Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი განაგრძობს საქართველოს საზღვრების “მცოცავ ანექსიას”


მამისონის უღელტეხილი
მამისონის უღელტეხილი
მამისონის უღელტეხილზე მომხდარმა სასაზღვრო ინციდენტმა საქართველოში ყველაზე ცხარე პოლიტიკური საკითხები დაჩრდილა და თავად იქცა ახალი დაპირისპირების საგნად ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. ოპოზიციის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა მიიჩნევენ, რომ ხელისუფლებამ სასაზღვრო ჯარს დაატოვებინა ეს სასაზღვრო საგუშაგო და შემდეგ ის ხიდიც ააფეთქებინა, რომელიც მამისონის უღელტეხილს რაჭის სოფლებთან აკავშირებს. ადგილობრივი მცხოვრებნი ხელისუფლებისგან მოითხოვენ, გამოიძიონ რატომ და ვინ ააფეთქა ხიდი, რომელიც რაჭის მაღალმთიან სოფლებს სათიბებთან აკავშირებდა.

ვითარება მამისონის უღელტეხილზე მომხდარი ინციდენტის გამო იმდენად დაიძაბა, რომ საქართველოს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი გასულ კვირაში მამისონის უღელტეხილთან მომხდარი ინციდენტის შესასწავლად ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის იდეითაც კი გამოვიდა: “მივმართავ წინადადებით როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციური პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლებს, შეიქმნას ერთობლივი ჯგუფი, რომელიც ჩავა, ადგილზე შეისწავლის ვითარებას და საზოგადოებას მიაწვდის სრულ და ობიექტურ ინფორმაციას”, განაცხადა სახალხო დამცველმა ამ რამდენიმე დღის წინ.

თუმცა, სანამ ერთობლივი ჯგუფი შეიქმნებოდა, მანამდე რაჭაში იმყოფებოდა და მამისონის უღელტეხილზე მომხდარი ინიციდენტის დამოუკიდებელი გამოძიება სტუდია “ჯნს-მა” ჩაატარა. ჟურნალისტ ნანა ლეჟავას თქმით, ხიდის აფეთქებამ არა მხოლოდ რაჭის მოსახლეობას შეუქმნა პრობლემა, არამედ ქართველ მესაზღვრეებსაც, რომლებიც უკვე ვეღარ შეძლებენ დაკარგული პოზიციების დაბრუნებას: “ქართველმა მესაზღვრეებმა საქართველო-რუსეთის საზღვარი თვითნებურად, დაახლოებით, 18 კილომეტრით აქეთ გადმოსწიეს. ადრე ისინი მამისონის უღელტეხილზე მეტეოსადგურის შენობაში იყვნენ დისლოცირებულნი. შემდეგ ეს სადგური რუსებმა დაიკავეს და ქართველებმაც ნებაყოფლობით მთის ძირში გადმოინაცვლეს. აფეთქებულ ხიდს იქით დარჩენილ ტერიტორიას ქართველები უკვე ვეღარ გააკონტროლებენ. სოფელ გლოლადან მამისონის უღელტეხილამდე, დაახლოებით, 25 კილომეტრია.”

ასეთი ინფორმაციის პასუხად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქართველი მესაზღვრეები კვლავინდებურად აკონტროლებენ მამისონის უღელტეხილს და მდინარე ჭანჭახზე სტიქიისგან ჩანგრეული ნიკოლოზისეული ხიდიც მალე აღდგება. თუმცა სიტუაცია საკმაოდ რთულია და არ არის გამორიცხული, რომ მამისონის უღელტეხილზე რუსეთმა კიდევ ერთი ბუფერული ზონა შექმნას. მამისონის უღელტეხილი კავკასიის მთავარ ქედზე ზღვის დონიდან 2900 მეტრზე მდებარეობს და მთლიანად კეტავს ე.წ. სამხრეთ ოსეთის სამხედრო გზას. სასაზღვრო საკითხების ექსპერტის, საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყოფილი შტაბის უფროსის, პოლკოვნიკ კორნელი სალიას თქმით, რუსეთი მამისონის უღელტეხილზე პრეტენზიას იმ დროიდან აცხადებდა, რაც საქართველომ დამოუკიდებლად დაიწყო საზღვრის კონტროლი: “მამისონზე საზღვრის ხაზი გადიოდა იქ, სადაც ეს მეტეოსადგური იყო", ამბობს სალია. "მაგრამ ჩვენ როცა ვდგებოდით, რუსები გვეუბნებოდნენ, ნუ დგეხართ აქო. მაგრამ ისინი დიდ პრობლემას არ ქმნიდნენ, რადგან მამისონის მეტეოსადგური ქართველების მიერ აშენდა საბჭოთა კავშირის დროს და ემსახურებოდა საქართველოს მხარე."

აღსანიშნავია, რომ მამისონის ინციდენტამდე რუსეთმა ორჯერ შეძლო ქართველი მესაზღვრეების გაძევება საზღვრის იმ მონაკვეთებიდან, რომლებიც, ქართველი ექსპერტების თქმით, სადავო იყო და სახელმწიფოთაშორისო შეთანხმების გზით გარკვევას საჭიროებდა. მაგრამ რუსეთი არ დაელოდა საზღვრის დემარკაციის კომისიის დასკვნებს და ისე მიიტაცა რამდენიმე ტერიტორია - მათ შორის, სოფელი ფიჭვები (რომელსაც შატილის მოსახლეობა იყენებდა ზამთრის საძოვრებად) და მისი მიმდებარე საძოვრები.

მაგრამ 2000 წელს, როდესაც რუსეთმა ჩეჩნეთში ე.წ. ანტიტერორისტული ოპერაციის მეორე ეტაპი წამოიწყო, მოსკოვს მაშინვე გაახსენდა სოფელი ფიჭვები და გადაწყვიტა ურჩ ჩეჩნეთთან ერთად დაესაჯა საქართველო, რომელმაც გზა გაუხსნა ჩეჩნეთიდან ლტოლვილებსა და დაჭრილებს. საზღვრის საკითხების ექსპერტი კორნელი სალია იხსენებს, რომ მაშინ სოფელ ფიჭვების სასაზღვრო პუნქტზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა: “ეს ლტოლვილები ხომ მოდიოდნენ და როდესაც აიღეს ეს ტერიტორია, ჩვენს საგუშაგოსაც ესროლეს", იხსენებს კორნელი სალია. "მაშინ ჩვენ პოსტი გვეყენა იქ და იმ პოსტიდან ხალხი გამორეკეს. ჩვენები აიძულეს, გამოსულიყვნენ."

ცოტა მოგვიანებით, 2001 წელს, რუსმა მესაზღვრეებმა ასევე აიძულეს ქართველი მესაზღვრეები, დაეტოვებინათ დაახლოებით, სამკილომეტრიანი ზოლი ზემო ლარსის საგუშაგოზე, საქართველოს სამხედრო გზაზე. საქართველოს ტერიტორიების ანექსიამ ღია ფორმა მიიღო აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, როდესაც თვითაღიარებულმა სამხრეთ ოსეთმა და აფხაზეთმა, რუსეთის დახმარებით, მიიტაცეს კოდორისა და დიდი ლიახვის ხეობა, ახალგორის რაიონი და სოფელი პერევი, რომელიც დღემდე ორადაა გაყოფილი რუსი სამხედრობის მიერ. საერთაშორისო საზოგადოების არაერთი მოწოდების მიუხედავად, მოსკოვი არ ჩქარობს არც ერთი ოკუპირებული ქართული ტერიტორიის დაბრუნებას. მამისონის საგუშაგოზე მომხდარი ბოლო სკანდალი კი იმაზე მეტყველებს, რომ რუსეთი, შესაძლოა, კვლავაც განაგრძობდეს საქართველოს საზღვრების “მცოცავ ანექსიას”.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG