Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში დმიტრი მედვედევის ცხინვალში ჩასვლას აპროტესტებენ


საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მარიონეტული რეჟიმების ლეგიტიმიზაციის ცინიკურ მცდელობად შეაფასა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის პრეზიდენტის დმიტრი მედვედევის ჩასვლა ცხინვალში. ცხინვალიდან უკვე სოჭში ჩასულმა მედვედევმა კი სამხედრო მეზღვაურებს უამბო ცხინვალში მიღებული შთაბეჭდილებების შესახებ და იქვე საქართველოს კიდევ ერთხელ დასდო ბრალი ოსი ხალხის წინააღმდეგ აგრესიასა და შარშანდელი ომის გაჩაღებაში.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაკ ობამას მოსკოვში ვიზიტის დასრულების შემდეგ გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ ვიზიტის დასრულებისთანავე სოხუმს ეწვეოდა რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი. „პუტინის აფხაზეთში ჩამოსვლის შესახებ ლაპარაკი იყო, თუმცა თარიღი არ დაზუსტებულა. რომ ჩამოდიოდეს, მეცოდინებოდაო”, - თქვა მაშინ რადიო თავისუფლებასთან საუბრისას აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ. ამ განმარტებიდან გავიდა რამდენიმე დღე და საქართველოს მეორე ოკუპირებულ ზონას, ცხინვალის რეგიონს, რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი ესტუმრა.

როგორც მედვედევმა განმარტა,” ეს იყო პირველი ვიზიტი სახელმწიფოში, რომელიც ერთი წლის წინ შეიქმნა. ეს საქართველოს რეჟიმის მიერ წამოწყებული აგრესიის შედეგად მოხდა და მომხდარზე პასუხისმგებლობა მთლიანად ამ რეჟიმს დაეკისრა.” განმარტება, როგორც უკვე აღვნიშეთ, რუსეთის პრეზიდენტმა ცხინვალში ვიზიტის დასრულების შემდეგ, სოჭში გააკეთა. სამხედრო მეზღვაურებთან შეხვედრაზე მან გამოთქვა იმედი, რომ ადრე თუ გვიან ქართველი ხალხი თავად გამოუტანს განაჩენს სააკაშვილის რეჟიმს შარშანდელი ომის გამო.

მედვედევის ჩასვლა ცხინვალში ობამას მოსკოვში ვიზიტის შედეგებსა და, ამასთან, ანკარაში ”ნაბუკოს” პროექტთან დაკავშირებული შეთანხმების გაფორმებაზე რუსეთის მყისიერ რეაგირებად შეაფასეს საქართველოს ხელისუფლებაში. მოსკოვში კი რუსმა პოლიტიკოსებმა განმარტეს, რომ ვიზიტი ამ მოვლენებამდე იყო დაგეგმილი და თუ ბევრისთვის ის მოულოდენლი იყო, მხოლოდ იმის გამო, რომ მსგავსი ვიზიტები, უსაფრთხოების მოტივაციით, წინასწარ არ ხმაურდება ხოლმე. ასე თუ ისე, მედვედევი ზუსტად მაშინ შეხვდა ცხინვალში სეპარატისტული რეჟიმის მეთაურს ედუარდ კოკოითის, როცა ანკარაში ”ნაბუკოს” პროექტის რეალიზაციასთან დაკავშირებით მთავარ შეთანხმებას მოეწერა ხელი და როცა საქართველოს პრეზიდენტმა სწორედ ანკარაში განაცხადა: ”შარშან იყო ომი ამ პროექტის წინააღმდეგ (სხვა ფაქტორებთან ერთად) და არა მხოლოდ ვერ მიაღწია რუსეთმა თავის პოლიტიკურ ამოცანას ამ ომით, მიიღო უკუშედეგი. ამ აგრესიის მიზანი იყო ჩაეხშო პოსტსაბჭოთა სივრცეში დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისკენ ლტოლვა. დღეს ამ სივრცეში არის მძლავრი ლტოლვა თავისუფლებისკენ.”

”მაშინ, როცა პატარა საქართველოს ლიდერი არ იმყოფება საკუთარ სახელმწიფოში და სხვა ლიდერებთან ერთად იღებს გადაწყვეტილებას გლობალური პროექტის რეალიზაციასთან დაკავშირებით, რუსეთის პრეზიდენტი წინასწარ გამოუცხადებელი ვიზიტით ჩადის საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში და პირადად აწარმოებს მოლაპარაკებებს კორუმპირებულ, კრიმინალურ და არაადამიანურ რეჟიმთან” - მიხეილ სააკაშვილმა ესეც ანკარაში ყოფნისას განაცხადა. გამოხმაურებები იყო თბილისშიც. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით ბაქრაძის სიტყვებით, რუსეთის ხელმძღვანელობამ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს მოსკოვში ვერ გასცა პასუხი იმ მხარდაჭერაზე, რომელიც ბარაკ ობამამ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ გამოხატა და გადაწყვიტა ასეთი ფორმით - ცხინვალში ვიზიტით - გამოეხატა საკუთარი პოზიცია.

საქართველოს პარლამენტი მუშაობს სპეციალური განცხადების ტექსტზე მედვედევის ცხინვალში ვიზიტის ფაქტთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი უკვე გაავრცელა განცხადება.

”რუსეთი ცდილობს თავს მოახვიოს დანარჩენ მსოფლიოს ვირტუალური რეალობა, რითაც იგი უპირისპირდება საერთაშორისო თანამეგობრობას და კიდევ უფრო აღრმავებს იმ უფსკრულს ცივილიზებულ სამყაროსთან, რომელიც გასული წლის აგვისტოში წარმოიქმნა”, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. იქვე გამოთქმულია იმედი, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ძალ-ღონეს არ დაიშურებს რუსეთის სამართლებრივ სივრცეში დასაბრუნებლად, რაც, პირველ რიგში, რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის 6 პუნქტიანი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებით უნდა გამოიხატოს.

მაგრამ რუსეთი არ ავლენს იმის ნიშნებს, რომ აპირებდეს საკუთარი ვალდებულებების შესრულებას. აგვისტოს ომის მიზეზებთან დაკავშირებით საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის დასკვნის გამოქვეყნების წინ მედვედევი ჯიუტად იმეორებს, რომ ომის დაწყებაზე პასუხისმგებლობა საქართველოს აკისრია. ცხინვალში ედუარდ კოკოითისთან შეხვედრის შემდეგ მან ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზა დაათვალიერა და ბაზის მეთაურისგან მოისმინა, რომ რუსი სამხედროები ცხინვალის რეგიონში მზად არიან შეასრულონ ნებისმიერი ამოცანა.

აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს - ჯერ აფხაზეთს, შემედგ კი ცხინვალის რეგიონს - პირველად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი ესტურმა. ამის შემდეგ ცხინვალში ჩავიდა რუსეთის დუმის სპიკერი ბორის გრიზლოვი, ბოლოს კი - რუსეთის პრეზიდენტი დმიტრი მედვედევი.
XS
SM
MD
LG