Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ფორმით არსებობს და რა შედეგი მოიტანა 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებამ


ნიკოლა სარკოზი და მიხეილ სააკაშვილი თბილისში, 2008 წლის 12 აგვისტო
ნიკოლა სარკოზი და მიხეილ სააკაშვილი თბილისში, 2008 წლის 12 აგვისტო
2008 წლის 12 აგვისტოს, როდესაც ევროკავშირის მაშინდელი მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი თბილისში ჩამოვიდა, რუსეთის ავიაცია ჯერ ისევ ბომბავდა საქართველოს ტერიტორიებს და ვრცელდებოდა არაერთი ცნობა ქართული სოფლებიდან ქართველების დევნისა და მათთან ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ. სარკოზი თბილისში მოსკოვიდან ჩამოვიდა და თან რუსეთის პრეზიდენტთან შეთანხმებული გეგმა ჩამოიტანა, რომელსაც,ოფიციალური ინფორმაციით, გარკვეული ცვლილებების შემდეგ, საქართველომ - 15 აგვისტოს, ხოლო რუსეთმა 16 აგვისტოს მოაწერა ხელი. მიუხედავად ამისა, დოკუმენტი ცნობილია 12 აგვისტოს ხელშეკრულების სახელით, რომელსაც ხშირად და სხვადასხვა დონეზე სარკოზი-მედვედევის ექვსპუნქტიან გეგმასაც უწოდებენ. თბილისი კი იმთავითვე ამტკიცებდა, რომ დოკუმენტი, სახელწოდებით სარკოზი-მედვედევის ექვსპუნქტიანი გეგმა, ბუნებაში არ არსებობს. რა ფორმით არსებობს და რა შედეგი მოიტანა 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებამ?

საფრანგეთის პრეზიდენტთან შესახვედრად 2008 წლის 12 აგვისტოს ხალხი რუსთაველის გამზირზე საგულდაგულოდ ემზადებოდა და, სცენიდან მიღებული დირექტივების დახმარებით, მისასალმებელ შეძახილებშიც კი ვარჯიშობდა, მაგრამ ნიკოლა სარკოზი ხალხთან შესახვედრად არ მისულა. მოსკოვიდან ღამით ჩამოსული, აეროპორტიდან ის პირდაპირ პრეზიდენტ სააკაშვილთან მოსალაპარაკებლად გაემართა და რთული საუბრის შემდეგ ასეთი განცხადება გააკეთა: ”სავსებით ნორმალურია, რომ რუსეთს სურს დაიცვას თავისი ინტერესები და რუსების ინტერესები რუსეთის შიგნით, ისევე როგორც რუსულენოვანებისა რუსეთს გარეთ... და ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ვგულისხმობ საერთაშორისო თანამეგობრობას, გვსურს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენობისა და დამოუკიდებლობის გარანტირება.”

ევროკავშირის მაშინდელი მორიგე თავმჯდომარე ქვეყნის, საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ 12 აგვისტოს საქართველოში ჩამოიტანა მედვედევთან უკვე შეთანხმებული ხელმოსაწერი დოკუმენტი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა მხოლოდ სამი დღის შემდეგ, გარკვეული ცვლილებების შეტანის მერე, 15 აგვისტოს მოაწერა ხელი. ხელმოწერას წინ უსწრებდა შეერთებული შტატების მაშინდელ სახელმწიფო მდივანთან, კონდოლიზა რაისთან, თბილისში გამართული ოთხსაათნახევრიანი საუბარი. იმ დღეს ითქვა, რომ საქართველომ ხელი მოაწერა საფრანგეთის შუამავლობით მომზადებულ დოკუმენტს რუსეთსა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.

თუმცა, როდესაც მეორე დღეს რუსეთის ხელმოწერის ჯერი დადგა, კრემლმა განაცხადა, რომ ხელი მოაწერა საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტების მიერ ერთობლივად მომზადებულ გეგმას, რომელიც ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა ქართულ და ოსურ მხარეებს და რომელზეც ხელმოწერა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების ლიდერებმაც დატოვეს. კრემლის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 16 აგვისტოს ხაზგასმით აღნიშნა, ჩვენ სააკაშვილის მიერ შემოკლებული და გადაკეთებული დოკუმენტისთვის ხელი არ მოგვიწერია, ჩვენ ხელი სარკოზი-მედვედევის შეთანხმებას მოვაწერეთო. ამით რუსეთი ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ საფრანგეთის პრეზიდენტს აგვისტოს ომში ის არა აგრესიულ მხარედ, არამედ კონფლიქტის დარეგულირების მსურველ ძალად ჰყავდა წარმოდგენილი.

