Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას ფიქრობენ საქართველოში - გაუარესდა თუ არა დემოკრატიის მდგომარეობა?


"ფრიდომ ჰაუსის" მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომლის მიხედვითაც საქართველოში დემოკრატიის თვალსაზრისით მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა, არასახარბიელო ვითარება შეინიშნება ზოგიერთ ძირითად კრიტერიუმთან მიმართებით. ესენია: დემოკრატიული მმართველობა, საარჩევნო პროცესები და სამოქალაქო საზოგადოება. ანგარიშმა, სახელწოდებით ”გარდამავალი სახელმწიფოები”, საქართველოში განსხვავებული რეაქციები გამოიწვია.

ავტორიტეტიანი საერთაშორისო ორგანიზაციის ”ფრიდომ ჰაუსის” შეფასებით, საქართველოში დემოკრატიის ზოგიერთ მაჩვენებელთან მიმართებით მდგომარეობა ასეთი ცუდი ჯერ არასოდეს ყოფილა, 2003 წლის შემდეგ. ვიდრე მეტს ვიტყოდეთ ძირითად პრეტენზიებსა და მათთან დაკავშირებულ რეაქციებზე, მოდით, ჯერ ჩვენ მიერ ჩატარებულ მცირე გამოკითხვას გადავხედოთ და გავარკვიოთ რა პასუხი აქვთ თბილისელებს შეკითხვაზე - გაიზარდა თუ შემცირდა დემოკრატიის ხარისხი საქართველოში:

”(ქალი) გაიზარდა, ალბათ... ზუსტად ვერ გეტყვით, რაში გამოიხატება. / (კაცი) ჯერჯერობით, მე მგონი, შემცირდა კიდევაც. ჯერჯერობით არ არის კარგი მდგომარეობა. / (ქალი) არ ვიცი, მე მგონი, შემცირდა. თუ გავითვალისწინებთ ტელევიზიების მდგომარეობას, შემცირდა საკმაოდ. / (კაცი) საერთოდ იყო საქართველოში დემოკრატია? არც ყოფილა... აქ არის რაღაც ბანდიტიზმი - აი, ჩემი აზრი.”

უნდა ითქვას, რომ ”ფრიდომ ჰაუსის” წლევანდელ ანგარიშში უცვლელად რჩება მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებული რეიტინგი. სამაგიეროდ, გაუარესება შეინიშნება ზოგიერთი სხვა მიმართულებით - მაგალითად, დემოკრატიული მმართველობის კუთხით. სწორედ ამ კრიტერიუმთნ მიმართებით აღნიშნავს ”ფრიდომ ჰაუსი”, რომ ხელისუფლება არ არის მოწადინებული აწარმოოს დიალოგი ოპოზიციასთან. ამგვარ შეფასებას არ ეთანხმება მმართველი გუნდის წარმომადგენელი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი: ”ცოტა საოცარია ასეთი შეფასება, იმიტომ რომ ჩვენ 9 აპრილამდეც და 9 აპრილის მანიფესტაციების მიმდინარეობისასაც სულ ვამბობდით, რომ დიალოგი არის ერთადერთი გზა... ერთადერთი გზა იმისათვის, რომ სიტუაცია განიმუხტოს. შემიძლია გითხრათ, რომ ოპოზიციის ნაწილი - საპარლამენტო ოპოზიცია - ჩართულია ამ დიალოგში. მაგრამ თუკი საუბარია რადიკალურ ოპოზიციაზე, ისინი უარს ამბობენ ყველა სახის დიალოგზე, გარდა ერთი საკითხისა - სააკაშვილის გადადგომის.”

ხელისუფლების მიერ შეთავაზებული დიალოგის მთავარ თემებად მიხეილ მაჭავარიანი საკონსტიტუციო და საარჩევნო სისტემის რეფორმებს ასახელებს. ამ საკითხებთან დაკავშირებით არასაპარლამენტო ოპოზიცია, რომელსაც ხელისუფლება ”რადიკალურ ოპოზიციას” უწოდებს, მართლაც უარზეა, რადგანაც ეს შემოთავაზება კრიზისიდან გამოსვლის პრიორიტეტულ გზად არ მიაჩნია. მაგრამ, თავის მხრივ, ოპოზიციამაც ბოლო პერიოდში არაერთხელ მოითხოვა დიალოგი ხელისუფლებასთან, რაც უპასუხოდ დარჩა.

დიალოგთან დაკავშირებული პრობლემის გარდა, დემოკრატიული მმართველობის შეფასების გაუარესების მიზეზებად, ”ფრიდომ ჰაუსის” ანგარიშის მიხედვით, სახელდება პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვის მექანიზმების არარსებობა, პრეზიდენტისადმი პარლამენტის ლოიალურობა და ამის გამო ავტორიტარული ტენდენციების არსებობა აღმასრულებელ ხელისუფლებაში. პარლამენტის ვიცე-სპიკერი მიხეილ მაჭავარიანი საკონსტიტუციო რეფორმას იხსენებს:

”მზადდება კონსტიტუციის ახალი პროექტი, სადაც მკაფიოდ არის დასახელებული, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზანი არის პარლამენტის უფლებამოსილებების გაძლიერება. ”

მიხეილ მაჭავარიანის თქმით, ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობით, ნაბიჯები იდგმება, ასევე, საარჩევნო სისტემის დახვეწის კუთხითაც. ეს არის ერთ-ერთი იმ საკითხთაგანი, რომელშიც, ფრიდომ ჰაუსის ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს ვითარების გაუარესება შეიმჩნეოდა. დაბოლოს, პარლამენტის ვიცე-სპიკერი არ ეთანხმება ავტორიტეტიანი საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ანგარიშის ფარგლებში გაკეთებულ კიდევ ერთ შეფასებას, რომ ხელისუფლება ხშირად უგულებელყოფს არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციებს. თუმცა მაჭავარიანი არ უარყოფს, რომ მათთვის თანამშრომლობა მიუღებელია, მაგალითად, ნდობის ჯგუფთან, რომელიც არასამთავრობო სექტორის ცნობილი წარმომადგენლებით არის დაკომპლექტებული და რომელიც ბოლო პერიოდში აქტიურად ცდილობდა ხელი შეეწყო დიალოგისთვის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. მიზეზად მიხეილ მაჭავარიანი ასახელებს იმას, რომ ნდობის ჯგუფის ზოგიერთი წარმომადგენელი იზიარებს არასაპარლამენტო ოპოზიციის შეხედულებებს და აქციებშიც კი მონაწილეობს.

ნდობის ჯგუფის წარმომადგენელი გოგი ხუციშვილი არ უარყოფს ამ ჯგუფის ზოგიერთი წარმომადგენლის მეტ-ნაკლებ კონტაქტს ოპოზიციასთან, მაგრამ ამბობს, რომ მათ მიერ შეთავაზებული რეკომენდაციები აბსოლუტურად აპოლიტიკური იყო და რომ ხელისუფლებამ თითქმის არაფერი გაითვალისწინა:

”ჩვენი დასკვნები და წინადადებები იყო იმისკენ მიმართული, რომ ყოფილიყო გამოსავალი მოძებნილი ამ კრიზისიდან. ანუ, მე ვიტყოდი, დასტურდება ”ფრიდომ ჰაუსის” დასკვნა: არასამთავრობო ორგანიზაციების აზრი არ არის სათანადოდ ყურად მიღებული და არ არის გათვალისწინებული.”
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG