გამოდის და ერთი ტელევიზია მაუწყებლობს. რაიონის მოსახლეობის დიდი ნაწილი ნაციონალურ არხებს უყურებს, სადაც, ძირითადად, თბილისის საარჩევნო კამპანია შუქდება. ამიტომ გორელებს არ უკვირთ, რომ სოფლებში ადგილობრივი კანდიდატების შესახებ ნაკლები ინფორმაცია აქვთ. ბოლო პერიოდში გორში ერთი ხუმრობაც გაჩნდა: უთოს რომ ჩართავ, იქიდანაც გიგი უგულავა ლაპარაკობს და რა გასაკვირია, თუ შრომისგან დაღლილ გლეხს, რომელსაც ყოველ საღამოს იმას უმტკიცებენ, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია, მთელ საქართველოში უგულავას არჩევნები ჰგონიაო.
XS
SM
MD
LG