Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პერევში მოსახლეობას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს


იმერეთის ექიმთა ასოციაციის ინიციატივით, ოკუპირებული პერევის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდა. ექიმებმა რუსული ბლოკ-საგუშაგოს გავლა და პერევში შესვლა, ბუნებრივია, ვერ შეძლეს, ამიტომ მეზობელ სოფელში, ჯრიაში, ჩავიდნენ, რომელიც რუსი ჯარისკაცების მიერ არ კონტროლდება. მათ პერევიდან გადასული მოსახლეობა გამოსაკვლევად ჯრიის საჯარო სკოლაში მიიღეს.

ექიმების აქციის გამო რუსმა ჯარისკაცებმა დღეს პერევის შესასვლელში არსებულ უკანონო ბლოკ-საგუშაგოზე კონტროლი გაამკაცრეს. ისინი მგზავრებს აყოვნებდნენ და, საბუთების შემოწმების გარდა, ჩხრეკდნენ.

იმერეთის ექიმთა ასოციაციის მიერ ორგანზებულ აქციას პერევის ყველა მცხოვრები ვერ გამოეხმაურა. ბევრმა მათგანმა რუსული ბლოკ-პოსტი შიშის გამო ვერ გადალახა.

ექიმებმა სოფელ ჯრიაში თანამედროვე სამედიცინო აპარატურა ჩაიტანეს. მათ პაციენტებს მედიკამენტებიც გადასცეს.

როგორც ექიმები ამბობენ, ოკუპირებული სოფლის მოსახლეობას ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, რაც მუდმივი შიშით და სტრესით არის გამოწვეული.

პერევის მცხოვრებლების თქმით, ვითარება, პერევის გარდა, რუსების კონტროლირებად სინაგურშიც დაიძაბა. მათი სიტყვით, გლეხი რუსული პასპორტის გარეშე სამუშაოდ საკუთარ ყანაშიც ვეღარ მიდის. მათივე თქმით, სოფლებში რუსული სამხედრო მანქანების გადაადგილება გახშირდა. ისინი გაურკვეველ შენობებს აშენებენ და გზები გაჰყავთ.
XS
SM
MD
LG