Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბელორუსიის პარლამენტი აპირებს იმსჯელოს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარების საკითხზე


ბელორუსიის პარლამენტი აპირებს იმსჯელოს საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარების საკითხზე.

ამის შესახებ ცნობას საინფორმაციო სააგენტოები ბელორუსიის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ნათქვამზე დაყრდნობით ავრცელებენ. არ არის გამორიცხული მინსკში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის თაობაზე მსჯელობა აპრილში გაიმართოს.. თბილისში იმედოვნებენ, რომ ბელორუსიის მხარეს ეყოფა გამბედაობა საიმისოდ, რომ არ მიიღოს საქართველოს მიმართ არამეგობრული გადაწყვეტილება. ბელორუსიის ხელისუფლებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა, რუსეთის წნეხის მიუხედავად, არ გაჰყვეს რუსეთისა და ნიკარაგუას გზას.


საქართველოს ტერიტორიაზე თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ხელისუფლებებმა ბელორუსიის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს აღიარების თხოვნით სექტემბერში მიმართეს - მას შემდეგ, რაც ლუკაშენკომ ვენესუელას პრეზიდენტ ჰუგო ჩავესთან ერთად გაამართლა რუსეთის გადაწყვეტილება აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის თაობაზე. რუსეთმა კი გადაწყვეტილება მიიღო 2008 წლის 26 აგვისტოს, საქართველოსთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმების შემდეგ, და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარებით საერთაშორისო ნორმების წინააღმდეგ წასვლა შექმნილი მდგომარეობით ახსნა. რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა მაშინ თქვა, რომ შექმნილ მდგომარეობაში რუსეთი მოვალე იყო გაეთვალისწინებინა აფხაზი და ოსი ხალხის ნება....

[დმიტრი მედვედევის ხმა]
”ეს არ არის ადვილი გადაწყვეტილება, მაგრამ ეს ერთადერთი საშუალებაა ადამიანთა სიცოცხლის შესანარჩუნებლად.”

რუსეთის არცთუ ადვილი გადაწყვეტილება ევროპის ქვეყნებს შორის პირველებმა საფრანგეთმა და გერმანიამ დაგმეს.. სამაგიეროდ, რუსეთის არჩევანს გაგებით ნიკარაგუას, ვენესუელას და ბელორუსიის ხელისუფლებებში მოეკიდნენ.მაგრამ ამ სახელმწიფოთაგან რუსეთის გზას უმალვე მხოლოდ ნიკარაგუა გაჰყვა. აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა მან 6 სექტემბერს აღიარა. ვენესუელას და ბელორუსიის პრეზიდენტები რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების სიტყვიერი მხარდაჭერით შემოიფარგლნენ. ”რუსეთი მართალია და იგი იცავს თავის ინტერესებს, ჩვენ ზუსტად მასავით მოვიქცეოდითო”, - თქვა ვენესუელას პრეზიდენტმა ჰუგო ჩავესმა. ” რუსეთს სხვა მორალური არჩევანი არ ჰქონდაო ”, - ამ სიტყვებით გაამართლა რუსეთის ქმედება ბელორუსიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ. მანვე გადაწყვეტილების მიღების გადავადება იმით ახსნა, რომ ბელორუსიაში ახალი პარლამენტი იყო ასარჩევი. აღნიშნა, რომ ისეთ საკითზე, როგორიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებაა, ბელორუსიის ახალ პარლამენტს უნდა ემსჯელა.

მაგრამ ეს არ უნდა ყოფილიყო თავშეკავების ერთადერთი მიზეზი. დასავლელი ექსპერტების აზრით, თავშეკავებით ბელორუსია ცდილობდა არ გაეფუჭებინა ურთიერთობა დასავლეთთან და, იმავდროულად, საკითხს რუსეთთან გაზის თემაზე სავაჭრო კოზირად ინახავდა. და, აი, დადგა მოლოდინი იმისა, ჩამოვა თუ არა ბელორუსია ამ კოზირს. მისმა პრეზიდენტმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საკითხი მოსკოვში დეკემბრის ბოლოს გამართულ მოლაპარაკებებზე განიხილა და ახლახან განაცხადა, რომ ბელორუსიის პარლამენტს მოუწევს განიხილოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობის საკითხი. საქართველოს მხარე შეშფოთებით უყურებს ასეთ სიტუაციას და იტოვებს იმედს, რომ ოფიციალური მინსკი თავს შეიკავებს გადაწყვეტილების მიღებისგან. განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით ჯალაღონიამ გააკეთა. მისი სიტყვებით, ” ბელორუსიის მხრიდან საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარება მიჩნეული იქნება არამეგობრულ ქმედებად. ” მაგრამ რა შეიცვლება იმ შემთხვევაში, თუკი ბელორუსიაში ყურად არ იღეს საქართველოს მოწოდება და თუ იქ არ ეყოთ გამბედაობა გაუძლონ რუსეთის წნეხს? რას შეცვლის აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის ამღიარებელი სახელმწიფოების რიცხვის ზრდა ისეთი სახელმწიფოების ხარჯზე, როგორიცაა, მაგალითად, ბელორუსია? პოლიტოლოგი ალექსანდრე რონდელი ამბობს:

[ალექსანდრე რონდელის ხმა] ”რიცხვი თვისებრივ ხასიათსაც იღებს ხანდახან, მაგრამ რიცხვი დიდი უნდა იყოს და მათ შორის უნდა იყვნენ წამყვანი სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები. ბელორუსია შემდგომი ნაბიჯია რუსეთის მხრიდან, ისინი შეეცდებიან ნელ-ნელა გაზარდონ ასეთი სახელმწიფოების რიცხვი, მაგრამ წამყვანი სახელმწიფოები და საერთაშორისო ორგანიზაციები არის მთავარი.”(სტილი დაცულია)

რუსეთის მიზანია საქართველოს სეპარატისტული და მის მიერ ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობის ამღიარებელთა წრე გააფართოოს კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის წევრთა ხარჯზე: ამ მიზანზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი ღიად ლაპარაკობს, მაგრამ თან განმარტავს, რომ მიზნის მისაღწევად რუსეთი არ აპირებს ზეწოლას პარტნიორებზე - იგულისხმებიან: ბელორუსია, სომხეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი. ამ სახელმწიფოთაგან საქართველო მხოლოდ ბელორუსიას მოუწოდებს, რუსეთის წნეხის მიუხედავად, არ გადადგას ნაბიჯი საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აღიარებისკენ.



XS
SM
MD
LG