Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს გენერალური მდივანი მოსკოვში - პირველად 2008 წლის აგვიტოს ომის შემდეგ


ნატოს გენერალური მდივანი და რუსეთის პრემიერ-მინისტრი
ნატოს გენერალური მდივანი და რუსეთის პრემიერ-მინისტრი
ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი რუსეთში იმყოფება, რაც მისი პირველი ვიზიტია ამ ქვეყანაში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელის რანგში. ვიზიტის მიზნად ასახელებენ ნატო-რუსეთის რთულ ურთიერთობაში დაძაბულობის განმუხტვას, რათა მოსკოვმა უფრო აქტიური მხარდაჭერა გაუწიოს მრავალეროვან სამხედრო მისიას ავღანეთში.

თვით ნატოს გენერალურმა მდივანმა ასე განმარტა მოსკოვში ვიზიტის მიზანი: „აქ ვიმყოფები, რათა დავადასტურო, რომ ჩემი, როგორც ნატოს გენერალური მდივნის ერთ-ერთი პრიორიტეტია ნატოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის გაუმჯობესება“.

ანდერს ფოგ რასმუსენმა მოსკოვს მოუწოდა, უფრო მჭიდროდ იმუშაოს ალიანსთან ერთად ავღანეთში სტაბილიზაციის პროცესზე. ამ საკითხს ის შეეხო ჟურნალისტებთან საუბარში, ოთხშაბათს კრემლში პრეზიდენტ დმიტრი მედვედევთან და საგარეო უწყების ხელმძღვანელ სერგეი ლავროვთან მოლაპარაკების შემდეგ. რასმუსენის შეფასებით, თვით რუსეთის ინტერესებშია, უფრო აქტიური მხარდაჭერა გაუწიოს ავღანეთში თალიბანის წინააღმდეგ ბრძოლას, რადგან ამ ბრძოლის წარუმატებლობა ხელს შეუწყობდა ისლამისტური ექსტრემიზმის გავრცელებას ცენტრალურ აზიაშიც.

მედვედევს ამ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა დაადასტურა, რომ ნატოსთან რუსეთის ურთიერთობა მნიშვნელოვანია: მისი თქმით, „რუსეთის ფედერაციისა და ნატოს თანამშრომლობის დონეზე ბევრი რამ არის დამოკიდებული“. იქვე მედვედევმა ახსენა თავისივე ინიციატივა - ინიციატივა ევროპაში უსაფრთხოების შესახებ ხელშეკრულების შესახებ, რომელიც, მედვედევის ინფორმაციით, ნატოს წევრებიც გულდასმით განიხილავენ.

მოგვიანებით რასმუსენი პრემიერ-მინისტრ ვლადიმირ პუტინსაც შეხვდა. ამ უკანასკნელის განცხადებით, მხარეები თანამშრომლობენ „ბევრ საკითხში განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად“.

სხვათა შორის, ამ „განსხვავებული შეხედულებებიდან“ ერთ-ერთზე, ჩვენს რადიოსთან, კერძოდ, რუსულ სამსახურთან ინტერვიუში ისაუბრა ნატოს პრეს-მდივანმა ჯეიმს აპატურაიმ, მანაც მოსკოვში ვიზიტისას. აპატურაის თქმით, „ნატოს გენერალური მდივნისა და ყველა ნატოელი მოკავშირის პოზიცია არის ის, რომ არასოდეს ვაღიარებთ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, რადგან ისინი არ არიან დამოუკიდებელი სახელმწიფოები - ასეა გაეროს თითქმის ყველა წევრი ქვეყნისთვის და ნატო არასოდეს დათმობს პოზიციას იმ საკითხში, თუ სად გადის საქართველოს საზღვრები. მაგრამ ეს არ ნიშნავს, თითქოს არ შეგვეძლოს რუსეთთან ურთიერთობა ისეთ სფეროებში, რომლებშიც ამას აზრი აქვს - აზრი აქვს რუსეთისთვის, აზრი აქვს ჩვენთვის“.

ნატოს პრეს-მდივანს რადიო თავისუფლების რუსულმა სამსახურმა შეკითხვა დაუსვა ნატოში საქართველოსა და უკრაინის გაწევრიანების პერსპექტივაზეც და პასუხად მიიღო განცხადება, რომ ნატოს პოზიცია არ შეცვლილა: „ნატოელი მოკავშირეები ბუქარესტში შეთანხმდნენ, რომ ეს ქვეყნები ნატოს წევრები გახდებიან, როცა სტანდარტებს შეასრულებენ - თუ ამის სურვილი ექნებათ. ეს არ შეცვლილა. მაგრამ ახლა ისინი ახლოს არ არიან სტანდარტების შესრულებასთან. ასე რომ, ამჟამად ყურადღებას ამახვილებენ პრაქტიკულ თანამშრომლობაზე“.

ახლა ისევ ნატოს გენერალური მდივნის შეხვედრებს დავუბრუნდეთ: მან პრეზიდენტ დმიტრი მედვედევთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთს მოუწოდა ავღანეთში მეტი ვერტმრფენის გაგზავნისკენ. საუბარი შეეხო ასევე რუსეთის შესაძლო გააქტიურებას ავღანეთში ნარკოტიკების კონტრაბანდის წინააღმდეგ მებრძოლი ძალების მომზადების საქმეში. გავრცელებული ინფორმაციით, მედვედევმა პირობა დადო, რომ განიხილავენ ამ საკითხს.

ბოლოხანს რუსეთმა ორი ვერტმფრენი გადასცა ავღანეთის პოლიციას. საყურადღებოა, რომ, როგორც ნატოში რუსეთის ელჩმა დმიტრი როგოზინმა გასულ კვირაში განაცხადა, მოსკოვი მზად არის გააკეთოს ყველაფერი - ავღანეთში ჯარისკაცების გაგზავნის გარდა. ამ უარის მიზეზად საყოველთაოდ ცნობილი ისტორიული გამოცდილება ითვლება: ფიასკო, რომლითაც 1989 წელს დასრულდა ავღანეთში საბჭოთა კავშირის 10-წლიანი სამხედრო კამპანია.
XS
SM
MD
LG