Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უბედური შემთხვევები მშენებლობებზე


შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, წარმოებაში მომხდარი უბედური შემთხვევების შედეგად, საქართველოში ყოველწლიურად რამდენიმე ათეული ადამიანი იღუპება. ამასთან, მომხდარი უბედური შემთხვევების ნახევარზე მეტი სამშენებლო სამუშაოებზე მოდის. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ შრომის დაცვის წესებისა და მოქალაქეთა შრომითი უფლებების დარღვევის ზრდას მოქმედი კანონმდებლობა განაპირობებს.

2 მარტს, გამთენიისას, თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში, მშენებარე სავაჭრო ცენტრის ჩამონგრევის შედეგად, ორმა მუშამ სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო. მომხდართან დაკავშირებით მოკვლევას შინაგან საქმეთა სამინისტრო აწარმოებს. საქმე ისაა, რომ შრომის წესების დარღვევა დანაშაულად ითვლება და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 170-ე მუხლის მიხედვით, მაგრამ, როგორც თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფროსი ზვიად კერვალიშვილი ამბობს, ამ ეტაპზე ძნელია იმის თქმა, კვალიფიცირდება თუ არა დანაშაულად მომხდარი უბედური შემთხვევა:

„მიმდინარეობდა სართულებს შორის გადახურვითი სამუშაოები, რომლის დროსაც ბეტონის ფილა ჩამოიშალა. საბედნიეროდ, გარე პერიმეტრზე არავინ იმყოფებოდა, რამაც გადაარჩინა იქ მომუშავე 20-მდე მუშა. ანუ შეიძლება ითქვას, რომ უსაფრთხოების ზომები ნაწილობრივ მაინც იყო დაცული“, უთხრა რადიო თავისუფლებას ზვიად კერვალიშვილმა, რომლის თქმითაც, მერიის სამსახური აკონტროლებს მხოლოდ მშენებლობის კანონიერებასა და სამშენებლო წესების დაცვას, ანუ პროექტის შესაბამისად მიმდინარეობს თუ არა მშენებლობა. რაც შეეხება შრომის უსაფრთხოებასა და მის კონტროლს, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენელი, შრომის მთავარი ტექნიკური ინსპექტორი ვიქტორ დოლიძე განმარტავს:

„არსებობდა შრომის სახელმწიფო ინსპექცია, რომლის შექმნა სახელმწიფოებს შრომის საერთაშორისო ფედერაციის კონვენციით ევალებათ, მაგრამ საქართველო არ მიუერთდა შესაბამის დეკლარაციას და შრომის ინსპექცია გააუქმა, ანუ ზედამხედველი ორგანო არ არსებობს.“

შესაბამისად, ვიქტორ დოლიძის თქმით, გასაკვირი არაა, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში მკვეთრად იმატა უბედური შემთხვევების რიცხვმა:

„მომხდარი უბედური შემთხვევების რიცხვი მშენებლობაზე მოდის. მარტო 11 მუშაა სიმაღლიდან გადმოვარდნით დაღუპული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ უსაფრთხოების ნორმები არ არის დაცული: არის შემოღობვები, არ არის გამაფრთხილებელი წარწერები, მუშებს არ აძლევენ დამხმარე ღვედებს, ინსტრუმენტები არ არის გამართული და სტანდარტული... ძირითადად, ამის გამო ხდება ეს ყველაფერი.“

სპეციალისტების განმარტებით, ამგვარი სავალალო მდგომარეობის გასაუმჯობესებლად საჭიროა ტექნიკური და საავტორო ზედამხედველობის გამკაცრება. ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე მიზანშეწონილად მიიჩნევს ზედმეტად ლიბერალური კანონმდებლობის გადახედვასაც:

„ზედმეტი ლიბერალიზმიდან ნელ-ნელა ვექტორი უნდა გადაიხაროს მარცხნივ. არ შეიძლება ყველაფერი მივუშვათ საბაზრო ძალების ასპარეზზე. გარკვეული კონტროლი უნდა იყოს როგორც მუნიციპალური, ასევე ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან. საზოგადოების მხრიდან კონტროლის დოზა მეტი უნდა იყოს. საზოგადოებას კი ამ შემთხვევაში წარმოადგენს მუნიციპალური და ცენტრალური ხელისუფლება.“

თუმცა, მოქმედი კანონების მიხედვით, შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი მხოლოდ სამშენებლო კომპანია და მისი ტექნიკური ინჟინერია. შესაბამისად, ბუნდოვანია უბედურ შემთხვევამდე შრომის უსაფრთხოების დარღვევათა გამოვლენა-პრევენციაც. საბოლოო გადაწყვეტილებას კი იმასთან დაკავშირებით, ირღვეოდა თუ არა შრომის უსაფრთხოების წესები, იღებს სასამართლო, რომელიც მტყუანსა და მართალს სამშენებლო კომპანიასა და დაზარალებულს შორის არკვევს, ანუ შრომის უსაფრთხოების წესების ერთადერთ დამცველად თავად დაზარებული გვევლინება. ამის გამო, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებაში მიიჩნევენ, რომ შესაცვლელია უბედურ შემთხვევათა გამოკვლევისა და აღრიცხვის მექანიზმი. შრომის მთავარი ტექნიკური ინსპექტორის ვიქტორ დოლიძის თქმით, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გამოცდილების საფუძველზე, ეფექტიანი იქნებოდა ისეთი მექანიზმის შექმნა, რომელშიც მთავარ როლს დამსაქმებელი, პროფესიული კავშირი და სახელმწიფო შეასრულებდა.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG