Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიო ბანკის თანახმად, საქართველო მოწინავე რეფორმატორი ქვეყანაა


ვაშინგტონი, მსოფლიო ბანკის შენობა.
ვაშინგტონი, მსოფლიო ბანკის შენობა.
მსოფლიო ბანკის საფინანსო კორპორაციამ საქართველო, საგადასახადო სისტემასა და საფინანსო სფეროში გატარებული რეფორმების მიხედვით, ცენტრალური აზიისა და ევროპის რეგიონში ყველაზე წარმატებულ ქვეყნად დაასახელა. შესაბამისი ჯილდოს მისაღებად 22 აპრილს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე გაემგზავრა. ხელისუფლება მიიჩნევს, რომ მსოფლიო ბანკმა ჯეროვნად დააფასა საქართველოს მთავრობის უკანასკნელი ხუთი წლის საქმიანობა და პირველი ადგილის მინიჭებით გზა გაუხსნა ინვესტიციების ახალ ნაკადს.

მსოფლიო ბანკის საფინანსო კორპორაციის კვლევამ, საერთო ჯამში, ხუთი რეგიონის 150 ქვეყანა მოიცვა. „ახალი ეკონომიკური სკოლის“ პრეზიდენტის პაატა შეშელიძის თქმით, კვლევის შედეგების მიხედვით გაირკვა, თუ რომელ ქვეყნებშია ყველაზე იოლი ბიზნესის დაწყება, წარმოება და დახურვა.

„მაღალი ადგილი არ ნიშნავს, რომ საქართველო არის მდიდარი ქვეყანა“, ამბობს პაატა შეშელიძე, „უბრალოდ, ბევრი რამ გაკეთდა საიმისოდ, რომ გახდეს საქართველო წარმატებული ქვეყანა.“

პაატა შეშელიძის თქმით, საქართველოს საუკეთესო მაჩვენებლები აღმოაჩნდა ბიზნესის წამოწყების სიმარტივის, ქვეყანაში არსებული ლიცენზიების სიმცირისა და შრომითი კანონმდებლობის მიხედვით. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბიზნესის დასაწყებად აღარაა საჭირო საწესდებო კაპიტალი, დამფუძნებელთა კრების ოქმი და სხვა ფორმალობები. შეშელიძის თქმით, საქართველო ასევე მოწინავეა ქონების რეგისტრაციისა და კრედიტების მიღების კომპონენტების მიხედვითაც, რასაც ვერ ვიტყვით ინვესტორების დაცულობასა და გადასახადების სიმარტივეზე.

პაატა შეშელიძე: „ქონების დაცვაზე, საკუთრების ხელშეუხებლობაზეა ლაპარაკი. ბევრი რამ უკანასკნელ წლებში შეიცვალა, თუმცა მანამდე, ამ მხრივ, ძალიან სავალალო მდგომარეობა იყო. გადასახადების კუთხითაც საქართველო ერთ-ერთ ბოლო, 110-ე, ადგილზეა. ძალიან ცუდი მდგომარეობაა იმის გამო, რომ საქართველოში გადასახადების გადახდის მექანიზმი ძალიან რთულია. ჯარიმების მოცულობა ძალიან დიდია, ისევე როგორც ადმინისტრირების მექანიზმი.“

თუმცა პაატა შეშელიძის, „ახალი ეკონომიკური სკოლის“ პრეზიდენტის, თქმით, მთლიანობაში, საქართველოს საშუალო მაჩვენებელი რეგიონში მაინც საუკეთესოა. ამ მაჩვენებელს საქართველოს მთავრობის საქმიანობის ლოგიკურ შედეგად მიიჩნევენ როგორც აღმასრულებელი, ასევე საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები. აი, რა განაცხადა საქართველოს პალამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებთან შეხვედრის წინ:

„მსოფლიოს ყველაზე კომპეტენტურმა საფინანსო ინსტიტუტმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობის საქმიანობა ეკონომიკის სფეროში. ეს წარმატება არის სიგნალი ინვესტორებისადმი, რომ საქართველო გახლავთ ქვეყანა, სადაც ინვესტიციის განხორციელება ღირს.“

დავით ბაქრაძის მსგავსად, მსოფლიო ბაკნის აღიარება ინვესტორების მოზიდვისა და ეკონომიკური კრიზისის დაძლევის წინაპირობად მიაჩნია საქართველოს პრეზიდენტსაც. მიხეილ სააკაშვილის თქმით, მძაფრი კონკურენციის მიუხედავად, საქართველოს გადარჩენის ყველაზე მეტი შანსი აქვს:

„იყო დიდი შეჯიბრი პოლონეთს, ბალკანეთის ქვეყნებსა და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებს შორის, მაგრამ საქართველომ ყველას აჯობა. ეს არის მთავარი მაჩვენებელი. მიუხედავად საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული დიდი პროპაგანდისა, ყველამ ნახა, რომ ეს არის ქვეყანა, სადაც ეკონომიკა სწორადაა აწყობილი. ახლა, როგორც არასდროს, გვაქვს კარგი შანსი უახლოესი თვეების განმავლობაში გადავლახოთ კრიზისის ყველაზე უარყოფითი შედეგები“, განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა 22 აპრილს გამართულ მთავრობის სხდომაზე.

თუმცა პრეზიდენტის ამგვარ ოპტიმიზს არ იზიარებს ეკონომიკის ექსპერტთა ერთი ნაწილი. გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ ბიზნესის დასაწყებად საჭირო ფორმალური პროცედურების გამარტივება ქვეყნის ეკონომიკის განვითარების აუცილებელი, მაგრამ არასაკმარისი პირობაა.

„ეს თავისთავად კარგია, ცუდი არაა!“ , უთხრა გია ხუხაშვილმა რადიო თავისუფლებას, „თუმცა ეს მაჩვენებელი არ შეიძლება ჩაითვალოს ეკონომიკაში მოსალოდნელი ცვლილებების ან ინვესტორთა გააქტიურების ინდიკატორად. ეკონომიკის მდგომარეობას განაპირობებს არა ის, თუ რამდენ დღეში შეიძლება კომპანიის რეგისტრაცია, არამედ სისტემური ფაქტორები და, ამ მხრივ, საქართველოში არ არის მაინცდამაინც სახარბიელო მდგომარეობა.“

გია ხუხაშვილი ჩამოთვლის ხელისშემშლელ ფაქტორებს, რომელთა შორისაა მაღალი პოლიტიკური რისკები, არაკონკურენტული გარემო, ადმინისტრირებისა და მართლმსაჯულების სისტემები. მსოფლიო ბანკის კვლევის შედეგებსა და საქართველოს ეკონომიკის მოსალოდნელ განვითარებას შორის პირდაპირი კავშირის დანახვა უჭირს პაატა შეშელიძესაც. „ახალი ეკონომიკური სკოლის“ პრეზიდენტის თქმით, ინსტიტუციური გარემოს შეცვლა და გაუმჯობესება საქმის მხოლოდ ერთი ნახევარია.

„პოლიტიკური გარემოც უნდა აჰყვეს ამ ცვლილებებს. შეიძლება პროგრესული კანონები გქონდეს ქაღალდზე დაწერილი, მაგრამ პოლიტიკური ლიდერები ამას არად დაგიდევდნენ დ თავიანთ საქმეს აკეთებდნენ დაწერილი კანონების საწინააღმდეგოდ“, განუცხადა პაატა შეშელიძემ რადიო თავისუფლებას.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG