Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჰმედ დავუთოღლუ: "თურქეთისთვის მნიშვნელოვანია საქართველოში მშვიდობა და სტაბილურობა"


აჰმედ დავუთოღლუ
აჰმედ დავუთოღლუ
7 სექტემბერს თბილისში თავისი პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩამოვიდა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია, მინისტრ აჰმედ დავუთოღლუს მეთაურობით. საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად საქართველოს მინისტრის მოადგილე უნალ ჩევიქოზი და თურქეთის საგარეო უწყების სხვა მაღალჩინოსნებიც ესტუმრნენ. ვიზიტი კარგა ხნით ადრე დაიგეგმა, ანუ გეგმიური იყო. თბილისში გამართული შეხვედრებისას საქართველოსა და თურქეთის წარმომადგენლებმა ორმხრივი ურთიერთობის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. მათ შორის, მსჯელობა შეეხო აგვისტოს შუა რიცხვებში საქართველოს (აფხაზეთის) წყლებში პანამის დროშის ქვეშ მცურავი იმ გემის დაკავების ფაქტს, რომლის კაპიტანსაც, თურქეთის მოქალაქე ჯოზუკ ოზთურქს, ქართულმა სასამართლომ 24 წლით პატიმრობა შეუფარდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესების დარღვევისთვის. დასავლური სააგენტოები ავრცელებდნენ ინფორმაციას, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თბილისში აგვისტოში დაკავებული გემის კაპიტნის გათავისუფლებას მოითხოვდა.

ვიზიტის პირველ დღეს იყო შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან, მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერიასთან, ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და პრემიერ-მინისტრთან. აჰმედ დავუთოღლუ საქართველოს დედაქალაქში ფართო დელეგაციით ჩამოვიდა. შესაბამისად, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საქართველოსა და თურქეთის დელეგაციების შეხვედრაც, გაფართოებული შემადგენლობით. ვიზიტი თავისთავად მნიშვნელოვანი იყო. თურქეთი საქართველოს დიდი მეზობელი და, იმავდროულად, მთავარი სავაჭრო პარტნიორია. ასე მოხდა. ბოლო წლების განმავლობაში სავაჭრო ბრუნვა მეზობლებს შორის 4-ჯერ გაიზარდა. საქართველოსა და თურქეთს შორის ჩამოყალიბებული ურთიერთთანამშრომლობის მახასიათებლებია: ერთობლივი აეროპორტი ბათუმში, შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, და შეთანხმება უვიზო მიმოსვლაზე. ცალკე საკითხია თანამშრომლობა უმნიშვნელოვანეს ენერგოპროექტებში. მაგრამ ყურადღებას გავამახვილებთ თურქეთის რეგიონალურ ინტერესზე - შეიტანოს თავისი წვლილი ამიერკავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში. შეგახსენებთ, შარშან, საქართველოსთვის ურთულეს პერიოდში, თურქეთის პრემიერ-მინისტრი თბილისში მოსკოვში გამართული შეხვედრების შემდეგ ჩამოვიდა და კავკასიაში უსაფრთხოების უზრუნველყოფის თურქეთისეული ინიციატივა ჩამოიტანა. ” საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უნად შენარჩუნდესო”, - თქვა მაშინ თურქეთის პრემიერმა. უკვე თბილისში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის აჰმედ დავუთოღლუს ვიზიტისას ითქვა, რომ თურქეთი, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და ქვეყანა, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია საქართველოში მშვიდობა და სტაბილურობა, იაქტიურებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კონფლიქტების მოწესრიგების მიმართულებით. ითქვა ისიც, რომ ახლო მომავალში სოხუმს ეწვევა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია. რას მოიტანს ეს დასაწყისი, ძნელი სათქმელია.

ფაქტი ისაა, რომ თურქეთი მკაფიოდ გამოხატავს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას და ცდილობს გამოკვეთოს თავისი აქტიური როლი ამიერკავკასიის კონფლიქტების მოგვარებაში. მაგრამ საქართველოში ვიზიტის ფარგლებში თბილისში გამართული შეხვედრები სოხუმში სტუმრობის დაგეგმვითა და საქართველოს ხელისუფლებასთან ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობის საკითხების განხილვით არ ამოწურულა. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თბილისში სტუმრობა, როგორც უკვე ვთქვით, წინასწარ იყო დაგეგმილი, მაგრამ ის დაემთხვა საქართველოს (აფხაზეთის) წყლებში თურქეთის პორტიდან გამოსული პანამის დროშის ქვეშ მოძრავი გემის დაკავების ფაქტის გარშემო ატეხილ სკანდალს. გავრცელდა ცნობა, რომ აჰმედ დავუთოღლუ თბილისში დაკავებული ტანკერის თურქი კაპიტნის გათავისუფლებას მოითხოვდა. მსჯელობა ამ თემაზეც შედგა - ჯერ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, შემდეგ პრეზიდენტ სააკაშვილთან. ინფორმირებული წყაროს თანახმად, თურქეთის მხარეს განემარტა საქმის დეტალები - ის, თუ კონკრეტულად რა დარღვევებისთვის იქნა დაკავებული ტანკერი, რომელსაც სოხუმის დახურული პორტისკენ დიდი რაოდენობით კონტრაბანდული საწვავი გადაჰქონდა. განემარტა ისიც, რომ გემის კაპიტანს, რომელიც თურქეთის მოქალაქეა, ქართულმა სასამართლომ 24 წლით პატიმრობა მას შემდეგ მიუსაჯა, რაც მან უარი თქვა ბრალის აღიარებაზე და არ წავიდა გამოძიებასთან თანამშრომლობაზე იმისათვის, რომ მომხდარიყო საპროცესო გარიგება და, ჯარიმის გადახდის შემდეგ, გათავისუფლებულიყო.

ასეთი პრაქტიკით ხელმძღვანელობდა საქართველოს მხარე ანალოგიური შემთხვევებისას. რადიო თავისუფლებას 8 სექტემბერს ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა, რომ 16 აგვისტოს დაკავებული ტანკერის, ”ბუკეტის”, კაპიტანი დათანხმდა ბრალის აღიარებაზე, რითაც, ჯარიმის გადახდის პირობებში, მისი გათავისუფლების საკითხი პრაქტიკულად გადაწყვეტილია. ინფორმირებულმა წყარომ დაგვიდასტურა ისიც, რომ საქართველოსა და თურქეთს შორის მიღწეულია შეთანხმება იმუშაონ მუშაჯგუფებმა მსგავსი ინციდენტების პრევენციისთვის, იქიდან გამომდინარე, რომ თურქული გემები ხშირად ქმნიან პრობლემებს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში უკანონო შემოსვლით.
XS
SM
MD
LG