Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთმა და სომხეთმა შეთანხმება გააფორმეს


თურქეთმა და სომხეთმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას ურთიერთობების ნორმალიზებისა და საზღვრების გახსნის შესახებ, თითქმის ერთსაუკუნოვანი უთანხმოების შემდეგ. ოფიციალური პირების ინფორმაციით, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედვარდ ნალბანდიანმა და მისმა თურქმა კოლეგამ, აჰმეტ დავითოღლუმ პროტოკოლები შვეიცარიაში, ციურიხის უნივერსიტეტში გააფორმეს. სხვებთან ერთად, ისტორიულ ცერემონიას ესწრებოდნენ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი, ევროპის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორი ხავიერ სოლანა, და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბერნარ კუშნერი. დღეს უფრო ადრე დოკუმენტის ხელმოწერა ცოტა ხნით გადაიდო, ცერემონიაზე წარმოსათქმელი სიტყვების ირგვლივ წამოჭრილი უთანხმოების გამო - მაგრამ საკითხის გადაჭრა დიპლომატიის მეშვეობით მოხერხდა. დოკუმენტის რატიფიკაცია ახლა ორივე ქვეყნის პარლამენტებმა უნდა მოახდინონ. სომეხი და თურქი ნაციონალისტები შეთანხმების წინააღმდეგ გამოდიან. თურქეთსა და სომხეთს შორის ისტორიული დაძაბულობის მიზეზია პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიაში ერთ მილიონზე მეტი სომხის დახოცვა. სომხეთი ამას გენოციდს უწოდებს - ანკარა ბრალდებას უარყოფს. დღეს გაფორმებული დოკუმენტებიდან ერთ-ერთი ითვალისწინებს პირველი მსოფლიო ომის პერიოდის მოვლენების საგამოძიებო კომისიის შექმნას.
XS
SM
MD
LG