Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს გენერალური მდივნის მთავარი გზავნილი ცენტრალური აზიისათვის


გაეროს გენერალური მდივანი ბან კი მუნი უზბეკეთში ჩასვლით აგრძელებს თავის პირველ ოფიციალურ ვიზიტს ცენტრალური აზიის ქვეყნებში. ისევე როგორც ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნებში, ბან კი მუნს უზბეკეთშიც მოუხდა განმეორება მიმართვისა, რომ უფრო მეტი პატივი სცენ ადამიანის უფლებებს. თუმცა გაეროს გენერალურ მდივანს არ დავიწყებია ხაზი გაესვა იმ მზარდი წვლილისათვის, რაც საერთაშორისო საზოგადოების ცხოვრებაში შეაქვთ ცენტრალური აზიის ხალხებს.

გაეროს გენერალურმა მდივანმა პირნათლად შეასრულა ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციების თხოვნა, რეგიონის ქვეყნების ლიდერებთან წამოეჭრა ყველაზე მწვავე პრობლემები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით. აი, რა განაცხადა ჩვენი რადიოს თურქმენულ სამსახურთან საუბარში „ჰიუმან რაითს უოჩის“ წარმომადგენელმა რეიჩელ დენბერმა ერთი დღით ადრე, ვიდრე ბან კი მუნი ცენტრალურ აზიაში თავის პირველ ოფიციალურ ტურნეს დაიწყებდა:
„ვფიქრობ, რომ თუ გაეროს გენერალური მდივანი - მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი ორგანიზაციის ლიდერი - ადამიანის უფლებების საკითხებს წამოჭრის, ეს ხაზს გაუსვამს ამ საკითხების მნიშვნელობას. ჩემი აზრით, შუა აზიის ლიდერებს ძალიან გაუჭირდებათ გაამართლონ ადამიანის უფლებების გამო შეშფოთების უყურადღებოდ დატოვება, როცა ეს შეშფოთება გამოთქმული აქვს ისეთ მნიშვნელოვან ადამიანს, როგორიც გაეროს გენერალური მდივანია.“

უზბეკეთში ბან კი მუნი შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტს ისლამ კარიმოვს და შეეცადა დაერწმუნებინა ის, რომ საჭიროა „მეტი ყურაღება დაუთმონ ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ პრობლემებს“, თუმცა მას არ უხსენებია კონკრეტული მაგალითები და გვერდი აუარა ასევე ანდიჟანის სადავოდ ქცეულ საკითხს.

როგორც ცნობილია, სულ რაღაც ორი კვირის წინ გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა გამოაქვეყნა საკმაოდ კრიტიკული ანგარიში, რომელიც მოუწოდებს უზბეკეთის მთავრობას სრულად გამოიძიოს 2005 წელს ანდიჟანში მომხდარი სისხლიანი ტრაგედია. უზბეკეთის მთავრობა კვლავინდებურად აცხადებს, რომ, სამთავრობო ჯარების მიერ 5 წლის წინ გახსნილი ცეცხლის შედეგად, 187 ადამიანი დაიღუპა. თვითმხილველები ამბობენ, რომ მსხვერპლი 7-ჯერ მეტი იყო, დახოცილთა უმრავლესობა კი მშვიდობიანი დემონსტრანტები იყვნენ.

ადამიანის უფლებების დაცვა და სიტყვის თავისუფლების უზრუნველყოფა ეს არის ძირითადი გზავნილი, რაც ბან კი მუნის ცენტრალურაზიურ ტურნეს ახლდა თურქმენეთსა და ყირგიზეთში. ამ უკანასკნელში, „ტიტების რევოლუციის“ მიუხედავად, მედია კვლავ განიცდის შევიწროებას ხელისუფლების მხრიდან, რაც ბან კი მუნის ვიზიტის დროს ბიშკეკის ქუჩებში გამართული საპროტესტო დემონსტრაციის დროსაც ისმოდა.

„არა - რეპრესიას! ჰო - ადამიანის უფლებებს! თავისუფლება -რადიო „აზატლიკს“! თავისუფლება - გაზეთ „კორუნს“! თავისუფლება - გაზეთ „ნაზარს“!“ - სკანდირებდნე ბიშკეკში 3 აპრილს გამოსული დემონსტრანტები.

გაეროს გენერალური მდივნის ვიზიტის ერთ-ერთი საკითხი იყო ასევე წყლის რესურსების გამოყენება ცენტრალური აზიის ქვეყნებში, რაც რეგიონის უმწვავესი პრობლემაა. 4 აპრილს ბან კი მუნმა ვერტმფრენით შემოუფრინა არალის ტბას, რათა საკუთარი თვალით ეხილა ის ზიანი, რასაც არალის წყლის რესურსების სარწყავად არაყაირათიანად გამოყენება გარემომცველ ბუნებას აყენებს. ბან კი მუნი შეძრა ნანახმა და ვითარებას მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე საშიში უწოდა.

ორშაბათს, დღის ბოლოს, ბან კი მუნი ტაჯიკეთს ესტუმრება. როგორც ცნობილია, ტაჯიკეთსა და უზბეკეთს შორის სულ უფრო იკრებს ძალას უთანხმოება, რასაც იწვევს ტაჯიკეთის განზრახვა ააშენოს მძლავრი ჰიდროელექტროსადგური. უზბეკეთის მტკიცებით, ჰიდროელექტროსადგურისათვის საჭირო წყლის რესურსების კაშხალში დაგროვება საირიგაციო წყლის კატასტროფული შემცირებით ემუქრება მდინარეთა კალაპოტის ქვემოთ მდებარე უზბეკეთს.

ცენტრალური აზიის ტურნეს ბან კი მუნი 7 აპრილს ყაზახეთში დაასრულებს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG