Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანისა და ეგვიპტის ცივ ომში ყინული ლღვება


ეგვიპტელი და ტუნისელი ხალხის მხარდამჭერი აქცია თეირანში
ეგვიპტელი და ტუნისელი ხალხის მხარდამჭერი აქცია თეირანში
ირანსა და ეგვიპტეს შორის 30 წელზე მეტხანს იყო დაძაბული ურთიერთობა, ახლა კი, ეგვიპტის პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის დამხობის შემდეგ, ორ ქვეყანას შორის ყინულმა ლღვობა დაიწყო. ამ საკითხზე ჩვენი რადიოს კორესპონდენტის, რობერტ ტეიტის რეპორტაჟს გაგაცნობთ.

ეგვიპტესა და ირანს შორის დიპლომატიური კავშირები ირანის 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ გაიყინა. განხეთქილება საბოლოოდ გამყარდა 1981 წელს, როცა ისლამისტმა სამხედრო ოფიცერმა ხალიდ ისლამბულიმ ეგვიპტის პრეზიდენტი ანვარ სადატი მოკლა, ისრაელთან კემპ დევიდის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებისთვის შურისძიების მიზნით. ეს მკვლელობა ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და იდეოლოგიური შეუთავსებლობის სიმბოლო გახდა.

ისლამბული, რომელიც სამ თანამზრახველთან ერთად ერთი წლის შემდეგ სიკვდილით დასაჯეს, ეგვიპტეში ისლამური რადიკალიზმის, ბოროტების განსხეულებად იქცა, ირანში კი მას გმირად და წამებულად მიიჩნევენ - თეირანის ცენტრში კედელზე მისი პორტრეტია გამოსახული, ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ქუჩას კი მისი სახელი ჰქვია. ეგვიპტე ამ ყველაფერს პროვოკაციად და ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვან წინაღობად აღიქვამს.

თუმცა ახლა დადგა დრო, როცა, როგორც ჩანს, ისლამბულის აჩრდილი გაქრობას იწყებს.

თებერვალში დაემხო ეგვიპტის პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის ხელისუფლება, რომელიც ირანის ისლამურ რეჟიმს მტრად აღიქვამდა. ახლა კი, შესაძლოა ისრაელის და აშშ-ის ინტერესების საწინააღმდეგოდ, ეგვიპტე აცხადებს, რომ მზად არის თეირანთან დიპლომატიური კავშირების აღსადგენად.

ამაზე მიანიშნა 30 მარტს ეგვიპტის ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ნაბილ ალ-არაბიმ, რომელმაც ირანთან „კავშირების გაფართოების“ იმედი გამოთქვა. ერთი თვით ადრე კი მუბარაქის შემდგომმა ეგვიპტემ დასავლეთში დიდი შეშფოთება გამოიწვია, როცა, 30 წლის განმავლობაში პირველად, ირანის გემებს სუეცის არხის გავლის ნება დართო. ახლახან კი საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, მეჰნა ბახუმმა, პირდაპირ განაცხადა, ცვლილებისთვის მზად ვართო. „წინა რეჟიმი ირანს მტრად აღიქვამდა, მაგრამ ჩვენ ასე არ ვთვლითო“, - თქვა მან.

ეგვიპტის თბილ სიტყვებს თეირანიც გამოეხმაურა - ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ კაიროში 1979 წლის შემდეგ პირველი ელჩის გაგზავნას გეგმავს.

ახლო წარსულთან კონტრასტი მართლაც თვალშისაცემია. „ვიკილიკსის“ მიერ გამოქვეყნებული აშშ-ის დიპლომატიური დეპეშების თანახმად, ჰოსნი მუბარაქმა ერთხელ სენატორ ჯონ კერის უთხრა, ირანელები „დიდი, მსუქანი მატყუარები არიან, თავიანთ ტყუილებს კი იმით ამართლებენ, რომ სჯერათ ეს მაღალ მიზნებს ემსახურებაო.“

აშშ-ისა და განსაკუთრებით ისრაელისთვის ირანსა და ეგვიპტეს შორის რაიმე სახის ალიანსის დამყარება ლამის კოშმარულ სცენარს წარმოადგენს.

