Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიცია ადგილობრივი წარმოების მფარველობას ითხოვს


საქართველოს პარლამენტის ოპოზიციური ფრაქციის, „ქრისტიან-დემოკრატების“, წევრები მთავრობას იმ გადაწყვეტილების ორი წლით გადავადებას სთხოვენ, რომელიც იმპორტირებული და ადგილობრივი თამბაქოს პროდუქციის სააქციზო გადასახადის გათანაბრებას ითვალისწინებს. „ქრისტიან-დემოკრატები“ მიიჩნევენ, რომ ადგილობრივ წარმოებას ასევე დააზარალებს იმპორტზე 5%-იანი საბაჟო განაკვეთის მოსალოდნელი გაუქმებაც.

„ქრისტიან-დემოკრატებმა“ ფრაქციის გაფართოებულ სხდომაზე თამბაქოს მწარმოებელი ადგილობრივი კომპანიების წარმომადგენლები და ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი მიიწვიეს. დეპუტატებმა მთავრობის წევრისგან თამბაქოს აქციზის გათანაბრების ორი წლით გადავადება მოითხოვეს, თუმცა პასუხად მოისმინეს განმარტება, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებისას საქართველომ 2010 წლამდე იმპორტირებული და ადგილობრივი წარმოების სიგარეტზე ერთნაირი საგადასახადო რეჟიმის დაწესების პირობა დადო.

„ესაა წლების წინ მიღებული გადაწყვეტილება და მისი არმიღება დაგვაზიანებს უაღრესად“, - განაცხადა კახა ბაინდურაშვილმა, რომლის თქმითაც, ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, საქართველოს, შესაძლოა, ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაცია დაატოვებინონ; ამასთან, ურთიერთობა გაუარესდება ევროკავშირთან, რომელთანაც ოფიციალური თბილისი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს. არადა, მოსალოდნელ საფრთხეზე ლაპარაკობენ თამბაქოს ადგილობრივი მწარმოებლებიც. მათ შორისაა „საქართველოს თამბაქოს წარმოების“ დირექტორი ზურაბ ბერუაშვილი:

„აქციზის განაკვეთის ზრდა ავტომატურად გამოიწვევს ადგილობრივი პროდუქციის ფასის ზრდას. ეს ასევე გამოიწვევს კონტრაბანდული პროდუქტის შემოდინებას. ჩვენ ვერ გავუწევთ კონკურენციას, გამორიცხულია. ეს გამოიწვევს ადგილობრივი ინდუსტრიის გაჩერებას და უამრავი სამუშაო ადგილის დაკარგვას.“

ზურაბ ბერუაშვილმა და სხვა მეწარმეებმა ოპოზიციონერი დეპუტატები დაარწმუნეს, რომ აქციზის გათანაბრების გადავადებითა და მთავრობის ძალისხმევით თამბაქოს ადგილობრივ წარმოებას გადარჩენის შანსი მიეცემა. „ქრისტიან-დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ვეფხვაძის, თქმით, პარალელურად მთავრობა მეწარმეებს ახალი ბაზრების ათვისებაშიც უნდა დაეხმაროს:

„მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ ჩვენი თამბაქო ექსპორტზე გავიდეს. ამასთან დაკავშირებით მომავალ კვირაში შეხვედრა იგეგმება. ფინანსთა მინისტრი დაჰპირდა თამბაქოს მწარმოებლებს, რომ კონკრეტულ ვარიანტებზე იმსჯელებენ. საკითხის გადაწყვეტაში უნდა ჩაერთოს საგარეო საქმეთა სამინისტროც, რადგანაც საუბარია ევროკავშირთან მოლაპარაკებაზე, საუბარია მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციასთან მოლაპარაკებაზე... მოსაფიქრებელია სქემა, რათა ჩვენ ავცდეთ ამ კატასტროფას და ავცდეთ ადამიანების ქუჩაში გაყრას.“

ლევან ვეფხვაძის თქმით, ქართველ მეწარმეებს ასევე მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს იმპორტზე 5%-იანი საბაჟო განაკვეთის მოსალოდნელი გაუქმებაც. დეპუტატის თქმით, ცვლილება გამოიწვევს იმპორტის გაიაფებას კვების მთელ რიგ პროდუქტებზე, რაც, მისივე განმარტებით, ადგილობრივი წარმოებისთვის, შესაძლოა, დამღუპველი აღმოჩნდეს.

„შემოტანილი საქონელი იაფდება 5 პროცენტით. შესაბამისად, ადგილობრვი ნაწარმი, რომელსაც, შესაძლოა, მოგების მარჟა 5 პროცენტზე მეტი არ ჰქონდეს, ელემენტარულად კონკურენციას ვერ გაუწევს შემოსულ საქონელს: ბოსტნეულს, კვერცხს, ფრინველის ხორცს...“

არადა, ქათმის ხორცისა და კვერცხის მწარმოებელი ადგილობრივი კომპანიები ამტკიცებენ, რომ ისედაც მძიმე პირობებში უწევთ ბიზნესის წარმოება. მეფრინველეთა ასოციაციის წარმომადგენელი მარი ნოზაძე ამბობს, რომ არაერთი მიზეზის გამო ფრინველის ადგილობრივი ნაწარმი ისედაც ძვირია იმპორტირებულზე.

მეწარმეებისგან განსხვავებით, იმპორტზე 5%-იანი საბაჟო განაკვეთის მოსალოდნელ გაუქმებაში ცუდს ვერაფერს ხედავს ეკონომიკის ექსპერტთა ერთი ნაწილი. გია ჯანდიერი, „ახალი ეკონომიკური სკოლის“ ვიცე-პრეზიდენტი, ამბობს, რომ, ცვლილების შედეგად, გაიაფდება პროდუქტი, რითაც უთუოდ იხეირებს ადგილობრივი მომხმარებელი, თუმცა, მისივე თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამით ადგილობრივი წარმოება კონკურენტუნარიანობას დაკარგავს:

„ჩვენ ვისაც კონკურენციას ვუწევთ, იმათ უფრო მაღალი ხელფასები და გადასახადები აქვთ, ასე რომ, მათ მეტი ტვირთის ტარება უწევთ. ეს 5 პროცენტი ქართველი მეწარმეებისთვის არის შეღავათი, რომ ცუდად იმუშაონ. ამ ხუთი პროცენტის ამოსაქაჩად ერთადერთი რამ უნდა გააკეთონ: მენეჯმენტი გააუმჯობესონ!“

თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას იმპორტზე 5 პროცენტიანი საბაჟო განაკვეთის გაუქმებასთან დაკავშირებით დეპუტატები მიიღებენ. მთავრობამ საბაჟო კოდექსში სათანადო ცვლილების შეტანის მოთხოვნით პარლამენტს უნდა მიმართოს. „ქრისტიან-დემოკრატები“ იმედოვნებენ, რომ მთავრობასთან ოპონირებისას მარტონი არ დარჩებიან.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG