Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”მესიე ასი ათასი ვოლტი” ჟილბერ ბეკო


ჟილბერ ბეკო, ფრანგი კომპოზიტორი, მომღერალი და არტისტი, რომელსაც ტემპერამენტული სცენიური ქცევის გამო ”მესიე ასი ათასი ვოლტი” უწოდეს
ჟილბერ ბეკო, ფრანგი კომპოზიტორი, მომღერალი და არტისტი, რომელსაც ტემპერამენტული სცენიური ქცევის გამო ”მესიე ასი ათასი ვოლტი” უწოდეს
ჟილბერ ბეკოს, მისი ტემპერამენტული სცენიური ქცევის გამო, ”მესიე ასი ათასი ვოლტი” შეარქვეს. როიალის ამწყობები შანსონიეს ემდურებოდნენ: ინსტრუმენტი მისი კონცერტის დროს ხშირად გამოდიოდა მწყობრიდან.

მომღერლის დებიუტი პარიზის ლეგენდარულ ”ოლიმპიაში” 1954 წელს შედგა. იმ საღამოს ბეკომ დააზიანა როიალი და იმ ზომამდე ”დაქოქა” მსმენელები, რომ მათ ნამსხვრევებად აქციეს სავარძლები. ყურადსაღებია, რომ ოთხი ათეული წლის შემდეგ, როცა მძიმე სნეულებით შეპყრობილი ჟილბერი უკვე რეკონსტრუირებულ ”ოლიმპიაში” ოცდამეათჯერ გამოვიდა, ყველაფერი განმეორდა. არადა, იმხანად ბეკოს ვენაში ჰქონდა ჩაყენებული კატეტერი, მისი ლურჯი საფირმო პიჯაკის ქვეშ კი წამლების საწვეთელა ეკიდა. ჟილბერს სჯეროდა, რომ კიბო ქიმიოთერაპიით განიკურნება და წინანდებურად განუწყვეტლივ ეწეოდა სიგარეტს და სვამდა გაუზავებელ ვისკის. მიუხედავად ამისა, მომღერალი ფრანგული შანსონის ისტორიაში არა ეპატაჟური ქცევით, არამედ თავის მიერ დაწერილი ოთხასზე მეტი სიმღერით შევიდა.

პირველ რიგში აღსანიშნავია 1964 წელს შექმნილი სიმღერა ”ნატალი”. ეს იყო სიმღერა მომხიბლავ რუს ქალიშვილზე, რომელმაც შანსონიეს თითქოსდა მეგზურობა გაუწია მოსკოვში. ”ნატალიში” ფიგურირებდა აგრეთვე მოსკოვის კაფე ”პუშკინი”. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ქალიშვილი ნატალი, კაფე ”პუშკინი” და თვით მოსკოვში მოგზაურობაც მხოლოდ და მხოლოდ ბეკოს მდიდარი ფანტაზიის ნაყოფი იყო. მაგალითად, ხსენებული კაფე მოსკოვში იმხანად საერთოდ არ არსებოდა. გასაოცარია, რომ ”ნატალის” შექმნიდან ოცდაათი წლის შემდეგ ბეკომ თავისი პოპულარული სიმღერა მოსკოვში კაფე ”პუშკინის” გახსნის ცერემონიაზე შეასრულა.

ფრანსუა ჟილბერ სიი, იგივე ჟილბერ ბეკო, ხმელთაშუაზღვის სანაპიროზე, ტულონში, 1927 წლის 24 ოქტომბერს დაიბადა. ბიჭუნა სულ პატარა იყო, როცა მისმა მამამ ოჯახი მიატოვა: ფრანსუა, მისი და ოდეტა და ძმა ჟანი მამინაცვალ ლუი ბეკოს გვარზე ჩაეწერნენ. ასეთი იყო მათი დედის, მადამ სიის, მეტსახელად ”მამიკოს”, ნება. სწორედ ”მამიკომ” იღონა ყველაფერი იმისათვის, რომ უმცროს ვაჟიშვილს საუკეთესო მუსიკალური განათლება მიეღო. ეს შემთხვევეითი არ იყო: ფრანსუა ბავშვობიდანვე იჩენდა დიდ ინტერესს მუსიკისადმი და საკმაოდ ადრე დაეუფლა ფორტეპიანოზე დაკვრას.

მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე ჭაბუკი კონსერვატორიაში სწავლობდა, ომის დროს კი, უფროსი ძმის მსგავსად, ფაშისტებს ებრძოდა ფრანგული წინააღმდეგობის რიგებში. ბეკოს შემოქმედებითი მოღვაწეობა განთავისუფლებულ პარიზში დაიწყო - ის პიანისტის ამპლუაში გამოდიოდა რესტორნებსა და ბარებში, წერდა მუსიკას კინოფილმებისთვის. პარალელურად ვითარდებოდა მისი ვოკალური კარიერაც, რომელშიც გადამწყვეტი როლი დიდმა ედიტ პიაფმა ითამაშა. უკვე 1955 წლიდან მართავდა ბეკო გასტროლებს მთელ მსოფლიოში. კონცერტების რიცხვი წელიწადში ორასორმოცდაათს აღწევდა.

სამოციან წლებში ჟილბერ ბეკო თბილისს ესტუმრა. მისი კონცერტი ”გოფილექტის ბაღის” საზაფხულო თეატრის შენობაში გაიმართა. ერთ-ერთი სიმღერის დროს (ეს იყო ”მექანიკური ფორთოხალი”) ტემპერამენტიანი მომღერალი როიალის ქვეშ შეძვრა. ემოციურმა დაძაბულობამ მსმენელი, მათ შორის თქვენი მონა-მორჩილიც, კინაღამ შოკში ჩააგდო.

მნიშვნელოვან თარიღად ბეკოს შემოქმედებაში ითვლება 1974 წლის 14 იანვარი, როდესაც ის საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერი გახდა. თავისი ჰიტი ”ნატალი” მომღერალმა უკანასკნელად ოთხმოცდაათიან წლებში მოსკოვში, კაფე ”პუშკინის” გახსნის ცერემონიაზე, იმღერა. მაშინ ერთ-ერთ თავის მეგობარს უთხრა: ”ცხოვრებაში სრულიად დაუჯერებელი რამ ხდება: მე ვიწინასწარმეტყველე ჩასვლა მოსკოვში. სინამდვილეში არსებობდა თუ არა ნატალი, ამას არ გეტყვი. დაწერილი მაქვს სიმღერა ”ნატალის ქალიშვილი”: ქერათმიანი გოგო ჩამოდის საფრანგეთში ფრანგი მამის გასაცნობადო”.

ასახავდა თუ არა ბეკოს ახალი სიმღერის სიუჟეტი სინამდვილეს, სამწუხაროდ, ვერასდროს შევიტყობთ...
XS
SM
MD
LG