Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონმა და კიევმა პარტნიორობის ქარტია გააფორმეს


ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და უკრაინამ ხელი მოაწერეს პარტნიორობის ქარტიას. ხელმოწერის ცერემონია 19 დეკემბერს ვაშინგტონში შედგა,

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის ვლადიმირ ოგრიზკოს შეხვედრის შემდეგ. ქარტიას ხელს სწორედ რაისი და ოგრიზკო აწერენ.

ქარტიაში ხაზგასმულია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის სტრატეგიული თანამშრომლობა საერთო პრინციპებსა და ფასეულობებზე იქნება დაფუძნებული და რომ ამ საერთო პრინციპებსა და ფასეულობებს შორის უმთავრესია ერთმანეთის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების ურღვეობის მხარდაჭერა..

”ჩვენი მეგობრობა ამოდის იმის გაცნობიერებიდან, რომ დემოკრატია არის უმთავრესი გარანტი უსაფრთხოების, განვითარების და თავისუფლებისა” - ნათქვამია 19 დეკემბერს საღამოს ვაშინგტონში ხელმოწერილ ქარტიაში. შეგახსენებთ, რომ სწორედ ქარტია დაერქვა თავის დროზე ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ბალტიისპირა სახელმწიფოებს შორის გაფორმებულ ანალოგიური ტიპის შეთანხმებას და ამ შეთანხმებამ, რომელიც იურიდიული ვალდებულებების შემცველი არ ყოფილა, მაგრამ დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა, უდიდესი როლი შეასრულა ნატოსა და ევროკავშირში ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის გაწევრიანების დაჩქარებაში. მსგავსი ქარტია ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რიგით მეოთხე ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკასთან გააფორმა, ჯერი საქართველოზეა.. მაგრამ ამჯერად უკრაინაზე ვლაპარაკობთ. მასა და შეერთებულ შტატებს შორის პარტნიორობის ქარტია თანამშრომლობის გაღრმავებას რამდენიმე მიმართულებით ითვალისწინებს, პირველ რიგში კი, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში. ქარტიის იმ თავში, რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის განვითარებას ეძღვნება, წერია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და უკრაინა ერთნაირად სასიცოცხლოდ არიან დაინტერესებულნი ძლიერი, დემოკრატიული და დამოუკიდებელი უკრაინის არსებობით და მისი ინტეგრაციით ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ”დაინტერესებულნი ვართ თანამშრომლობის გაფართოებით უსაფრთხოების სფეროში, რათა გაიზარდოს უკრაინის პოტენციალი ნატოში გასაწევრიანებლად”, - ნათქვამია დოკუმენტში.

ევროკავშირისა და ნატოს წევრებმა ლიტვამ, ლატვიამ და ესტონეთმა მიმდინარე წლის დასაწყისში აღნიშნეს მათთან შეერთებული შტატების მიერ გაფორმებული ანალოგიური ქარტიის 11 წლისთავი. ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში კი ჩაწერეს, რომ ქარტიის მთავარი ამოცანა ბალტიისპირა სახელმწიფოების ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების ხელშეწყობა იყო. მათთანაც დაიგეგმა თავის დროზე პარტნიორობის განვითარება თავდაცვის და უსაფრთხოებისა და სხვა სფერობეში. ასეა უკრაინის შემთხვევაშიც. 19 დეკემბერს ხელმოწერილი ქარტია ითვალისწინებს თანამშრომლობის განვითარებას ეკონომიკის, ვაჭრობისა და ენერგეტიკის სფეროებში. განსაკუთრებით აღსანიშნავია ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის მიმართულება, რადგან მის უმთავრეს მიზნად უკრაინის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მიღწევა სახელდება. ქარტიის თანახმად, უკრაინასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობისთვის შეიქმნება ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის სამუშაო ჯგუფი. ქარტია ითვალისწინებს მხარეთა შორის თანამშრომლობის გაღრმავებას დემოკრატიის განმტკიცების მიმართულებით, თანამშრომლობას კულტურის სფეროში, ხალხებს შორის ურთიერთობის გაღრმავებას. დაბოლოს, ქარტიაში ნათქვამია, რომ უკრაინა მიესალმება შეერთებული შტატების განზრახვას გახსნას დიპლომატიური წარმომადგენლობა ყირიმის ნახევარკუნძულზე. ეს აღნიშნულია ხელმოწერილი შეთანხმების ბოლოს.

ქარტიის სწორედ ამ ნაწილზე აკეთებს განსაკუთრებულ აქცენტს რუსეთის მედია, იმის ხაზგასმით, რომ ყირიმის მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკური რუსია, იქ არის რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტი, მოსახლეობა კი ანტიამერიკულადაა განწყობილი.

საქართველოს აგვისტოს მოვლენების შემდეგ, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ცნო საქართველოს ტერიტორიაზე თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, უკრაინაში აქვთ შიში, რომ კრემლი გაააქტიურებს ძალისხმევას ყირიმის ნახევარკუნძულზე სეპარატიზმის გასაღრმავებლად. და სწორედ ამის გამო ამერიკის შეერთებულ შტატებს განზრახული აქვს დაეხმაროს უკრაინას ყირიმის ეკონომიკურ განვითარებაში, პირველ რიგში, იმ შედეგების შესამსუბუქებლად, რაც ნახევარკუნძულზე სამომავლოდ რუსეთის საზღვაო ბაზის დახურვას მოჰყვება - ასე ხსნიან დასავლეთის საინფორმაციო საშუალებებში შეერთებული შტატების განზრახვას გახსნას დიპლომატიური წარმომადგენლობა ყირიმში.

შეთანხმებას, რომელიც უკვე გაფორმდა, სერიოზული, სიმბოლური მნიშვნელობის დოკუმენტად მიიჩნევს უკრაინის ”მშვიდობის, დიალოგისა და საგარეო ურთიერთობების ” ცენტრის წარმომადგენელი ალექსანდრ სუშკო.

[ალექსანდრ სუშკოს ხმა] ”დოკუმენტი უფრო სიმბოლური მნიშვნელობისაა, ვიდრე უსაფრთხოების სერიოზული გარანტიების შემცველი. მისი ხელმოწერით მხარეები გამოხატავენ საკუთარ რეაქციას ნატოში უკრაინის გაწევრიანების პროცესის გაჭიანურებაზე. რადგან ცხადია, რომ ეს უახლოეს წლებში არ მოხდება, აუცილებელი იყო ორმხრივი ურთიერთობის ახალ საფეხურზე აყვანა, იმის ჩვენება, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინას აქვთ სერიოზული თანმხვედრი ინტერესები. ”

თავის დროზე სიმბოლურ მნიშვნელობას უსვამდნენ ხაზს ბალტიის სახელმწიფოებთან გაფორმებულ ქარტიაზე საუბრისას, თუმცა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მარის რიეკსტინშმა ოთხშაბათს ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, შეუძლებელია გადაჭარბებით შეაფასო ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთისათვის ამ დოკუმენტის მნიშვნელობა ნატოსა და ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზეო. ამერიკის შეერთებული შტატების პარტნიორობის ქარტია ძალაში ახლა უკვე უკრაინასთან შედის.
XS
SM
MD
LG