ეს სიცრუეაო, - საპირისპიროს ამტკიცებდა თბილისი, თუმცა იმასაც ადასტურებდა, რომ არ არსებობს სარკოზის დოკუმენტი, რომელზეც ერთად იყოს დაფიქსირებული სააკაშვილისა და მედვედევის ხელმოწერები. ამ შინაარსის განცხადება შარშან აგვისტოში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემაც გააკეთა. მან თქვა, რომ, ”განსხვავებით რუსეთის პრეზიდენტისგან, საფრანგეთის პრეზიდენტი არასდროს მოაწერს ხელს იმ დოკუმენტს, სადაც იქნება კოკოითის და ბაღაფშის ხელმოწერა.” ”სწორედ ამიტომ შედგა ასეთი ფორმატი, რომ არსებობს 2 დოკუმენტი: საფრანგეთისა და საქართველოს პრეზიდენტების ხელმოწერით და საფრანგეთისა და რუსეთის პრეზიდენტების ხელმოწერით. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მხარეები არიან საქართველო და რუსეთი, შუამავალი არის საფრანგეთი”, - ასეთია დავით ბაქრაძის განმარტება.

12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გარშემო 2 დოკუმენტის არსებობა რამდენიმე დღის წინ რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში, პიტერ სემნებიმაც დაადასტურა, ევროკავშირის საგანგებო წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში. თუმცა, მისი თქმით, ორ დოკუმენტს საერთო შეთანხმება აერთიანებს: ”ეს რთული მოლაპარაკებები იყო, რომელიც ბევრ ადგილას იმართებოდა - მოსკოვსა და თბილისში. რაც შეეხება დოკუმენტებს, ხელმოწერილ იქნა სხვადასხვა დოკუმენტი, რომელთა არსებითი ნაწილი იდენტური იყო. ასე რომ, საუბარი არ არის რამდენიმე შეთანხმებაზე. ეს ერთი შეთანხმებაა.”

არსებითი ნაწილი, რომელზეც პიტერ სემნები ამახვილებს ყურადღებას და რომელიც 12 აგვისტოს შეთანხმების სახელით არის ცნობილი, გულისხმობდა შეთანხმებას ძალის გამოუყენებლობასა და სამხედრო ქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე, ჰუმანიტარული დახმარების თავისუფალი მიწოდების უზრუნველყოფაზე, საქართველოსა და რუსეთის შეიარაღებული ძალების მუდმივი დისლოკაციის ადგილებში დაბრუნებაზე, 7 აგვისტოს სტატუს კვოს აღდგენაზე და, საერთაშორისო მექანიზმის შექმნამდე, რუსეთის სამშვიდობო ძალების მიერ უსაფრთხოების დამატებითი ზომების განხორციელებაზე. ეს არის ძირითადი შინაარსი და ის იმთავითვე საჯარო იყო, თუმცა იმ დოკუმენტების წაკითხვა, რომლებსაც პრეზიდენტების ხელმოწერები ახლავს, პრაქტიკულად შეუძლებელია.

ასეთი რამ არც დეპუტატ გიორგი ცაგარეიშვილს უნახავს, რომელიც ერთ-ერთი იყო ოპოზიციონერი დეპუტატების იმ ჯგუფში, რომელსაც, დოკუმენტების გასაიდუმლოების ეჭვების გასაფანტად, შარშან აგვისტოში საგანგებოდ შეხვდნენ უმრავლესობის წარმომადგენლები. ცაგარეიშვილს, რომელიც ხელისუფლების მწვავე კრიტიკით გამოირჩევა, ერთი წლის შემდეგ დეტალების გახსენება უჭირს, თუმცა ახსოვს, რომ შეხვედრის შემდეგ ”ხელისუფლების მიერ სამშობლოს გაყიდვასთან ” დაკავშირებული ეჭვები გაუქარწყლდა. ”იმ მომენტისთვის, იმ წუთისთვის, ეს იყო საუკეთესო გამოსავალი, რადგანაც ეს აიძულებდა რუსეთს აღარ განეხორციელებინა შემდგომი შეჭრა საქართველოს სიღრმეში და არ განეხორციელებინა შეტევა თბილისზე”, - ამბობს ცაგარეიშვილი.

