Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაღაფშმა ქართული გემების განადგურების ბრძანება გასცა


აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების მეთაურმა სერგეი ბაღაფშმა საქართველოს - აფხაზეთის - წყლებში ქართული გემების განადგურების ბრძანება გასცა. მან დაავალა თავის დაქვემდებარებაში მყოფ დე ფაქტო საზღვაო-სამხედრო ძალებს, გაანადგურონ ქართული გემები, თუკი ისინი აფხაზეთის ეგრეთ წოდებულ საზღვაო საზღვარს გადაკვეთენ. ”საუბარია მხოლოდ აფხაზეთის საზღვაო ფლოტზე, რუსეთის ძალები ამ საკითხის გადაწყვეტაში არ ჩაერთვებიან”, - განმარტა ბაღაფშმა, თუმცა ორიოდე დღის წინ რუსეთის სასაზღვრო ჯარების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ინჩინმა, გააკეთა განცხადება იმის შესახებ, რომ საქართველოს - აფხაზეთის - წყლებში მოძრავ გემებს რუსი და აფხაზი მესაზღვრეები ერთობლივად გააცილებენ და დაიცავენ. საქართველოს წყლებში აფხაზეთის მიმართულებით და უკან გემების უკანონო მოძრაობასთან დაკავშირებით ვითარება იმ ტანკერის დაკავების შემდეგ გართულდა, რომელსაც აფხაზეთში საწვავი შეჰქონდა.

საქართველოს დახურულ წყლებში შესვლა საქართველოს კანონმდებლობის და, ამასთან, საერთაშორისო წესების დარღვევაა, ბაღაფშმა კი საქართველოს რეაქცია ამ დარღვევაზე მეკობრეობას შეადარა.

”ჯერ ერთი, საქართველოს გემები ამ ზონაში არ შედიან, მეორე - აფხაზეთს არავითარი ფლოტი არ ჰყავს და თუკი მისი მხრიდან მოხდება რაიმე ამგვარი, პასუხისმგებლობა რუსეთს დაეკისრება”,- მოჰყავს რუსულ ინტერნეტგამოცემას, „გაზეტა რუ“-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, შოთა უტიაშვილის, ნათქვამი. მოკლედ, ბაღაფში საქართველოს - აფხაზეთის - წყლებში ქართული გემების განადგურებით იმუქრება. ბრძანება გაცემულია. სოხუმიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ დე ფაქტო საზღვაო-სამხედრო ძალები მზად არიან იმოქმედონ დე ფაქტო პრეზიდენტის ბრძანების შესაბამისად. საქართველოს მხარე კი ხაზგასმით აცხადებს, რომ სეპარატისტულ ხელისუფლებას არავითარი სამხედრო-საზღვაო ფლოტი არ ჰყავს. ამ თვალსაზრისით, ნიშანდობლივია, რომ 16 აგვისტოს ფაქტის გამო ( ვგულისხმობ საქართველოს მიერ აფხაზეთისკენ მოძრავი საწვავით დატვირთული ტანკერის დაკავებას) დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ატეხილ განგაშს რუსეთის სასაზღვრო ჯარების მაღალჩინოსანმა უპასუხა, რომ რუსები აფხაზებთან ერთად შეუდგებიან საქართველოს - აფხაზეთის - წყლების გაკონტროლებას და იქ მოძრავი გემების დაცვას ერთობლივად - ისე, როგორც ამას ხმელეთზე აკეთებენ. ”ეს დათქმულია საზღვრების ერთობლივად გაკონტროლების შესახებ ორმხრივ შეთანხმებაშიო”,- იქვე განმარტა რუსეთის საზღვრის დაცვის სამსახურის მაღალჩინოსანმა, გვარად ინჩინმა.

მიმდინარე წელს საქართველოს დახურულ წყლებში მოძრაობისთვის საქართველოს სანაპირო დაცვამ 20-მდე მცურავი ობიექტი დააკავა. ბოლო ტანკერის დაკავებას სეპარატისტული რეჟიმის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საწვავის კრიზისი მოჰყვა. აფხაზურმა ტელევიზიამ გაავრცელა ვიდეოკადრები სოხუმის ბენზოგასამართ სადგურებთან შექმნილი უზარმაზარი რიგების შესახებ. ამის შემდეგ შეადარა ბაღაფშმა საქართველოს სანაპირო დაცვის ქმედებები სომალელი მეკობრეების ქმედებებს, დაიმუქრა, რომ განადგურდება ნებისმიერი ქართული გემი, რომელიც აფხაზეთის წყლებში შევა და ხაზი გაუსვა, რომ ამას გააკეთებენ აფხაზეთის და არა რუსეთის ძალები.

”ბაღაფშის განცხადებებს კომენტარს გაუკეთებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, პროკურატურაში და იუსტიციის სამინისტროში. კრიმინალი უნდა იჯდეს ციხეში და ის აუცილებლად მოხვდება ქართულ ციხეში”, - ბაღაფშის მუქარასთან დაკავშირებით ასეთი კომენტარი გააკეთა საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ. აფხაზეთის დევნილ მთავრობაში კი აღნიშნეს, რომ ამ მუქარით სეპარატისტული რეჟიმის მეთაურმა, მისი ხელისუფლების მიმართ აფხაზეთში შესამჩნევი უკამყოფილების ფონზე, ყურადღების სხვა მიმართულებით გადატანა სცადა.

კიდევ ერთი საყურადღებო დეტალი: მართალია, 2 დღის წინ რუსმა მაღალჩინოსანმა დაადასტურა, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის კატარღები დაიწყებენ საქართველოს აფხაზეთის წყლებში შემსვლელ-გამომსვლელი გემების გაცილებას და დაცვას, თბილისსა და სოხუმს შორის დავაში ბაღაფშის პროვოკაციული მუქარის გახმაურების შემდეგ რუსეთის საგარეო უწყებაში თქვეს, რომ სიტუაციის დრამატიზებისთვის საფუძველი არ არსებობს, რომ სოხუმს ადეკვატური რეაქცია ჰქონდა გემის დაკავების ფაქტზე, რადგან მას სუვერენული უფლება აქვს, დაიცვას საკუთარი საზღვრები. ასეთი მანევრით მოსკოვში სცადეს პასუხისმგებლობის მთელი სიმძიმე დე ფაქტო ხელისუფლებაზე გადაეტანათ და ეს ნათელი გახდა მას შემდეგ, რაც საქართველოს მხარემ განაცხადა, რომ ამუშავებს იურიდიულ პოზიციას საქართველოს ტერიტორიულ წყლებში რუსეთის უკანონო ქმედებების წინააღმდეგ საერთაშორისო მექანიზმების ასამოქმედებლად.

”საკითხი უნდა დაისვას ყველა დონეზე, მეგობრულად განწყობილი სახელმწიფოების დონეზე და ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, რომლის წევრიც არის საქართველო ან რომლის პარტნიორიც არის: ნატოში, ეუთოში, გაეროში, იმავე ევროპის კავშირში”, - აცხადებს საქართველოს პარლამენტის წევრი დავით დარჩიაშვილი.

განმარტებისთვის:საქართველოს ტერიტორიული წყლების გარე საზღვარი, საქართველოს კანონმდებლობით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარია.შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიული ზღვის აფხაზეთის ნაწილში რუსეთის თვითნებური ქმედებები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან და, ამასთან, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ კანონთან. ამას გარდა, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით, კონფლიქტის მოგვარებამდე აფხაზეთი დახურულია ნაოსნობისა და ყველა სხვა სახის სატრანსპორტო მიმოსვლისთვის. აკრძალვა არ ეხება მხოლოდ ჰუმანიტარული ტვირთების გადაზიდვას. რაც შეეხება საერთაშორისო სამართლებრივ ასპექტებს, არსებობს გაეროს სასაზღვრო სამართლის კონვენცია, რომლის თანახმადაც, სანაპირო სახელმწიფოს - ამ შემთხვევაში, საქართველოს - სუვერენიტეტი ვრცელდება ტერიტორიულ ზღვაზე, შესაბამისად, ვრცელდება მისი უფლებაც საკუთარ ტერიტორიულ წყლებში მიიღოს აუცილებელი ზომები გემების უკანონო და არამშვიდობიანი მოძრაობის აღსაკვეთად. და აქვე მაინც ვიტყვი, რომ არსებობს საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციას შორის 1996 წელს გაფორმებული ხელშეკრულებაც , ხელშეკრულება სავაჭრო ნაოსნობის შესახებ , რომელიც ასევე ამბობს, რომ სავაჭრო ნაოსნობა არ ვრცელდება დახურულ პორტებზე.
XS
SM
MD
LG