Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ნიშნავს თბილისისთვის განცხადება: ”ნატოს კარი ღიაა საქართველოსთვის”?


ნატოსა და საქართველოს დროშები
ნატოსა და საქართველოს დროშები
ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი ნატოს გენერალურ მდივანს ანდრეს ფოგ რასმუსენს შეხვდა და ამ შეხვედრაზე გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ გაიმეორა არაერთხელ ნათქვამი, რომ ნატოს კარი საქართველოსა და უკრაინისთვის ღია რჩება - ისე, როგორც ამას ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება ამბობს.
”ნატოს კარი ღიაა უკრაინისა და საქართველოსთვის და ეს ქვეყნები გახდებიან ნატოს წევრები”-ეს ფრაზა, ბევრის აზრით, ნატოს ბუქარესტის სამიტის დეკლარაციაში საქართველოსა და უკრაინისთვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭებაზე უარის საკომპენსაციოდ ჩაიწერა. ეს მოხდა 2008 წლის აპრილში და მაშინ ერთგვარი საკომპენსაციო ფრაზა დეკლარაციისა ვერ გახდა იმის საფუძველი, რომ ნატოს სამიტის გადაწყვეტილება რუსეთში ნატოში რუსეთის ირიბ ვეტოდ არ აღექვათ.

ნატოს ბუქარესტის სამიტის შემდეგ რუსეთმა დაიწყო თანმიმდევრული და ძალიან აქტიური ნაბიჯების გადადგმა საქართველოს წინააღმდეგ: თქვა ცალმხრივი უარი საქართველოს სეპარატისტული რეგიონების მიმართ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მიერ დაწესებულ სანქციებზე და დაიწყო პირდაპირი ორმხრივი კავშირების დამყარება სეპარატისტულ რეჟიმებთან. რუსეთის ეს ნაბიჯები მაშინ აშკარად იმის მაუწყებელი იყო, რომ საქართველოსა და უკრაინის საკითხში დასავლეთის ერთგვარ დათმობას რუსეთი უახლოეს სამეზობლოში აგრესიული მოქმედებისთვის წამახალისებელ ფაქტორად იღებდა. მოგვიანებით იყო რუსეთ-საქართველოს ომი და საქართველოს სიღრმეში რუსეთის შემოღწევამ უფრო მეტად ბუნდოვანი გახადა საქართველოსთვის ბუქარესტში დატოვებული ”ღია კარის” აზრი. ომმა და მისმა შედეგებმა ნატოსკენ სვლაში საქართველო თავისთავად უკან დახია, მაგრამ ამოცანა ამოცანად დარჩა. ომის შემდეგ ნატოს ყოფილი გენერალური მდივანი იმეორებდა, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის ნატოს კარი ღია დარჩა. ამ სიტყვებს ახლა უკვე ახალი გენერალური მდივანი ანდრეს ფოგ რასმუსენი ამბობს, მაგრამ პოლიტოლოგ გია ნოდიას სიტყვებით:

”კარი ღია შეიძლება დიდხანს იყოს. მთავარია პოლიტიკური ნება, რომ ეს იქცეს აქტუალურ პროექტად. აქტუალური პროექტი ეს არ არის, გადადებული პროექტია და მისი აქტუალიზაცია მოხდება თუ არა, ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული - პირველ რიგში, ნატოს, დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დინამიკაზე.”

ნატოს გენერალურმა მდივანმა ნიუ-იორკში საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა: ” მე დავადასტურე, რომ 2008 წელს ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილება ძალაში რჩება და ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებიან ნატოს წევრები, თუკი აუცილებელ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ. იმედი მაქვს, რომ ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე ჩემი ყოფნის პერიოდში საქართველოსა და ნატოს შორის ურთიერთობა სტაბილურად განვითარდება, თუმცა ალიანსში საქართველოს გაწევრიანების კონკრეტული მექანიზმების განხილვა ჯერ ადრეა. საქართველო ყოველწლიურად წარმოადგენს პროგრამას, რომელშიც დაწვრილებით არის აღწერილი სამხედრო და სხვა სფეროებში რეფორმები. ეს ყველაფერი მომავალი წევრობის გზაზე აუცილებელი ნაბიჯებია.”
რას გვეუბნება ეს დაპირება და, იმავდროულად, მითითება? გია ნოდიას თვალსაზრისით, შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია ცდილობს რუსეთთან თანამშრომლობის აწყობას, ცდილობს რაღაცნაირად მის მოთვინიერებას, საამისოდ გადადგმული ნაბიჯები კი იწვევს მითქმა-მოთქმას: მეტისმეტად ბევრს ხომ არ უთმობს დასავლეთი რუსეთს? ასეთ სიტუაციაში ნატოს გენერალური მდივნის მხრიდან ხაზგასმა იმისა, რომ ნატოს კარი უწინდებურად ღიაა საქართველოსა და უკრაინისთვის, - ისევე, როგორც ღია იყო აგვისტოს ომამდე, -სწორედ კომპენსაციაა. ამით დასავლეთი ამბობს, რომ საქართველოზე ძალადობით რუსეთმა ვერ ჩახერგა საქართველოს გზა ნატოსკენ და, რუსეთის პროტესტის მიუხედავად, საქართველო არის ნატოს პრიორიტეტი. იმისათვის, რომ გახდეს უფრო მეტი, საქართველოს სთხოვენ რეფორმებს ბევრი მიმართულებით, მაგრამ, გია ნოდიას აზრით, ნატოში გასაწევრიანებლად არ იქნება საკმარისი მარტო საქართველოსთვის დასახული ამოცანების შესრულება:
”თუ არანაირ ასეთ ნაბიჯებს არ გადავდგამთ და რეფორებს არ გავატარებთ, იქნება საფრთხე, ჩვენზე ხელი ჩაიქნიონ; თუ გადავდგამთ ამ ნაბიჯებს, ჩვენ არ ჩამოგვწერენ და ეს საკითხი იდგება ზოგადად, გრძელვადიან პერსპექტივაში, მაგრამ აქტუალიზაციისთვის ეს საკმარისი არ არის. ”
გია ნოდია ფიქრობს, რომ აქტუალიზაციისთვის გადამწყვეტი იქნება საკითხის მიმართ დასავლეთის დამოკიდებულების ჩამოყალიბება და აგრეთვე ის, თუ როგორ განვითარდება ურთიერთობა დასავლეთსა და რუსეთს შორის.

”ნატო რუსეთს არ უპირისპირდება, მაგრამ რუსეთმა პატივი უნდა სცეს თავის მეზობლებს, პირველ რიგში, საქართველოს” - ესეც ანდრე ფოგ რასმუსენის სიტყვებია, ოღონდ ეს სიტყვები ნატოს გენერალურმა მდივანმა გენერალურ მდივნობამდე წარმოთქვა. შეხედულება არ შეცვლილა. საქართველოს უსაფრთხოების ერთადერთი გარანტია ამ ეტაპზე არის დასავლეთის მხრიდან რუსეთისთვის თქმა იმის, - და თქმა მუდმივად, - რომ საქართველო რჩება დასავლეთის დიდი ინტერესის ობიექტი და რუსეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ მის პირისპირ საქართველო მარტო არ არის. გია ნოდიას ვკითხეთ, სხვა უფრო ხელშესახები გარანტიების უქონლობის პირობებში საქართველოს უმთავრეს საფრთხეს რამდენად ზრდის რუსეთის ამჟამინდელი ერთგვარი წარმატების ეიფორია იმის გამო, რომ შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა ევროპაში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განთავსებაზე. ”მყისიერ საფრთხეს ვერ ვხედავ, ვერ ვხედავ ნიშნებს, რომ ამ ეტაპზე საფრთხე გაიზარდა. მორიგ ღია აგრესიაზე მეტად რუსეთის ინტერესში უნდა იყოს, ეკიდოს დამოკლეს მახვილივით საქართველოს თავზე და ქმნიდეს მუდმივ შიშს, მუდმივ დაძაბულობას როგორც საქართველოში, ისე დასავლეთში”, -ასეთი იყო პასუხი.
XS
SM
MD
LG