ისრაელს კაიროში ირანის საელჩოს გახსნის პერსპექტივაც კი აშფოთებსო, - ამბობს მეირ ჯავენდაფარი, წარმოშობით ირანელი ექსპერტი, რომელიც ახლა ისრაელში ცხოვრობს და ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესების ანალიტიკურ ცენტრში მუშაობს: „ისრაელისთვის ამ რეგიონის ნებისმიერ, განსაკუთრებით კი მასთან საზღვრის მქონე ქვეყანასა და ირანს შორის ურთიერთობის არსებობა არ არის კარგი. ისრაელს ადგილზე ირანის წარმომადგენლობის ნებისმიერი ზრდა აშინებს, იმიტომ რომ, ისრაელის მთავრობის აზრით, ირანელებმა შეიძლება თავიანთი გავლენა გამოიყენონ და ხალხი უფრო მეტად განაწყონ ისრაელის წინააღმდეგ, ან ეს ტერიტორია ისრაელის საწინააღმდეგო დაზვერვისთვის გამოიყენონ, ანდა, ირანის ბირთვულ ობიექტებზე იერიშის მიტანის შემთხვევაში, ამ ტერიტორიიდან სულაც ისრაელის სამიზნეებზე განახორციელონ თავდასხმა.“

უფრო კონკრეტულად, ისრაელს ეგვიპტის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ დეკლარირებული მიზანი - ჰამასთან ურთიერთობის დამყარება - აშფოთებს. ჰამასი ისლამისტური ორგანიზაციაა, რომელიც ღაზას მართავს და რომელსაც ირანი უმაგრებს ზურგს.

თუმცა, ჯავენდაფარის თქმით, პროცესები სწორხაზოვნად არ წარიმართება. ანალიტიკოსის ვარაუდით, ჰამასის საკითხი ირანსა და ეგვიპტეს შორის ახლებურ მეტოქეობას წარმოშობს, რადგან ეგვიპტის მთავრობა შეეცდება ჰამასის თეირანზე დამოკიდებულების ხარისხი შეამციროს. ამასთან, ჯავენდაფარი თვლის, რომ, პოზიციის ცვლილების მიუხედავად, ეგვიპტე ჰამასთან მიმართებით ირანის პოზიციას მაინც არ გაიზიარებს, რადგან ეს მას მნიშვნელოვან მოკავშირესთან - აშშ-თან - გაუფუჭებს ურთიერთობას.

ზოგადად, ბევრი ექსპერტი მიიჩნევს, რომ ურთიერთობების დათბობის ფონზე ირანსა და ეგვიპტეს შორის ალიანსის დამყარებაზე შიში უსაფუძვლოა. კაიროში განთავსებული რეგიონალური და სტრატეგიული საკითხების ცენტრის დირექტორი მუსტაფა ალ-ლაბადი პირდაპირ აცხადებს, რომ ირანთან ურთიერთობის დამყარება არ შეცვლის ეგვიპტის სხვა რეგიონალურ კავშირებს, მაგალითად, საუდის არაბეთთან, რომელიც თეირანის მიზნებს ეჭვით უყურებს. ლაბადი არც სტრატეგიული ალიანსის შექმნას ვარაუდობს და თვლის, რომ ირანთან დაახლოების გამო ეგვიპტე არც კემპ დევიდის სამშვიდობო ხელშეკრულებასთან მიმართებით შეცვლის პოზიციას: „არა მგონია, ამან ისრაელის და ეგვიპტის კავშირებზე იმოქმედოს. ეგვიპტეში არავინ გამოთქვამს ეჭვს კემპ დევიდის ხელშეკრულების გარშემო და არც ისრაელთან დაძაბულობა სურს ვინმეს. მაშინაც კი, თუკი ეგვიპტის ახალ პარლამენტში უმრავლესობაში „მუსულმანთა საძმოს“ წევრები მოვლენ, მათ ამ ხელშეკრულების თაობაზე დაეჭვებისთვისაც კი არ აქვთ შესაძლებლობა ან ნება.“

თუმცა, ამავე დროს, ანალიტიკოსების უმრავლესობა თანხმდება, რომ ეგვიპტესთან ურთიერთობის დამყარება ცალსახად დადებითი მოვლენა იქნება ირანის პოლიტიკური, თეოკრატიული სისტემისთვის - რომელიც ამით ბევრად უფრო იხეირებს, ვიდრე კაირო. რეგიონში ირანის იზოლირების ხარისხი შემცირდება - კაიროში საელჩოს ქონა და სუეცის არხში საბრძოლო გემების გაშვების შესაძლებლობა კი მნიშვნელოვნად გაამყარებს თეირანის ამბიციებს რეგიონული გავლენის გაზრდის თაობზე.
XS
SM
MD
LG