Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთს შეთანხმებების შესრულებას სთხოვენ


საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის განუხრელი ზრდისა და ჩრდილოეთ კავკასიაში მორიგი მასშტაბური წვრთნების დაწყების ფონზე, საქართველოში სიტუაციის ხელახალი აფეთქების რისკი მაღლდება, რის გამოც დასავლეთში შეშფოთებას გამოთქვამენ. კონფლიქტის განახლების საფრთხის გამო მხარეთა მიმართ თავისი რეკომენდაციები ცოტ ხნის წინ გამოაქვეყნა ბელგიაში მოქმედმა საერთაშორისო კრიზისის ჯგუფმა. საგულისხმოა, რომ ”რეიტერისთვის” მიცემულ ინტერვიუში საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის საქართველოსთან დაკავშირებულ მოხსენებაში გამოთქმული შეშფოთება გაიზიარა საქართველოში ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა ტერი ჰაკალამ, მისიისა, რომელიც ცხინვალის რეგიონში მონიტორინგს 16 წლის მანძილზე ახორციელებდა და რომელიც საქართველოს რუსეთის წინააღმდეგობის გამო ტოვებს.

ეუთოს მისია საქართველოს ტოვებს და საქართველოდან გასვლის წინ მისი ხელმძღვანელი ტერი ჰაკალა კონფლიქტის განახლების საშიშროებაზე წუხს. ”სამწუხაროდ, ეს შესაძლებელია. მე ვიზიარებ საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის დასკვნაში გამოთქმულ შეხედულებებს”, - მოჰყავს ”რეიტერს” მისი სიტყვები. საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის დასკვნაში კი წერია: ”დღეს, რუსეთსა და საქართველოს შორის საომარი მოქმედებების შეწყვეტიდან 10 თვის თავზე, გრძელდება ინციდენტები სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის კონფლიქტის ზონებში. ძალადობრივი ინციდენტები უსაფრთხოების ეფექტიანი მექანიზმის არარსებობის პირობებში ხდება და ქმნის საშიშ ატმოსფეროს მორიგი მასშტაბური სამხედრო მოქმედებების აფეთქებისათვის.” ომის თავიდან ასაცილებლად საერთაშორისო კრიზისის ჯგუფის რეკომენდაციებს შორის უმთავრესია, რუსეთმა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომლის თანახმადაც, საქართველოში საკუთარი არმია მას 7 აგვისტომდე არსებულ პოზიციებზე უნდა დაეხია და ევროკავშირის მონიტორები დაშვებულნი უნდა ყოფილიყვნენ უშუალოდ კონფლიქტების ზონებში.

აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში რუსეთის ჯარის ყოფნას უადგილო უწოდა ნატოს გენერალური მდივნის საგანგებო წარმომადგენელმა რობერტ სიმონსმა ასტანაში მიმდინარე ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას: "რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს არ ასრულებს, მისი ჯარები ომამდე არსებულ პოზიციებზე ჯერაც არ დაბრუნებულან. აფხაზეთში კონფლიქტი არ ყოფილა, მაგრამ რუსეთის ჯარი იქ მაინც შევიდა და სეპარატისტული რეგიონის კონტროლი დაიწყო”, - განაცხადა რობერტ სიმონსმა და იქვე ხაზი გაუსვა, რომ, რუსეთთან დიალოგის განახლების მიუხედავად, საქართველოს საკითხში ნატოს თავისი პოზიცია არ შეუცვლია.

ასეთი შინაარსის მოწოდებები რუსეთის პოლიტიკასა და ქმედებებზე გავლენას ვერ ახდენს. მან დაიწყო აფხაზეთში სამუშაოები ოჩამჩირეში საკუთარი საზღვაო სამხედრო ფლოტის განსათავსებლად. სამუშაოები 2-3 წელიწადს გაგრძელდებაო, განაცხადა რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის ადმირალმა ვლადიმირ ვისოცკიმ. რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის მთავარ შტაბში აღნიშნავენ, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ ოჩამჩირის პორტში შესაძლებელი იქნება დიდი და მცირე სადესანტო გემების შეყვანა.

ეს არის რუსეთთან სეპარატისტული რეჟიმის მიერ გაფორმებული შეთანხმების შედეგი, მეგობრობის და ურთიერთდახმარების შეთანხმებისა. თუმცა ის, თუ როგორ ხდება ამ შეთანხმების რეალიზაცია, აფხაზების ღია შეშფოთებას იწვევს. სერგეი ბაღაფშს ოპოზიცია აკრიტიკებდა და აკრიტიკებს საზღვრის ერთობლივად გაკონტროლებასთან დაკავშირებით რუსეთთან დადებული შეთანხმების პირობების გამო. აი, როგორ გამოხატა აფხაზეთის ტელევიზიის, ”აბაზა ტვ”-ს, ეთერში ამასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლეილა ტანიამ:

”შეთანხებასთან დაკავშირებით მთელ დისკუსიას პოლიტიკური სპეკულაცია უწოდეს. ეს არასწორია. შეთანხმების ტექსტი აწუხებს არა მარტო ოპოზიციას, არამედ პოლიტიკისგან შორს მყოფ ადამიანებსაც და, დარწმუნებული ვარ, აწუხებთ პარტია ”ერთიანი აფხაზეთის” წევრებსაც, განსაკუთრებით შეთანხმების მესამე პუნქტი, სადაც ნათქვამია, რომ საკონტროლო-გამშვებ პუნქტებზე საზღვრები გაკონტროლდება ერთობლივად, დანარჩენ პერიმეტრზე კი მხოლოდ რუსი მესაზღვრეების მიერ. ამასთან დაკავშირებით დისკუსიისთვის სპეკულაცია არ უნდა ეწოდებინათ. ძალიან მნიშვნელოვანია ის, თუ ვინ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება პროვოკაციების ან, ღმერთმა ნუ ქნას, საომარი მოქმდებების დაწყების შემთხვევაში; ვისზე იქნება გადაწყვეტილების მიღების პრიორიტეტი - აფხაზეთის ხელისუფლებასა თუ რუსეთის ხელისუფლებაზე, ამის შესახებ შეთანხმების ტექსტი არაფერს ამბობს.”

სოხუმიდან გავრცელებული დაუდასტურებელი ინფორმაცით, ამ ცოტა ხნის წინ სერიოზულ ინციდენტს ჰქონდა ადგილი დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრსა და ერთ-ერთ რუს გენერალს შორის. წყარო, რომელზე დაყრდნობითაც ინფორმაცია გავრცელდა,ამბობს, რომ ერთ-ერთ თათბირზე შამბამ ღია უკმაყოფილება გამოხატა რუსი გენერლის განმარტებასთან დაკავშირებით, რომ აფხაზეთის ხელისუფლება და მისი შეიარაღებული ძალები მთლიანად რუსეთის გენერალიტეტს უნდა ემორჩილებოდნენ. ინფორმაციის თანახმად, რუსმა გენერალმა შამბას პროტესტის გამოხატვის გამო სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და საპასუხოდ შამბამ გენერალს დაარტყა. ამავე ცნობით, მომხდარის მისაჩუმათებლად შამბა სასწრაფოდ მოსკოვში გამოიძახეს. ასეა თუ ისე, მოსკოვში მართლაც შედგა სეპარატისტული რეგიონების წარმომადგენელთა - მათ შორის, სერგეი შამბას - შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან და რუსეთის საგარეო უწყებამ ამ შეხვედრასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში ჩაწერა: ”მხარეებმა იმედგაცრუება გამოთქვეს იმის გამო, რომ აფხაზეთში ვერ მოხერხდა გაეროს მისიის შენარჩუნება. ამგვარ ვითარებაში რუსეთის სამხედრო კონტინგენტები, რომლებიც რესპუბლიკის ტერიტორიაზე ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე განთავსდნენ, წარმოადგენს მთავარ ფაქტორს სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.”
XS
SM
MD
LG