Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თანამედროვე ტენორ-საქსოფონის მამა კოულმენ ჰოკინსი


კოულმენ ჰოკინსი
კოულმენ ჰოკინსი

თავის დროზე ჯაზის ისტორიკოსი იოჰიმ ბერენდტი წერდა: ”რასაკვირველია, კოულმენ ჰოკინსამდეც უკრავდნენ ტენორ-საქსოფონზე, მაგრამ სწორედ მან აქცია ტენორი ჯაზის აღიარებულ ჩასაბერ საკრავად.” ჯაზური საქსოფონის პატრიარქ კოულმენ ჰოკინსის - ანუ, როგორც მას უწოდებდნენ, ”ჰოკის” (ქართულად ”ქორის”) - დაბადების ოფიციალურ თარიღად 1904 წლის 21 ნოემბერი ითვლება. მისი კოლეგა-ჯაზმენები ამტკიცებდნენ, რომ მუსიკოსი სამი წლით ადრე დაიბადა და, დიზი გილესპის (”საჩმოს”) მსგავსად, მალავდა თავის ნამდვილ ასაკს. სამაგიეროდ, ზუსტად ცნობილია მუსიკოსის დაბადების ადგილი - ამერიკის შტატის, მისურის, ქალაქი სენ-ჯოზეფი. 1918 წელს ჰოკინსი საცხოვრებლად ჯერ ჩიკაგოში, შემდეგ კი კანზასის ქალაქ ტოპიკში გადავიდა, სადაც ”უოშბურნის” კოლეჯში კომპოზიციასა და მუსიკის თეორიას ეუფლებოდა. გარკვეული დროის მანძილზე ის კანზას-სიტის თეატრში გამოსვლებით ირჩენდა თავს, შემდეგ კი ჩაირიცხა ანსამბლში, რომელიც აკომპანემენტს უწევდა ბლუზის მომღერალ მემი სმიტს.

1921 წლიდან დაიწყო ჰოკინსის ნიუ-იორკული პერიოდი. სწორედ ”დიდი ვაშლის” ქალაქში, ფლეჩერ ჰენდერსონის ორკესტრში ათწლიანი მუშაობის დროს ჩამოყალიბდა ”ჰოკის” შემოქმედებითი სტილი. მასზე ახალგაზრდა ლესტერ იანგისგან განსხვავებით, რომელიც ყოველთვის ლირიკული ჟღერადობისკენ ისწრაფოდა, ”ჰოკი” ბევრად ექსპრესიულ მიმდინარეობას მისდევდა. აქვე უნდა ითქვას, რომ გასული საუკუნის ოციან და ოცდაათიან წლებში ჰოკინსი ლუი არმსტრონგზე უფრო პოპულარული იყო. 1934 წელს ის, ჯეკ ჰილტონის ლონდონური ორკესტრის შემადგენლობაში, საგასტროლოდ ევროპაში გაემგზავრა. ხუთი წლის განმავლობაში ჰოკი ჯერ ორკესტრის შემადგენლობაში, შემდეგ კი ჯანგო რეინგარდსა და ბენი კარტერთან ერთად უკრავდა კონტინენტზე. შტატებში დაბრუნებისას კლუბ ”კელის თავლა”-ში მან გრამფირფიტაზე ჩაწერა ჰიტი ”Body and Soul”. ამერიკული მუსიკის ისტორიკოსმა თედ ჯაიოამ ამ ჩანაწერს დაარქვა ”საქსოფონის ყველაზე გამოჩენილი სოლო ჯაზის ისტორიაში”. ”მძიმე ტონი, ბაროკული არპეჯიოები, მკაცრი ლოგიკა”- ასე დაახასიათა ჰოკის შესრულება კრიტიკოსმა.

კოულმენ ჰოკინსი ტენორ-საქსოფონისტთა თანამედროვე თაობის ფუძემდებელი იყო. საკმარისია თუნდაც ჩუ ბერის, არნეთ კობის, ჰერშელ ევანსის, ბენ ვებსტერის, ელ სირსის, ილინოია ჯეკეტის, ბადი ტეიტის, ფილიპ ფილიპსის, ჩარლი ვენტურას, ბენი გოლსონის გვარები დავასახელოთ. იშვიათ გამონაკლისს მხოლოდ ლესტერ იანგი წარმოადგენდა. ჰერშელ ევანსმა ერთხელ ჰკითხა იანგს: ”მითხარი, ჭაბუკო, რატომ არ უკრავ ალტზე - შენი ტენორი ხომ ალტივით ჟღერს?” ლესტერის პასუხი საკმაოდ თავისებური აღმოჩნდა: ”ხომ არ შეიძლება, ყველა ერთნაირად უკრავდესო!” ცხადია, იგულისხმებოდა, რომ ტენორისტები ჰოკინსს ბაძავდნენ.

1940 წელს ”ჰოკმა” საკუთარი ბიგ ბენდი დააარსა, თუმცა ორკესტრი ერთ წელიწადში წარუმატებლობის გამო დაიშალა. შემდგომში კოულმენი მხოლოდ მცირე შემადგენლობებში უკრავდა ან მოწვეული მუსიკოსის სტატუსით სარგებლობდა. იმავე ორმოცდაათიან წლებში ჰოკინსი თანამშრომლობდა თავის მეგობარ მესაყვირე როი ელდრიჯთან, ხოლო მოგვიანებით ბიბოპის ახალგაზრდა ვარსკლავებთან - ჯონ კოლტრეინთან, თელონიუს მონკთან, ერიკ დოლფისთან, მაქს როუჩსა და სონი როლინსთან - არჩია გამოსვლა. სამოციან წლებში გამოჩენილი ტენორ-საქსოფონისტის სახელი უკვე დიუკ ელინგტონისა და ბობ გრენცის ”ფილარმონიული ჯაზის” ორკესტრებს უკავშირდებოდა.

ჰოკინსის სიცოცხლის ბოლო წლებში ჯაზის სამყაროს ინტერესი მის მიმართ საგრძნობლად შემცირდა. მუსიკოსისგან უკვე აღარ ელოდნენ ახალ საინტერესო მუსიკალურ იდეებს.

ნაწილობრივ, ამის მიზეზი ”ჰოკის” ლოთობა და მის მიერ ხმის ჩამწერი სტუდიების იგნორირება იყო. კოულმენის უკანასკნელი - სიცოცხლის დროინდელი - ალბომი "Sirius" 1966 წელს გამოვიდა. მიუხედავად ყველაფრისა, ჯაზის ისტორიაში ”ჰოკი” დარჩა როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ტენორ - საქსოფონისტი, რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა ყველა შემსრულებელზე, ვინც თავი გამოიჩინა ამ ინსტრუმენტზე დაკვრით.
XS
SM
MD
LG