Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რასმუსენი: უკრაინისა და საქართველოსადმი ნატოს პოზიცია უცვლელია


ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა რადიო თავისუფლების რუსულ სამსახურს. ჩვენს რადიოსთან საუბარში ნატოს გენერალურმა მდივანმა, კერძოდ, განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინის მიმართ ალიანსის დამოკიდებულება უცვლელია. ანდერს ფოგ რასმუსენმა ასევე გამოთქვა იმედი, რომ რუსეთი შვეულმფერნმზიდ „მისტრალს“ არ გამოიყენებს ნატოს რომელიმე წევრი სახელმწიფოს მიმართ.

რადიო თავისუფლების რუსული სამსახურის კორესპონდენტი შეეკითხა ნატოს გენერალურ მდივანს, ხომ არ შეიცვლება ალიანსის დამოკიდებულება იმის გამო, რომ უკრაინის ახალი პრეზიდენტი არ მიიჩნევს ნატოში ინტეგრაციას თავისი საპრეზიდენტო პროგრამის პრიორიტეტად, ხოლო ქვეყანაში ცოტა ხნის წინ გაუქმდა ალიანსთან ურთიერთობის უწყებათშორისი სამთავრობო კომისია.
საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით ნატოს პოზიცია უცვლელია

ანდერს ფოგ რასმუსენი: “საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით ნატოს პოზიცია უცვლელია. ბუქარესტში ნატოს სამიტზე, 2008 წლის აპრილში, ჩვენ უკვე მივიღეთ გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილების თანახმად, საქართველო და უკრაინა შეიძლება გახდნენ ნატოს წევრები, თუ ისინი გამოხატავენ სურვილს და დააკმაყოფილებენ გაწევრიანებისთვის აუცილებელ კრიტერიუმებს. ვითარება ახლაც ასეთია და უკრაინაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს ნატოს პოზიცია არ შეუცვლია. ჩვენი კარი ღიაა, ღიაა უკრაინისთვისაც. თუ უკრაინა გადაწყვეტს, რომ ნატოსკენ ისწრაფის, ჩვენ თანახმა ვიქნებით. ეს უკრაინის გადასაწყვეტია.“

ნატოს გენერალური მდივანი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში შეეხო ასევე რუსეთ-ნატოს ურთიერთობებს და განაცხადა, რომ არსებობს საერთო გამოწვევები და ხედვები, მაგრამ არის ფუნდამენტური უთანხმოებაც, რასაც, ანდერს ფოგ რასმუსენის თქმით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხი წარმოადგენს.

ანდერს ფოგ რასმუსენი: „რუსეთსა და ნატოს შორის ურთიერთობის მოწესრიგება ჩემი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. დასამალი არ არის, რომ ჩვენ გვაქვს უთანხმოებები რუსეთთან. ერთ-ერთი სფერო, რაშიც ერთმანეთს არ ვეთანხმებით, საქართველოა. ჩვენ დაჟინებით ვაცხადებთ, რომ სრულად ვცემთ პატივს და ვაღიარებთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. რუსეთს მოვუწოდებთ, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები. ასე რომ, შესაძლოა, რუსეთთან უთანხმოება გვქონდეს,
რუსეთსა და ნატოს შორის ურთიერთობის მოწესრიგება ჩემი ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია
მაგრამ ეს აზრთა სხვადასხვაობა ვერ გადაფარავს იმ გარემოებას, რომ გვაქვს საერთო ინტერესებიც სხვადასხვა სფეროში, თუნდაც - უსაფრთხოების სფეროში. მაგალითად ავიღოთ ტერორიზმი. რუსეთი თავადაც განიცდის ტერორიზმის საფრთხეს. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვითანამშრომლოთ ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში. გვაქვს საერთო ინტერესი, რომ მივაღწიოთ წარმატებას ავღანეთში. ერთნაირი საფრხის წინაშე ვდგავართ მასობრივი განადგურების იარაღის, კერძოდ, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის სფეროში. იგივე შეეხება სარაკეტო საფრთხეს, მეკობრეობას. ყველა ამ სფეროში პრაქტიკული თანამშრომლობა უნდა განვავითაროთ.“

ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა რადიო თავისუფლებას საკუთარი მოსაზრება გაუზიარა ასევე რუსეთ-საფრანგეთის დიდ სამხედრო გარიგებაზე, რომელიც ფრანგული მრავალფუნქციური ვერტმფრენმზიდ „მისტრალის“ შეძენას ითვალისწინებს. ნატოს ბევრმა ქვეყანამ ჩათვალა, რომ რუსეთისათვის ამ ტიპის საბრძოლო იარაღის მიყიდვა საფრთხეს უქმნის რუსეთის მოსაზღვრე ნატოს წევრ სახელმწიფოებს.

ანდერს ფოგ რასმუსენი: „პირველ ყოვლისა, უნდა ვთქვა, რომ ნატო არ არის ჩართული ამ გარიგებაში. ეს არის ორმხრივი სავაჭრო ხელშეკრულება რუსეთსა და საფრანგეთს შორის. ასე რომ, ნატო ამაში ვერ ჩაერევა. თუმცა, როდესაც ამას ვამბობ, ვგულისხმობ, რომ ამგვარი სამხედრო აღჭურვილობის შესაძლო მიყიდვა უნდა განხორციელდეს საერთაშორისო წესებისა და ნორმების სრული დაცვით. ვიცი, რომ ამ საკითხზე არაერთხელ გამოითქვა შეშფოთება ნატოს სხვადასხვა წევრების მხრიდან. და იმედი მაქვს, რომ საფრანგეთი გაითვალისწინებს ამ შეშფოთებას. მე იმასაც ვგულისხმობ, რომ რუსეთი არ გამოიყენებს ამ
რუსეთისთვის "მისტრალის" შესაძლო მიყიდვა უნდა განხორციელდეს საერთაშორისო წესებისა და ნორმების სრული დაცვით
სამხედრო აღჭურვილობას ნატოს წევრი არც ერთი სახელმწიფოს ან რუსეთის რომელიმე მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ. დაბოლოს, როდესაც ვსაუბრობ სოლიდარობაზე ჩვენი ალიანსის შიგნით და შეშფოთებაზე, რომელიც მის წევრთა შორის არსებობს, მსურს შეგახსენოთ, რომ საფრანგეთი დღემდე მონაწილეობს ბალტიისპირეთის ქვეყნების ტერიტორიის დაცვის საქმეში. ეს ყველაზე ნათელი დასტურია იმისა, რომ საფრანგეთიც მონაწილეობს იმ კოლექტიურ ძალისხმევაში, რაც ეხმარება ბალტიისპირეთის ქვეყნებს, დაიცვან საკუთარი ტერიტორია.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG