Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბეჭდვითი მედია „გავრცელების თავისუფლებას“ ითხოვს


“საქართველოს პრესის ასოციაცია" „ბეჭდვითი პროდუქციის გავრცელების შესახებ“ კანონის მიღებას ითხოვს. ასოციაციის მიერ მომზადებული კანონპროექტი პარლამენტის ბიუროს უახლოეს მომავალში გაეგზავნება. პრესის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ არსებული კანონების პირობებში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს შესაძლებლობა ეძლევათ სრულად ან ნაწილობრივ შეზღუდონ ბეჭდვითი პროდუქციის, მათ შორის, გაზეთებისა და ჟურნალების გაყიდვა და ხელი შეუწყონ მასობრივი ინფორმაციის გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციას. როგორ აპირებს „პრესის ასოციაცია“ ვითარების შეცვლას?

“საქართველოს პრესის ასოციაციამ" ბეჭდური მედიის თავისუფლად გავრცელების უზრუნველსაყოფად და მედიის დისტრიბუციის სფეროში არსებული საკანონმდებლო ხარვეზების შესავსებად კანონპროექტები მოამზადა. გაზეთ „რეზონანსის“ მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში მიიჩნევს, რომ მოქმედი კანონმდებლობა ზღუდავს ადამიანის ძირითად უფლებას - გამოხატვის თავისუფლებას.

„გახსოვთ, თბილისსა და რეგიონებშიც შეექმნათ პრობლემები პრესის გამავრცელებლებს. ერთ მშვენიერ დღეს გაქრა ჯიხურების ერთი ნაწილი და მათ ადგილზე დაიდგა სხვა. ანუ გაჩნდა საფრთხე იმისა, რომ ჩამოყალიბებულიყო მონოპოლიური სისტემა. ჩვენ შევიმუშავეთ ერთი ძირითადი და დანარჩენი სამი, მასთან დაკავშირებული, კანონპროექტი, რომლითაც, ვფიქრობთ, მოწესრიგდება სამართლებრივად ეს საქმიანობა“, განაცხადა ლაშა ტუღუშმა, რომლის თქმითაც, ცვლილებები უნდა შევიდეს „ადგილობრივი თვითმმართველობის კანონში“, „საგადასახადო კოდექსსა“ და „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის - შესახებ“ კანონში, თუმცა ძირითადი სიახლე, რომელმაც ხელი უნდა შეუშალოს ბეჭდვითი პროდუქციის გავრცელების საშუალებათა მონოპოლიზაციას, „ბეჭდვითი პროდუქციის გავრცელების შესახებ“ კანონია, რომლის შექმნაზეც „პრესის ასოციაციის“ წევრებთან ერთად სამართლის დოქტორი ვახტანგ ხმალაძეც მუშაობდა:

„დღეს მოქმედ კანონებში წერია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს უფლება აქვს დაარეგულიროს გარევაჭრობა და ამისათვის გამოყოს ადგილი ან გარკვეულ ადგილებში აკრძალოს გარევაჭრობა. სტენდები და ჯიხურებიც გარევაჭრობას მიეკუთვნება. შესაბამისად, სავსებით შესაძლებელია, რომ რომელიმე თვითმმართველობას ან თვითმმართველობებს მოუვიდეთ აზრად (ან მათ ვინმემ უკარნახოს), რომ აკრძალონ ბეჭდვითი პროდუქციის გავრცელება. ასე რომ არ მოხდეს, ამისთვისაა საჭირო კანონით მოწესრიგდეს ეს საკითხი.“

ვახტანგ ხმალაძის მსგავსად, ამ საკითხის კანონით მოწესრიგების იდეას სახალხო დამცველიც იწონებს. გიორგი ტუღუშის თქმით, საზოგადოების განვითარებისთვის მნიშვნელოვანია მედიის პრობლემების გაზიარება და მათი გადაჭრის ეფექტიანი გზისთვის მხარდაჭერა.

„სახელმწიფოს მხრიდან არ უნდა არსებობდეს არანაირი ხელშემშლელი ბარიერები. პირიქით, ხელი უნდა ეწყობოდეს ბეჭდვითი პროდუქციის გავრცელებას. მიმაჩნია, რომ თუ ეს კანონპროექტი იქცევა კანონად, ის გააუმჯობესებს სიტუაციას, ვინაიდან დაარეგულირებს ბევრ კონკრეტულ მიმართულებას და, გარდა ამისა, შექმნის იმის წინაპირობას, რომ ბეჭდვითი მედია გავრცელდეს გაცილებით უფრო ეფექტურად“, უთხრა გიორგი ტუღუშმა რადიო თავისუფლებას.

“საქართველოს პრესის ასოციაციის" მიერ შემუშავებული „ბეჭდვითი პროდუქციის გავრცელების შესახებ“ კანონპროექტით განსაზღვრულია გავრცელების ხერხები, მათ შორის, სტენდის, მაგიდის და ჯიხურის მეშვეობით. აკრძალულია სანებართვო რეჟიმის შემოღება და მოსაკრებლის დაწესება, თუ სტენდი, მაგიდა ან ჯიხური გამოიყენება მხოლოდ ბეჭდვითი პროდუქციის გასავრცელებლად. ასევე განსაზღვრულია გავრცელების საშუალებების ზღვრული ზომები და განთავსების შესაძლო ადგილები. იმისათვის, რომ გამოირიცხოს სუბიექტური აკრძალვა არასათანადო იერსახის მოტივით, კანონპროექტი ავალდებულებს თვითმმართველობის ორგანოს დაამტკიცოს ბეჭდვითი პროდუქციის გავრცელებისათვის გამოსაყენებელი საშუალების არანაკლებ ხუთი ტიპიური ესკიზი, რომლებიც უფასოდ გადაეცემათ გამავრცელებლებს. „საქართველოს პრესის ასოციაციამ“ ეს კანონპროექტი, როგორც საკანონმდებლო ინიციატივა, უკვე გააცნო პარლამენტში წარმოდგენილი უმცირესობისა და უმრავლესობის ლიდერებს. ვიცე-სპიკერი რუსუდან კერვალიშვილი ამბობს, რომ „პრესის ასოციაციის“ ინიციატივა ძალზე მნიშვნელოვანია:

„ბეჭდვითი პროდუქციის გავრცელების ხელშემწყობი პირობების შექმნა საინტერესოა და, თავის მხრივ, თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესაძლო გარემოს შექმნის, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამ შინაარსის კანონი უკვე გამზადებულია და მას ბიუროზე აუცილებლად განვიხილავთ. ამას ჯერ სჭირდება შესაბამისი მსჯელობა და ისე ჩამოყალიბება, რომ ის იყოს მზად საზოგადოებისთვის წარსადგენად.“

თუმცა ასოციაციაში ამტკიცებენ, რომ კანონპროექტის არსებული ფორმით დამტკიცება, პირველ რიგში, საზოგადოების ინტერესებშია, რადგანაც გაიზრდება ბეჭდვითი მედიის დამოუკიდებლობის ხარისხი და თავისუფალი ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ინფორმაცია მკითხველამდე წინააღმდეგობის გარეშე მიაღწევს.

„ის, რომ იარსებებს მრავალი ჯიხური და გავრცელების მრავალი სააგენტო ეთრმანეთისგან დამოუკიდებლად, ხელს შეუშლის ამ სფეროს მონოპოლიზებას. ჩვენ არ გვინდა, უგულავა იქნება, ალასანია თუ ვინმე სხვა თბილისის მერი, მის მიერ კონტროლირებადმა კომპანიამ აწარმოოს გაზეთების გაყიდვა“, უთხრა ელისო ჩაფიძემ რადიო თავისუფლებას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG