Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შერიგებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი


თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზების მოწინააღმდეგეთა დემონსტრაცია ერევანში
თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზების მოწინააღმდეგეთა დემონსტრაცია ერევანში
თურქეთი და სომხეთი შეთანხმდნენ, რომ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე იმუშავებენ, რითაც ბოლო უნდა მოეღოს საუკუნოვან მწვავე დაპირისპირებას ამ ორ ქვეყანას შორის. განცხადება, რომელიც დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის სურვილს ასახავს, ორშაბათს საღამოს გაკეთდა თურქეთისა და სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების მიერ, შვეიცარიის შუამავლობით გამართული ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ.

მხარეები აცხადებენ აგრეთვე, რომ ორივე ქვეყანაში გაიმართება კონსულტაციები, ვიდრე ხელს მოაწერდნენ ოქმებს დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენისა და მრავალმხრივი ურთიერთობის განვითარების შესახებ.

ასე რომ, საუბარია შერიგებისაკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯზე ორ მეზობელს, თურქეთსა და სომხეთს შორის, რომელთაც არ აქვთ დიპლომატიური ურთიერთობა, რომელთა საერთო საზღვარი ჩაკეტილია, ხოლო მწვავე დაპირისპირების ისტორია თითქმის 100 წელს ითვლის. ის სათავეს იღებს სომხების ხოცვა-ჟლეტით 1915 წელს...

მაგრამ ერევანს ძალიან სურს, გაიხსნას თურქეთთან საზღვარი, რომელიც 1993 წელს ჩაიკეტა მთიან ყარაბაღზე სომხების მიერ კონტროლის დამყარების შემდეგ. მთიანი ყარაბაღი, როგორც ცნობილია, აზერბაიჯანში მდებარეობს, თურქეთსა და აზერაბიჯანს კი ტრადიციულად მჭიდრო კავშირი აქვთ. ამდენად, აზერბაიჯანის საკითხი ითვლება ერევანთან ანკარის დაახლოების ერთ-ერთ მთავარ დაბრკოლებად.

თურქეთში ბევრია ერევნის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი მთიანი ყარაბაღის საკითხის გამო. ამ სკეპტიკოსებს შორის თურქი პარლამენტარებიც არიან, რაც (ანუ, პარლამენტარების პოზიცია) ძალიან მნიშვენელოვანი ფაქტორია და აი, რატომ:
თურქეთმა და სომხეთმა, შვეიცარელ შუამავლებთან ერთად გაკეთებულ განცხადებაში, ორშაბათს საღამოს აღნიშნეს, რომ 6 კვირა გასტანს მოლაპარაკებები, ვიდრე ხელს მოაწერენ ოქმებს (ორ ოქმს) დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების და ორმხრივი ურთიერთობის განვითარების შესახებ. ორივე ქვეყნის პარლამენტებმა კი ამ ოქმების რატიფიცირება უნდა მოახდინონ.

შესაბამისად, დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებისაკენ მიმართული ძალისხმევა, გამორიცხული არ არის, რომ წარუმატებლად დასრულდეს.

თურქეთში გამომავალ ინგლისურენოვან გაზეთ “ჰურიეთ დეილი ნიუსის” აღმასრულებელმა რედაქტორმა, ბარჩინ ინანჩმა რადიო თავისუფალ ევროპა/რადიო თავისუფალებასთან ინტერვიუში გამოთქვა ვარაუდი, რომ თურქმა პარლამენტარებმა შესაძლოა, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საქმეში წინსვლის ხილვა მოისურვონ - სომხეთთან დაახლოების მხარდაჭერამდე.

“ამჟამად ძნელი წარმოსადგენია, რომ პარლამენტი ოქმებს მიემხრობა, თუ ვერ იხილავს არსებით წინსვლას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით”, ამბობს თურქი ჟურნალისტი. ის შეგვახსენებს, რომ თურქეთს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებასთან აქვს დაკავშირებული სომხეთსა და თურქეთს შორის საზღვრების გახსნის საკითხი. არადა, სომხეთთან ხელმოსაწერად მომზადებული ოქმების პროექტების შესაბამისად, როგორც კი ოქმები ძალაში შევა, საზღვრები ორ თვეში გაიხსნება. “პარლამენტარების სურვილია ნახონ, არის თუ არა რაიმე პროგრესი მთიანი ყარაბაღის გარშემო, ვიდრე მხარს დაუჭერენ ოქმებს”, იმეორებს ჟურნალისტი ბარჩინ ინანჩი.

ერევანში დაფუძნებული “სომხეთის ეროვნულ და საერთაშორისო კვლევათა ცენტრის” დირექტორი რიჩარდ გირაგოსიანი კი განსაკუთრებით საყურადღებოდ მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ანკარას არ მოუთხოვია ოქმებში მთიან ყარაბაღზე მითითების შეტანა.

“სრულიად მოულოდნელად, მიუხედავად თურქი ოფიციალური პირების მრავალთვიანი დიპლომატიური რიტორიკისა აზერბაიჯანისადმი მხარდაჭერის გამოსახატად, ორი ოქმის ოფიციალურ პროექტებში, რომლებიც გავრცელდა, არ არის ნახსენები კონკრეტულად მთიანი ყარაბაღი და არც დანარჩენი ტერიტორია, რომელსაც აზერბაიჯანში სომხები აკონტროლებენ. ფაქტობრივად, ყარაბაღის საკითხისთვის გვერდის ავლა დიპლომატიურ კომპრომისად უნდა ჩაითვალოს”, ამბობს გირაგოსიანი, რომელიც დადებითად აფასებს ამ “დიპლომატიურ კომპრომისს”.

და მაინც, თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აჰმეტ დავუთოღლუმ ორშაბათს საღამოს ტელევიზიაში განაცხადა, რომ ანკარა იზრუნებს აზერბაიჯანის ინტერესების დაცვაზე სომხეთთან შერიგებისაკენ მიმართული მოლაპარაკებების დროს. ანკარის მიზანი “კავკასიაში სტაბილიზაცია” არისო, განმარტა თურქმა მინისტრმა. აქვე უნდა ითქვას, რომ ნავთობითა და გაზით მდიდარ აზერბაიჯანს საკვანძო მნიშვნელობა აქვს თურქეთის ამბიციური გეგმისთვის, იყოს ენრგეტიკული გზაჯვარედინი მთელს რეგიონში. შესაბამისად, დამაჯერებლად ჟღერს დაპირება, რომ ანკარა ბაქოს ინტერესებს გაითვალისწინებს.

თურქეთ-სომხეთის ურთიერთობაში კიდევ ერთ, უაღრესად მგრძნობიარე საკითხზე წეღან უკვე მივუთითეთ: ეს არის პირველი მსოფლიო ომის დროს, 1915 წელს, ოსმალეთის იმპერიაში სომხების გაჟლეტა, რასაც ერევანი გენოციდად მიიჩნევს, მაშინ როცა ანკარა კატეგორიულად უარყოფს ასეთ შეფასებას.

გავრცელებული ინფორმაციით, სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქისიანმა მიანიშნა, რომ 1915 წლის ტრაგედიის გარშემო უთანხმოება არ შეაფერხებს დიპლომატიურ პროცესს. პრეზიდენტის თქმით, ისტორიული სამართლიანობა უნდა აღდგეს, მაგრამ ერევანი არ მოითხოვს ანკარისაგან გენოციდის აღიარებას, როგორც დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების აუცილებელ პირობას.

ოპოზიცია ერევანში აღშფოთებას გამოთქვამს. ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში, სომხეთის რევოლუციური ფედერაციის წარმომადგენელმა ჰრანტ მარგარიანმა განაცხადა, რომ აუცილებლად მიაჩნია, ოქმებში შეტანილი იყოს ერევნის მოთხოვნა თურქეთის მიერ გენოციდის აღიარების შესახებ. აი, რას ამბობს მარგარიანი ორი ოქმის პროექტებზე, რომლებიც, როგორც აღვნიშნეთ, უკვე გამოქვეყნებულია: “გამოქვეყნებული პუნქტები მიუღებელია. დოკუმენტები შეიცავს თურქული მხარის შენიღბულ მოთხოვნებს. სამწუხაროა, რომ ჩვენმა პრეზიდენტმა შესაძლოა ხელი მოაწეროს დოკუმენტს, რისი გაკეთების უფლებაც არა აქვს. არც ერთ მთავრობას არა აქვს უფლება, ვაჭრობის საგნად აქციოს სომეხთა გენოციდი, არც ერთ მთავრობას არა აქვს უფლება, გააკეთოს განცხადებები მომავალი თაობების ხარჯზე”.

ამდენად, არაერთგვაროვანი გამოხმაურება ახლავს თურქეთისა და სომხეთის ერთობლივ განცხადებას, დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენისაკენ მიმართულ ძალისხმევაზე...

ბოლოს ერთ ცალსახად დადებით გამოხმაურებას გაგაცნობთ: ეუთოს მორიგე თავმჯდომარე საბერძნეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი დორა ბაკოიანისი სამშაბათს გავცრელებული საგანგებო განცხადებით მიესალმა თურქეთისა და სომხეთის მზადყოფნას, შეუდგნენ მოლაპარაკებას ორმხრივი ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. ეს ძალისხმევა, ბაკოიანისის შეფასებით, ხელს შეუწყობს სტაბილურობას რეგიონში. “გულთბილად მივესალმები ამ პოზიტიურ ნაბიჯს, გადადგმულს ეუთოს ორი წევრი სახელმწიფოს შორის ურთიერთობის ნორმალიზებისაკენ”, - ნათქვამია ეუთოს მორიგე თავმჯდომარის განცხადებაში.
XS
SM
MD
LG