Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთმა შესაძლოა საქართველოს დაკავებული გემის კაპიტნის გათავისუფლება მოსთხოვოს


ფოთის პორტი
ფოთის პორტი
საქართველოს დახურულ ტერიტორიულ წყლებში თვითნებური შესვლის გამო ტანკერის დაკავებასთან ატეხილ დავაში შესაძლოა თუ არა თურქეთის ჩართვა, ამის დაზუსტებით თქმა რთულია, თუმცა ახლო მომავალში თბილისში დაგეგმილი ვიზიტით ჩამოდის თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმედ დავითოღლუ და, რეიტერის ცნობით, არაა გამორიცხული, თბილისში მან საქართველოს სანაპირო დაცვის მიერ დაკავებული ტანკერის კაპიტნის გათავისუფლება მოითხოვოს. საქართველოს სანაპირო დაცვამ თურქეთის პორტიდან სოხუმის მიმართულებით მოძრავი ტანკერი, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთისა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესების დარღვევის ბრალდებით, აგვისტოს შუა რიცხვებში დააკავა . მის კაპიტანს, თურქეთის მოქალაქე ჯოშკუნ ოზთურქს, საქართველოს სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა. ანკარაში აცხადებენ, რომ ტანკერის დაკავებისას საქართველოს მხარემ საერთაშორისო საზღვაო სამართალი დაარღვია.

იმის ნათელსაყოფად, რომ ანკარა თბილისს თურქული ტანკერის დაკავებისას საერთაშორისო საზღვაო სამართლის დარღვევაში ედავება, სააგენტო რეიტერი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ბარუქ ოზუგერგინის, ნათქვამს იმოწმებს. მისი განცხადებით, საქართველომ საერთაშორისო საზღვაო სამართალი დაარღვია, რადგან ტანკერი, სახელწოდებით ”ბუკეტი”, საერთაშორისო წყლებში დააკავა.

პანამის დროშით მცურავი ტანკერი 15 აგვისტოს იქნა დაკავებული. ის, როგორც უკვე ვთქვით, თურქეთის პორტიდან სოხუმის მიმართულებით მოძრაობდა და საქართველოს ოკუპირებულ, დახურულ ზონაში საწვავი შეჰქონდა. ტანკერიდან, სახელწოდებით ”ბუკეტი”, 2000 ტონა ბენზინი და ასევე დიდი რაოდენობით დიზელის საწვავი იქნა ამოღებული. საქართველოს სასამართლომ ამ ქონების კონფისკაცია მოახდინა, გემის კაპიტანი კი კონტრაბანდულ საქმიანობასა და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევაში ცნო დამნაშავედ, იქიდან გამომდინარე, რომ კანონი კრძალავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ეკონომიკურ საქმიანობას თბილისის თანხმობის გარეშე.

საქართველოს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის სადარაჯო ხომალდებმა თურქული ტანკერი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მრავალჯერ უკანონოდ გადაკვეთისა და ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესების დარღვევის ფაქტზე დააკავეს. გემის კაპიტანს სასამართლომ 24 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. საყურადღებოა, რომ ”ბუკეტის” დაკავების შემდეგ, 24 აგვისტოს, ქართველი მესაზღვრეების მიერ დაკავებული იქნა აზერბაიჯანის მოქალაქე ილგარ იმავერდიევი, ტანკერ ”ბუკეტის” ყოფილი კაპიტანი. საქართველოს მხარის ინფორმაციით, ”ბუკეტი” წარსულშიც მრავალჯერ შესულა აფხაზეთის დახურულ პორტებში, ილგარ იმავერდიევის კაპიტნობით.

მიმდინარე წელს საქართველოს სანაპირო დაცვამ აფხაზეთის დახურული პორტებისკენ მოძრაობისთვის 20-ზე მეტი გემი დააკავა. ამა წლის ივლისში დაკავებული იქნა თურქული ტანკერები ”კარაგალი”და ”დუნსა დუმენტი” სწორედ სოხუმის მიმართულებით მოძრაობისთვის. 2009 წლის მარტში საქართველოს ტერიტორიულ წყლებში თევზის უკანონო ჭერისა და ზღვაოსნობის წესების დარღვევისთვის საქართველოს სანაპირო დაცვას თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი 4 გემის დაკავება მოუხდა.

ტანკერ ”ბუკეტის” დაკავება ბოლო ფაქტია. საწვავით დატვირთული ტანკერის დახურულ პორტში ჩაუსვლელობამ სოხუმში საწვავის მწვავე დეფიციტი შექმნა. სეპარატისტულმა ხელისუფლებამ ტანკერის დაკავებას მეკობრეობა უწოდა, რუსეთის საზღვრის დაცვის სამსახურის მაღალჩინოსანმა კი პირობა დადო, რომ საქართველოს (აფხაზეთის) წყლებში მოძრავ გემებს საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდებისგან რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის კატარღები დაიცავს. პასუხად, საქართველოს მხარემ განაცხადა, რომ მოითხოვს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში რუსეთის თვითნებობასთან დაკავშირებით საერთაშორისო მექანიზმების ამუშავებას. ამის შემდეგ აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების მეთაურმა გასცა საქართველოს ( აფხაზეთის) წყლებში ქართული გემების განადგურების ბრძანება, თუკი ისინი იქ გამოჩნდებიან, და ხაზი გაუსვა, რომ გემების განადგურებას აფხაზეთის საზღვაო-სამხედრო ფლოტი მოახდენს და არა რუსეთისა. თბილისში განმარტეს, რომ სეპარატისტულ ხელისუფლებას საზღვაო-სამხედრო ფლოტი არ გააჩნია და პროვოკაციულ ქმედებებზე პასუხისმგებელი, თუკი პროვოკაცია მოხდა, რუსეთი იქნება. მთელი ამ სკანდალის მიზეზი, ვიმეორებთ, თურქული ტანკერის დაკავება გახდა.

”მინისიტრი საქართველოში იქნება 7 აგვისტოს, ორშაბათს”, - გვითხრეს თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ანკარას ჩვენ იმის გასარკვევად დავუკავშირდით, აპირებს თუ არა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აჰმედ დავითოღლუ თბილისში თურქული ტანკერის დაკავების ფაქტის განხილვას. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ვიზიტისას განსახილველ საკითხებზე არაფერი გვითხრეს. ვრცელდება ცნობები, რომ თურქმა მინისტრმა თბილისში შესაძლოა აფხაზეთის დახურული პორტისკენ მოძრაობისთვის დაკავებული ტანკერის კაპიტნის საკითხი დააყენოს. თუმცა, ვნახოთ. თურქული გემები საკმაოდ ხშირად არღვევენ საქართველოს კანონს საქართველოს ოკუპირებული, დახურული რეგიონისკენ მოძრაობით. საქართველოსა და საერთაშორისო სამართლის კანონებით კი, საქართველოს აქვს უფლება რეაგირება მოახდინოს საკუთარ ტერიტორიულ წყლებში უცხო ქვეყნის გემების თვითნებურ მოძრაობაზე.
XS
SM
MD
LG