Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ ჩაუდგება სათავეში საზოგადოებრივ მაუწყებელს?


3 აგვისტოს, საღამოს 6 საათზე, ამოიწურა საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის მსურველთა განაცხადების წარდგენის ვადა. ვადის ამოწურვის შემდეგ ცხადი გახდა, რომ კონკურსში 13 კანდიდატი მონაწილეობს. მათ შორის არიან საზოგადოებისთვის ცნობილი და უცნობი პირები, მაგალითად, ჟურნალისტები ზვიად და თემურ ქორიძეები, საქართველოს ყოფილი ელჩი რუსეთში, უფრო ადრეულ წარსულში ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ხელმძღვანელი ეროსი კიწმარიშვილი, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ჭანტურია და სხვები.

განაცხადების წარდგენის ვადა ამოიწურა, რაც ნიშნავს იმას, რომ კონკურსი დაიწყო. რა იქნება ამის შემდეგ? როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან გახელაძე ამბობს: ”6 აგვისტოს ჩატარდება კენჭისყრა, პირველი ტური, რომელიც გამოავლენს მეორე ტურში გასულ კანდიდატთა ვინაობას. მეორე ტურში გასულებისთვის ჩატარდება მათთან ინტერვიურება, ანუ გასაუბრება.”

პარალელურად, როგორც ლევან გახელაძე აღნიშნავს, საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში გაიმართება ტელედებატები მეორე ტურში გასულ კანდიდატებს შორის. კანდიდატები გასცემენ პასუხს გადაცემის წამყვანის შეკითხვებს და საშუალება ექნებათ შეკითხვები თავადაც დაუსვან ერთმანეთს.

მაგრამ კონკურსში მონაწილეთაგან ერთ-ერთს, ეროსი კიწმარიშვილს, კონკურსის ღიაობის, გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ეს ფორმა არ აკმაყოფილებს. მისი აზრით, მეტი გამჭვირვალობისთვის საჭიროა სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან კანდიდატების გასაუბრებაც ღია ეთერში წარიმართოს, მით უფრო, რომ, როგორც კიწმარიშვილი აღნიშნავს, ტელევიზიის აგვისტოს ბადე არაა ისე დატვირთული, რომ საბჭოს სხდომების პირდაპირ ეთერში ტრანსლირებამ სერიოზული პრობლემები შექმნას. ეს არის ერთ-ერთი კანდიდატის სურვილი, თუმცა, როგორც სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისგან მოვისმინეთ, გეგმაშია მეორე ტურში გასულებს შორის დებატები პირდაპირ ეთერში სპეციალური გადაცემის ფარგლებში და არა უფრო მეტი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტზე პრეტენზიას აცხადებს ჟურნალისტი ზვიად ქორიძეც და მისი მოტივაცია კონკურსში მონაწილეობის ასეთია:

”მართალი გითხრა, იმ არგუმენტით შევიტანე საბუთები, რომ მიმაჩნია, ეს თანამდებობა უნდა იყოს მაქსიმალურად საზოგადოების ინტერესების არეალში და ეს კონკურსი უნდა იყოს მაქსიმალურად გამჭვირვალე. ჩემი მონაწილეობით მინდა ხელი შევუწყო ამ პროცესს.”

ზვიად ქორიძე წინა კონკურსშიც იღებდა მონაწილეობას. ტელევიზიის განვითარებასთან დაკავშირებით მის მაშინდელ და დღევანდელ ხედვებს შორის განსხვავება არ არის. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსში გაიმარჯვა, ზვიად ქორიძე იმუშავებს იმისთვის, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მოიპოვოს საზოგადოების ნდობა და, რაც მთავარია, მოიპოვოს სარედაქციო დამოუკიდებლობა. წინა კონკურსისგან განსხვავებით, ზვიად ქორიძეს ამ კონკურსის დადებით მახასიათებლად მიაჩნია ის ფაქტორი, რომ აღარაა შესამჩნევი კონკურსზე გარე პოლიტიკური ზეწოლა ოპოზიციური პოლიტიკური ძალების მხრიდან. ეროსი კიწმარიშვილს ოპოზიციის პასიურობა, პირიქით, უარყოფით ფაქტორად მიაჩნია:

”ეს არის ცუდი, რომ საზოგადოების ინტერესი გამოიხატება მცირე ჯგუფების რეაქციაში და უგულებელყოფილი აქვს პოლიტიკურ სპექტრს, ოპოზიციურს, ეს პროცესი. ამ დროს ხელისუფლება თავს გვიჩვენებს, რომ უგულებელყოფილი აქვს პროცესი, მაგრამ, ბუნებრივია, სრულ მობილიზაციაშია.”

გარე ფაქტორებთან დაკავშირებით აზრი მედიამკვლევარს ნინო დანელიასაც ვკითხეთ. საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელის არჩევის პროცესთან დაკავშირებით პოლიტიკური ოპოზიციის პასიურობას ისიც დადებით ფაქტორად განიხილავს, თუმცა იზიარებს ეროსი კიწმარიშვილის მოსაზრებას იმ ნაწილში, რომ ხელისუფლება, გარეგნული პასიურობის დემონსტრირების მიუხედავად, სრულ მობილიზაციაშია და ამიტომ საზოგადოება უნდა ყოფილიყო და იყოს გაცილებით აქტიური:

”და ახლა ბევრი ლაპარაკობს, რომ არჩევნების ბედი გადაწყვეტილია და დირექტორად მოგვევლინება გიორგი ჭანტურია, რაც დაუშვებელია და დაუშვებელია იმიტომ, რომ ჭანტურია ყუბანეიშვილის პერიოდში იყო პროცესების თანამონაწილე - გვაქვს არასწორად ჩატარებული ტენდერები, კორუფცია და ის საეთერო ბადე, რომელიც ვერ გამოხატავს საზოგადოების ინტერესებს.”

საზოგადოების ის ჯგუფი, რომელიც აქტიურად აკვირდება კონკურსს, 4 აგვისტოს გამართავს შეხვედრებს კონკურსში მონაწილეებთან და იქ, ალბათ, თავად გიორგი ჭანტურიას ჰკითხავენ იმის შესახებ, რაც ჩვენს ეთერში ნინო დანელიამ აღნიშნა.

მანამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ჩვენ ვკითხეთ, როგორ უპასუხებს მის მიმართ არსებულ პრეტენზიას.

”სატენდერო კომისიის ერთ-ერთი წევრი ვიყავი და ნებისმიერს შეუძლია ნახოს რა კრიტერიუმებით ვხელმძღვანელობდი. თავმჯდომარე არ ვყოფილვარ, ფინანსური კუთხით არაფერში ვერეოდი და არც მქონდა ამის უფლება. იმაზე კი, რაც უშუალოდ მევალებოდა, პასუხისმგებლობას, რა თქმა უნდა, არ ვიხსნი და მიმაჩნია, რომ ცუდად არ ვმუშაობდი”, - ამბობს გიორგი ჭანტურია.კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, მის გეგმაშია საინფორმაციო პროგრამის დახვეწა, თემატური თოქ-შოუების დამატება და ასე შემდეგ. ხოლო რაც შეეხება მთავარს, სარედაქციო დამოუკიდებლობას, ” თუ მე ვიქნები დირექტორი, პირობას ვდებ, რომ არხი დეპოლიტიზებული იქნება”, - გვითხრა გიორგი ჭანტურიამ და დასძინა:”თუმცა არ მიმაჩნია, რომ ამ ბოლო პეროდში არხი ტენდენციურად და მიკერძოებულად აშუქებდა მოვლენებს.”

პირველი ტურის შედეგები 6 აგვისტოს გაირკვევა. ეროსი კიწმარიშვილი მიიჩნევს, რომ მას აქვს გამარჯვების შანსი, მისი გამოცდილების გათვალისწინებით, თუკი კონკურსი სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარდება. ზვიად ქორიძე ამბობს, რომ კონკურსში მონაწილეობით ცდილობს მასში გამჭირვალობის შეტანას. მარინე სალუქვაძე, ლალი მაროშკინა, თემურ ქორიძე, გიორგი ჭანტურია, ბაჩუკი ბახტაძე და სხვები ცდიან ბედს კონკურსში, რომელმაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ხელმძღვანელი უნდა გამოავლინოს.
XS
SM
MD
LG