Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა კატინის ტრაგედიასთან დაკავშირებული დოკუმენტების ნაწილი საჯარო გახადა


„აბსოლუტური ღიაობა“ - ასე აფასებს რუსეთის სახელმწიფო არქივის ხელმძღვანელი დღეს გადადგმულ ნაბიჯს, 1940 წლის კატინის ხოცვა-ჟლეტასთან დაკავშირებული დოკუმენტების ინტერნეტში გამოქვეყნებას. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ მასალებს გრიფი „საიდუმლო“ უკვე დიდი ხანია მოხსნილი აქვს - ბევრი სხვა დოკუმენტი კი კვლავაც გასაიდუმლოებული რჩება.

რუსეთმა ფართო საზოგადოებას პირველად გააცნო იმ დოკუმენტაციის ნაწილი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს კატინში მომხდარ ხოცვა-ჟლეტას უკავშირდება. აღმოსავლეთ პოლონეთში საბჭოთა ჯარების შეჭრიდან ერთი წლის შემდეგ, 1940 წლის აპრილსა და მაისში, სტალინის ბრძანებით, კატინსა და დასავლეთ რუსეთის სხვა ადგილებში დაახლოებით 22,000 პოლონელი ოფიცერი და ინტელექტუალი დახოცეს.

სახელმწიფო არქივის მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი დაემთხვა პერიოდს, როცა დაიწყო საუბარი პოლონეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობის შედარებით დათბობაზე - მას შემდეგ, რაც მიმდინარე თვის დასაწყისში რუსეთში მომხდარ ავიაკატასტროფას პოლონეთის პრეზიდენტი, ლეხ კაჩინსკი, ემსხვერპლა. კაჩინსკი რუსეთში სწორედ კატინის ტრაგედიის 70-ე წლისთავის აღსანიშნავად მიეშურებოდა.

„როსარხივის“ ხელმძღვანელის ანდრეი არტიზოვის თქმით, გამოქვეყნებული დოკუმენტების ორიგინალები ამ დრომდე მხოლოდ მკვლევართა ვიწრო წრისთვის იყო ხელმისაწვდომი.

მაგრამ, პრეზიდენტ დმიტრი მედვედევის ბრძანებით, ისინი ახლა „როსარხივის“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

არტიზოვის განცხადებით, ეს ნაბიჯი მოწმობს, რომ კატინის ტრაგედიის შესახებ რუსეთი „აბსოლუტურ ღიაობას“ ავლენს.

დოკუმენტების გამოქვეყნებას დმიტრი მედვედევი პირადად გამოეხმაურა. დანიაში ვიზიტით მყოფმა რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მათი გამოქვეყნების ბრძანება თავად გასცა“, და დასძინა, „ეს მსოფლიოს წინაშე ჩვენი ვალიაო.“

თუმცა რეალურად ჯერ კიდევ შორსაა იმ დრომდე, როცა კატინის დოკუმენტაცია მთლიანად ღია გახდება, რასაც უკვე წლებია პოლონეთი ითხოვს. ბევრ დოკუმენტს კვლავაც ადევს გრიფი „საიდუმლო“.

როგორც უფლებადამცველი ორგანიზაცია „მემორიალის“ წევრმა იან რაჩინსკიმ რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს უთხრა, გამოქვეყნებული დოკუმენტების შინაარსი უკვე დიდი ხანია ცნობილია - მას შემდეგ, რაც მათ ადრეულ 1990-იან წლებში გრიფი „საიდუმლო“ მოხსნეს:

„მთავარი, ფუნდამენტური დოკუმენტები, რომლებიც სტალინის და პოლიტბიუროს როლს წარმოაჩენს ამ ომის დანაშაულში, 1992 წელს გამოქვეყნდა, როცა [რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ბორის] ელცინმა ისინი პოლონეთის მხარეს გადასცა. და მას შემდეგ ეს დოკუმენტები არანაირ საიდუმლოს არ წარმოადგენს“, - აცხადებს რაჩინსკი.

კატინში მომხდარი ხოცვა-ჟლეტა დიდი ხანია პოლონეთისა და რუსეთის ურთიერთობაზე ნეგატიურ გავლენას ახდენს. 1990 წლამდე მოსკოვი ტრაგედიაში ნაცისტურ გერმანიას სდებდა ბრალს.

არტიზოვის თქმით, ინტერნეტში ოთხშაბათს განთავსებულ დოკუმენტებს შორის არის 1940 წლის მარტით დათარიღებული საბუთი, რომელშიც საიდუმლო პოლიციის ხელმძღვანელი, ლავრენტი ბერია, დაპატიმრებული პოლონელი ოფიცრების დახვრეტის ინიციატივით გამოდის. გამოქვეყნებულია პოლიტბიუროს ის რეზოლუციაც, რომელიც ბერიას ინიციატივას ამტკიცებს.

ერთი კვირის წინ „მემორიალმა“ ნაწილობრივ გამარჯვებას მიაღწია კატინის ხოცვა-ჟლეტის შესახებ საიდუმლო დოკუმენტების გამოქვეყნების მოთხოვნით უკვე დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარე სასამართლო პროცესზე.

„მემორიალს“ სურს საჯარო გახდეს 2004 წელს გაცემული ბრძანება, რომლის ძალითაც კატინის ტრაგედიის გამოძიება შეჩერდა. გასულ კვირაში უზენაესმა სასამართლომ გადაწყვიტა, რომ საქმე განსახილველად ადგილობრივ სასამართლოს უნდა დაუბრუნდეს:

„საუბარია იმ გამოძიების შედეგებზე, რომელსაც 1990 წლიდან აწარმოებს ჯერ საბჭოთა კავშირის და შემდეგ უკვე რუსეთის მთავარი სამხედრო პროკურატურა“, - ამბობს იან რაჩინსკი და დასძენს: „პრობლემა იმაშია, რომ 2004 წელს ეს საქმე დაიხურა, ხოლო საკუთრივ დახურვის შესახებ ბრძანება გასაიდუმლოებულია, ისევე როგორც ამ საქმეში შემავალი დოკუმენტაციის ტომების დაახლოებით ორი მესამედი. ამ დოკუმენტებისთვის "საიდუმლოს" გრიფის მოხსნა ხელეწიფება არა სახელმწიფო არქივს, არამედ მთავარ სამხედრო პროკურატურას ან სახელმწიფო საიდუმლოთა კომისიას.“

შესაბამისად, ოთხშაბათს გამოქვეყნებული დოკუმენტები, ალბათ, კატინის ტრაგედიის შესახებ ახალს არაფერს გამოავლენს, თუმცა, ბევრის აზრით, მათი გამოქვეყნების აქტი უკვე თავისთავად მოიტანს დადებით შედეგებს.

ასე ფიქრობს, მაგალითად, სლავომირ დებსკი, პოლონეთის საერთაშორისო საქმეების ინსტიტუტის ხელმძღვანელი, რომლის მოსაზრებასაც პოლონეთის ყოველდღიური „გაზეტა ვიბორჩა“ ავრცელებს:

„[დოკუმენტების] ინტერნეტში გამოქვეყნება მოწმობს, რომ რუსეთს იმ სპეკულაციის თუ მითების დასრულება სურს, რაც [ამ საკითხზე მიმდინარე] საზოგადოებრივ დისკუსიას სდევდა თან“, - ამბობს პოლონელი ანალიტიკოსი და დასძენს: „რუსეთს მათი გაჩერება უნდა, ვინც აცხადებს, რომ დოკუმენტები გაყალბებული ან მანიპულირებულიაო.“
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG