Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რადიო თავისუფლების კორესპონდენტს სოხუმში დატოვება დაუპირეს


სოხუმი
სოხუმი
რადიო თავისუფლების სპეციალური კორესპონდენტის ბრაიან უიტმორის ორდღიანი მოგზაურობა აფხაზეთში - კერძოდ, სოხუმში - არც ისეთი მშვიდი და უპრობლემო გამოდგა, როგორც ამას ჩვენთან საუბრისას 9 ივნისს აღწერდა. სოხუმშიის თბილად მიიღეს, ელაპარაკნენ პრობლემებზე - იმაზე, რომ იქ დემოკრატიულ საზოგადოებას აშენებენ, რეალურ დამოუკიდებლობას ესწრაფვიან, ადამიანის უფლებების დაცვა აინტერესებთ და ასე შემდეგ. 10 ივნისს ჩვენი კოლეგა სოხუმიდან თბილისში ბრუნდებოდა და იმის შესახებ, რაც სოხუმის აეროპორტში შეემთხვა, უკვე თბილისში გვიამბო: "ეს იყო კაფკასებური სიტუაცია და ვფიქრობდი, ღმერთო ჩემო, მთელი ეს ორი დღე სოხუმში მიმტკიცებდნენ, როგორი კარგი ხალხია, დემოკრატიულები, რამდენად ღია საზოგადოებას აშენებენ, რომ ქართველები მათთან შედარებით ძალიან ცუდები არიან... ასეთი რამ კი არ შემხვედრია არსად, ბელორუსიაშიც კი."

როგორც თავად ამბობს, ბრაიან უიტმორი კაფკასებურ სიტუაციაში აღმოჩნდა სოხუმის აეროპორტში 10 ივნისს - მაშინ, როცა სოხუმში ორი დღით სტუმრობის შემდეგ, გაეროს მისიის თანამშრომლებთან ერთად თბილისისკენ გაეროს მისიისავე ვერტმფრენით უნდა გამოფრენილიყო. ბრაიანი სოხუმშიც გაეროს მისიას გაჰყვა და პრობლემა მხოლოდ უკან მომავალს შეექმნა. სოხუმის აეროპორტში აფხაზმა მესაზღვრეებმა მას დამატებითი დოკუმენტი, აკრედიტაცია, მოსთხოვეს და, ამ დოკუმენტის უქონლობის გამო, სოხუმში დატოვება დაუპირეს.

რა შუაში იყო ეს დოკუმენტი? დავიწყოთ ბრაიან უიტმორის სოხუმში ჩასვლით. აეროპორტში მას საბუთები ახალგაზრდა აფხაზმა ქალმა შეუმოწმა - ნახა პასპორტი, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ნებართვაც, ანუ იმის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ რადიო თავისუფლების ჟურნალისტს, ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეს, აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრო ნებას რთავს გადაკვეთოს აფხაზეთის საჰაერო სივრცე გაეროს მისიის საჰაერო საშუალებით. ამავე ქალმა ბრაიან უიტმორს, როგორც ბრაიანი ჰყვება, დამტვრეული ინგლისურით აუხსნა, რომ საჭირო იყო რაღაც აკრედიტაციაც, რომელსაც დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროში ვიზასთან ერთად მიიღებდა. ამის შემდეგ ბრაიანი აეროპორტიდან პირდაპირ დე ფაქტო სამინისტროში მივიდა. ”მივედი. იქ, ასე ვთქვათ, საკონსულო სამსახურში, იჯდა ახალგაზრდა კაცი. მივეცი ჩემი პასპორტი, ნებართვაც და ავუხსენი, რომ მჭირდებოდა ვიზა და აკრედიტაცია. მიპასუხა, რომ უკვე გვიანი იყო და იქნებ მომესწრო სალაროში ვიზის საფასურის - 20 დოლარის - გადახდა. შემდეგ უნდა დავბრუნებულიყავი მასთან ქვითრით და მიმეღო საბუთები, მაგრამ სალარო დაკეტილი დამხვდა. როგორც ჩანს, აფხაზეთში ბანკებს ძალიან ადრე ხურავენ. მეორე დღეს დილითვე მივედი მათ სამინისტროში. ბევრი სამუშაო მქონდა და ბიუროკრატიულ პროცედურებზე დროს ვკარგავდი, მაგრამ ყველაფერი წესრიგში უნდა მქონოდა მათი კანონების შესაბამისად. მოვითხოვე ისევ ვიზა და აკრედიტაცია. ფული გადავიხადე, ქვითარი და საბუთები სამინისტროს თანამშრომელს ჩავაბარე. 15 წუთიანი ლოდინის შემდეგ მან უკან დამიბრუნა პასპორტი და ვიზა, ოღონდ ვიზა პასპორტში არ დაუფიქსირებიათ: აფხაზეთის რესპუბლიკა არაა აღიარებული და ესმით, რომ ამით მომავალში, შესაძლოა, პრობლემები შემქმნოდა. მოკლედ, მომცეს პასპორტი და ვიზის შესაბამისი ქაღალდი. ვიკითხე, სულ ეს არის? ყველაფერი წესრიგშია-მეთქი? მითხრეს, კიო. მერე მთელი დღე ვმუშაობდი და ამ დილით უკან, თბილისში, გაეროს თანამშრომლებთან ერთად ვბრუნდებოდი. მივედი აეროპორტში. ბარგი აიტანეს გაეროს ვერტმფრენში და ისევ ის ახალგაზრდა ქალი... ისევ მან მომთხოვა საბუთები. ჩავაბარე და ისევ მომკითხა აკრედიტაცია. ავუხსენი, რომ ვიყავი სამინისტროში და იქ არ ჩათვალეს საჭიროდ აკრედიტაციის მოცემა. არ ვიცი, თქვენ უნდა გქონოდათ აკრედიტაციაო, გამიმეორა; მე კი გავუმეორე ის, რაც მათ სამინისტროში მითხრეს.”

თავიდან არ შევშფოთებულვარო, - ამბობს ბრაიან უიტმორი. მას გაეროს მისიის თანამშრომლებმა ჰკითხეს, რა ხდებაო. აუხსნა: ეტყობა, პოსტსაბჭოთა, არადემოკრატიული სივრცისთვის დამახასიათებელი ტიპიური რაღაც ხდება და ყველაფერი, ალბათ, რამდენიმე წუთში გაირკვევაო. დრო კი ცოტა იყო. ვერტმფრენის მფრინავი ღელავდა, რადგან ის სოხუმიდან დათქმულ დროს უნდა გამოფრენილიყო. საქმე გართულდა. მასში, აეროპორტის თანამშრომლებთან ერთად, ადგილობრივი მილიციის თანამშრომლები ჩაერთვნენ. ბრაიანს ჰკითხეს, სად მუშაობს. უპასუხა, რომ რადიო თავისუფლების თანამშრომელია. ” რადიო თავისუფლების ხსენებაზე ერთმანეთს გადახედესო”, - იხსენებს. ჰკითხეს ისიც, სოხუმში რა საქმე ჰქონდა, ვის შეხვდა, რაზე ისაუბრეს. პასუხად მიიღეს, რომ ჰქონდა შეხვედრები ადამიანებთან... ”აქ მივხდი, რომ იმ ადამიანების დასახელებით, შესაძლოა, მათთვის პრობლემები შემექმნა”,- ამბობს ბრაიან უიტმორი და... ამასობაში, მას ვერტმფრენიდან ბარგის ჩამოტანაც მოსთხოვეს.

”როცა ბარგის ჩამოტანა მომთხოვეს, გაეროს მისიის თანამშრომლებს ვთხოვე: თუ შეიძლება, არ წახვიდეთ უჩემოდ, დამიცადეთ, სანამ ყველაფერი არ გაირკვევა-მეთქი. გაეროს მისიის თანამშრომლები ძალიან შეწუხდნენ. ამიხსნეს, რომ არ ჰქონდათ საიმისო უფლებამოსილება, საქმეში ეფექტურად ჩარეულიყვნენ და დამხმარებოდნენ. მივხვდი, რომ მალე, სულ რაღაც წუთებში, მარტო დავრჩებოდი გაურკვეველ ვითარებაში. რა იქნებოდა ამის შემდეგ, წარმოდგენაც არ მქონდა. არ ვიცოდი, როგორ დამსჯიდნენ, ჯარიმის გადახდას მომთხოვდნენ თუ რამე უარესს, არაფერი ვიცოდი.”

და აი, გაჭრა იმან, რაც, ბრაინის თქმით, მარტო კავკასიაში ჭრის. მან გაიხსენა ადამიანი, რომელსაც შეხვდა სოხუმში და რომელმაც უთხრა, რომ მისი ახლობლები დე ფაქტო ხელისუფლებაში მუშაობენ. მოასწრო მასთან დარეკვა, რის შედეგადაც საქმეში ჩაერივნენ ისინი, ვისაც შეეძლო პრობლემის მოგვარება, და ინციდენტი, როგორც იქნა, ამოიწურა. ”როგორც იქნა, გამომიშვეს. ერთი რამ იყო კიდევ სასაცილო: როცა შვებით ამოვისუნთქე და ვერტმფრენისკენ გავემართე, გაეროს მისიის ორმა თანამშრომელმა - ბრიტანელები იყვნენ - მითხრა: იმ შემთხვევაში, თუ არ გამოგიშვებდნენ, გადაწყვეტილი გვქონდა, სოლიდარობის ნიშნად, ჩვენც აქ დავრჩენილიყავით - ვერტმფრენში უშენოდ ჩაჯდომას არ ვაპირებდითო.

ეს იყო კაფკასებური ისტორია კავკასიაში, აფხაზეთში, სოხუმში, სადაც 2 დღე მიმტკიცებდნენ, რომ ღია, დემოკრატიულ საზოგადოებას აშენებენ, სადაც ეშინიათ ქართველების და ეშინიათ რუსებისაც და ამბობენ, რომ დამოუკიდებლობას ესწრაფვიან, თუმცა შედეგად რა რეალობაში არიან და საით მიდიან, ეს რთული, ძალიან რთული საკითხია”, -ამბობს ბრაიან უიტმორი. ის ჯერჯერობით თბილისშია და მალე დაწერს ყველაფერზე, რაც საქართველოში - თბილისში, გორში და, ბოლოს, სოხუმში - ნახა.
XS
SM
MD
LG