Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არიან თუ არა ახალგაზრდები მასობრივად იმედგაცრუებულნი სამხედრო სამსახურით


საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ საკონტრაქტო პროფესიულ

სამხედრო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევა გამოაცხადა. გასაწვევი კონტინგენტის რაოდენობა არ მჟღავნდება, თუმცა მოთხოვნები მომავალი რეკრუტებისათვის იგივეა - სუფთა ბიოგრაფია და შესაბამისი ჯანმრთელობა. საინტერესოა, რამდენად იზიდავს საკონტრაქტო სამხედრო სამსახური მოქალაქეებს აგვისტოს ომის შემდეგ, როდესაც ახალი სამხედრო აგრესიის განმეორების შესაძლებლობა რუსეთის მხრიდან კვლავაც რეალურია.

რუსეთ-საქართველოს ომის დროს ყველაზე დიდი ზარალი თავდაცვის სამინისტრომ ნახა: 5 დღიან ბრძოლებში 169 ჯარისკაცი და ოფიცერი დაიღუპა,დაახლოებით 400-მა კი სხვადასხვა სახის ჭრილობა მიიღო. დაზარალებული პირადი შემადგენლობის შესავსებად თავდაცვის სამინისტრომ საკონტრაქტო სამსახურში ახალი ნაკადის მიღება გამოაცხადა. მსურველთა საბუთების მიღება 19 იანვრიდან დაიწყება და ერთ კვირას გასტანს. საკონტრაქტო სამსახურში მოხვედრილ პირებს კი თავდაცვის სამინისტრო კვლავ ჰპირდება მაღალ ანაზღაურებას, სამედიცინო დაზღვევას, კარგ საყოფაცხოვრებო პირობებს და სამართლებრივ გარანტიებს. მაგრამ რამდენად არის ეს პირობები მიმზიდველი მოქალაქეებისათვის იმ დროს, როდესაც რუსეთთან სამხედრო დაპირისპირების საფრთხე კვლავაც მაღალია? ქალაქის ქუჩებში რადიო ”თავისუფლების” მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ არმიაში სამსახურის მიმართ დამოკიდებულება არაერთგვაროვანია:

[მოქალაქეების ხმები] ”კი, ეხლა, როგორც დაიწყება გაწვევა, მივდივარ მე ჯარში.” ”არა, ჯერჯერობით არა მაქვს სურვილი, იმიტომ რომ ისეთი მდგომარეობაა.” ”ეხლა ვსწავლობ და რომ არ ვსწავლობდე, მაშინ წავიდოდი ჯარში და დავდგებოდი ქვეყნის სამსახურში.” ”ნამდვილად ყველას სჭირდება ჯარი - შვილსაც, ახლობლებსაც და ყველას.” ”ვაჟკაცმა უნდა გაიაროს ყველაფერი, რამდენსაც მოითხოვს სამშობლო. თუ სავალდებულოა, ის უნდა მოიხადო და მერე, თუ დასჭირდა, ისევ უნდა მოიხადო.” [სტილი დაცულია]
საქარ
თველოს სავალდებულო სამხედრო სამსახური თავის ბოლო დღეებს ითვლიდა, მაგრამ გასულ აგვისტოში საქართველოსა და რუსეთს შორის დაწყებულმა ომმა და მიყენებულმა ზარალმა ქვეყნის სამხედრო განვითარების გეგმებში შესაძლოა კორექტივები შეიტანოს. საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის წევრის, ქრისტიან-დემოკრატ ნიკა ლალიაშვილის ინფორმაციით, რიგი გარემოებების გამო, შესაძლოა, ქვეყანა კვლავ დაუბრუნდეს საყოველთაო სამხედრო გაწვევის სისტემას:
[ნიკა ლალიაშვილი] ”რეალობა საკმაოდ მძიმეა ამ მიმართულებით. სულ უფრო და უფრო რთულდება საკონტრაქტო სამსახურის განხორციელება, რადგანაც იანვრის თვეში სრულდება დიდი ნაწილი კონტრაქტებისა და მსურველი ახალი კონტრაქტის განხორციელებაზე სულ უფრო ნაკლები რჩება. ეს შეიძლება ძალიან სერიოზულ პრობლემად იქცეს ჩვენი შეიარაღებული ძალებისათვის და მე ვფიქრობ, რომ ამას უკავშირდება ჯერჯერობით მხოლოდ კულუარული საუბრები იმასთან დაკავშირებით, რომ გაწვევის სისტემა უნდა ამოქმედდეს და მოხდეს მისი მოდერნიზება.” (სტილი დაცულია)
ამ ხმების შესახებ ინფორმაცია აქვს საქართველოს პარლამენტის ე.წ. ”ნდობის ჯგუფის” წევრს და ანტიკრიზისული საბჭოს თავმჯდომარეს გია თორთლაძეს. როგორც გია თორთლაძემ რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, ”ნდობის ჯგუფმა” სხვადასხვა მიზეზთა გამო სამხედრო საკითხებზე შეკრება ვერც ერთხელ ვერ მოახერხა, თუმცა პარლამენტარი დარწმუნებულია, რომ რეგულარული არმია კვლავ საკონტრაქტო წესით დაკომპლექტდება, ხოლო გაწვევის სისტემას დაექვემდებარება სარეზერვო სამსახური, რომლის ახალი მოდელის შექმნა ჯერჯერობით ძიების პროცესშია:
[გია თორთლაძე] ”ხო, გაურკვეველია ეგა და ამიტომ აქ იყო საუბარი. მე ვიყავი შეერთებულ შტატებში დიდ ჯგუფთან ერთად, რომელიც სწავლობს ამ რეზერვის საქმეს და იქ შევისწავლეთ ამ ამერიკული რეზერვის სისტემა და, ასევე, გვაჩვენეს ნორვეგიულ-შვეიცარიული მოდელებიც. ძალიან საინტერესო რაღაცები ჩამოვიტანეთ, მაგრამ ვნახოთ, არ ვიცი, გადაწყვეტილება აქ ამ საკითხთან დაკავშირებით არ არის მიღებული.”(სტილი დაცულია)
თუმცა ის, რომ აგვისტოს ომის შემდეგ პრობლემები საკონტრაქტო სამსახურსაც შეექმნა, დეკემბრის დასაწყისში საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამაც დაადასტურა:
[ვლადიმერ ჩაჩიბაია] ”გამოკითხვა ჩავატარეთ. ბევრს კონტრაქტის ვადა გაუვიდა, ძირითადი ნაწილი კი რეგიონებში გადასვლას ცდილობს, ანუ თბილისში მოსამსახურე მეგრელს სურს წავიდეს სენაკში, რათა ოჯახთან ერთად იყოს და იქ მოაწეროს კონტრაქტს ხელი. კუთხურად ჯარის დაყოფა არ უნდა მოხდეს, შეიძლება ამან პრობლემა შექმნას. გამოკითხვით ისიც გაირკვა, რომ გარკვეული ნაწილი კონტრაქტს ოფიცრებთან პრობლემის გამოც წყვეტს” (ჟურნალი ”სარკე”, 10-15 დეკემბერი, 2008).
ამ გამოკვლევის შედეგების გათვალისწინებით, სამხედრო უწყება საკონტრაქტო სამსახურის ახალ ნაკადს შედარებით უფრო გამარტივებული წესით შეარჩევს. გარდა ამისა, როგორც სასწავლო ”ცენტრ” კრწანისის ცნობათა ბიუროში გვითხრეს, სამხედრო უწყებამ ამჯერად კონკურსზეც კი შეგნებულად თქვა უარი:
[მორიგის ხმა] ”კონკურსი არ ტარდება. კონკურსი, როგორც ასეთი, რომ ვინმეს აგდებდნენ და არ უნდოდეთ, ასეთი რამ არ ხდება. რამდენიც მოვა, იმდენი იქნება და იმდენი იმსახურებს, თუ არ ”დაბრაკა” სამედიცინო კომისიამ.”(სტილი დაცულია)
წინა წლებში, როდესაც საკონტრაქო პროფესიული სამხედრო სამსახურის გავლა ცხადდებოდა, თითოეულ ადგილზე ზოგჯერ 10 მსურველიც კი იყრიდა თავს და პროტექციისათვის ხელისუფლებაში მყოფ ნათესავებსა და ნაცნობ-მეგობრებსაც აწუხებდნენ. სამხედრო უწყებაში აცხადებენ, რომ მსურველთა ნაკლებობა არც ამჯერად შეიმჩნევა. თუმცა უფრო ზუსტად 26 იანვრის შემდეგ გახდება ცნობილი, რამდენად სურთ საქართველოს მოქალაქეებს გააფორმონ სახელმწიფოსთან კონტრაქტი და 4 წლის ვადით გახდნენ ოკუპაციის პირობებში მყოფი ქვეყნის ჯარისკაცები.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG