Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეტალურგები ხელფასის გაზრდას და შრომის უსაფრთხოებას ითხოვენ


ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის მუშები საპროტესტო აქციებს განაგრძობენ.

მეტალურგები საამქროებში დილიდან არ გამოცხადდნენ. ისინი პირდაპირ საწარმოს ადმინისტრაციის შენობასთან შეიკრიბნენ და ხელმძღვანელობას ათი მოთხოვნის შესრულებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს.

მეტალურგებმა ორი დღის წინ გამაფრთხილებელი გაფიცვა მოაწყვეს - სოლიდარობა გამოუცხადეს ქარხნიდან გათავისუფლებულ ორ თანამშრომელს, რომლებიც მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის წევრები არიან. გათავისუფლებული კოლეგების სამსახურში დაბრუნებასთან ერთად გაფიცულებმა ხელფასის 50%-ით გაზრდა, შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვა და შვებულების გახანგრძლივება მოითხოვეს. ქარხნის ადმინისტრაციას 24 საათი მისცეს ამ საკითხებზე მოლაპარაკების დასაწყებად. მას შემდეგ, რაც ფეროს ხელმძღვანელობა მოლაპარაკებას არ დათანხმდა, მეტალურგებმა გაფიცვა განაახლეს.

აქციის მონაწილეები ქარხნის ადმინისტრაციის შენობასთან
აქციის მონაწილეებს საწარმოს გენერალური დირექტორი ალექსანდრე ვიშნევსკი არ შეხვდა, ის უკრაინაში იმყოფება. მუშებს დირექტორის მოადგილე დავით ჭანტურია ესაუბრა. მან მეტალურგებს ათკაციანი ჯგუფის შექმნა და მოლაპარაკება შესთავაზა.

აქციის მონაწილეებთან ზესტაფონის გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე და მაჟორიტარი დეპუტატი მივიდნენ. ისინი მუშებს დახმარებას დაჰპირდნენ.

მეტალურგების, პროფკავშირისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შემადგენლობით ჯგუფი უკვე შექმნილია. მოლაპარაკების შედეგებზეა დამოკიდებული, მუშები გაფიცვას გააგრძელებენ თუ არა.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში შიმშილობას დაიწყებენ.

აქციის მიმდინარეობისას ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა საწარმოს დირექტორის მოადგილეს დავით ჭანტურიასა და საგაფიცვო კომიტეტის წარმომადგენელს გოჩა ბრეგვაძეს შორის. გოჩა ბრეგვაძის თქმით, ჭანტურიამ მას გზის გახსნა მოსთხოვა. უარის მიღების შემდეგ გაღიზიანდა და ქურთუკი შემოახია.
XS
SM
MD
LG