მისთვის აბსოლუტურად მისაღები იყო ქართული მხარის პრეტენზიები სარკოზის მიერ 12 აგვისტოს ჩამოტანილი დოკუმენტის მე-6 პუნქტთან დაკავშირებით და პოზიცია, რომ ხელშეკრულებაზე თბილისის ხელმოწერა მხოლოდ ამ მოთხოვნის ამოღების შემდეგ იქნებოდა შესაძლებელი. საუბარია პუნქტზე, რომელიც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სამომავლო სტატუსის გარშემო საერთაშორისო მოლაპარაკებების გამართვას ითვალისწინებდა. ხელისუფალთა განცხადებით, დოკუმენტიდან ამ მოთხოვნის ამოღება თავად სარკოზის აქტიური ჩარევის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

სწორედ მე-6 პუნქტს უკავშირდება რუსეთის პრეტენზია, რომ საქართველომ ეგრეთ წოდებული სარკოზი-მედვედევის გეგმა შეცვალა. საქართველოში ცინიკურ აბსურდად მიიჩნევენ კრემლის საგარეო საქმეთა მინისტრის კომენტარს იმასთან დაკავშირებით, თითქოს რუსეთმა საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება, მეტწილად, სწორედ ამ ცვლილების გამო გადაწყვიტა. ამ შინაარსის განცხადება სერგეი ლავროვმა რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია ”ვესტისთვის” მიცემულ ინტერვიუში გააკეთა:

”მედვედევ-სარკოზის გეგმაში, რომელიც მოსკოვში შეთანხმდა, ჩვენ თვითონ შევთავაზეთ, რომ საერთაშორისო დისკუსიებზე, რომელიც ჟენევაში მიმდინარეობს, სხვა საკითხებთან ერთად, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის სტატუსიც განხილულიყო.... სააკაშვილმა კი, როდესაც პრეზიდენტმა სარკოზიმ ეს გეგმა მას თბილისში ჩაუტანა, ამოიღო არა მხოლოდ პირველი ნაწილი (სადაც დასტურდებოდა, რომ რუსეთი კონფლიქტის მხარე არ იყო), არამედ მოითხოვა საერთაშორისო დისკუსიების დღის წესრიგიდან სტატუსის საკითხის ამოღებაც. მაშინ ჩვენთვის ყველაფერი ნათელი გახდა.”

”და შემდეგ გავაკეთეთ ის, რაც გავაკეთეთ... თორემ ჩვენ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას არ ვაპირებდით...” - ამბობს ლავროვი იმავე ინტერვიუში. თუმცა ბევრი ექსპერტისთვის იმთავითვე ნათელი იყო, რომ სწორედ ამგვარი ფინალის მისაღწევად ითხოვდა რუსეთი 12 აგვისტოს შეთანხმების მე-6 პუნქტში სეპარატისტული რეგიონების სტატუსთან დაკავშირებით საერთაშორისო მოლაპარაკებების გამართვას.

12 აგვისტოს შეთანხმება 8 სექტემბერს კონკრეტული ნაბიჯების დაგეგმვით დაზუსტდა და სწორედ ამ დოკუმენტის გათვალისწინებით შემოვიდნენ საქართველოში ევროკავშირის მეთვალყურეები. თუმცა იმ დროისთვის კრემლს საქართველოს სეპარატისტული რეგიონები უკვე დამოუკიდებელ ქვეყნებად ჰყავდა აღიარებული. მსოფლიო ლიდერები სამშვიდობო შეთანხმებების შესრულებას რუსეთს სხვადასხვა ტრიბუნიდან მუდმივად, მაგრამ ჯერ ისევ ამაოდ შეახსენებენ.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG