Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონის ექსპერტების მოსაზრებებზე დაყრდნობით, ” ნიუ-იორკ-თაიმსი” საქართველოს არმიის პრობლემებზე წერს


გავლენიანი ამერიკული გაზეთი ”ნიუ-იორკ თაიმსი” 18 დეკემბრის სტატიაში საქართველოს არმიის პრობლემებზე წერს

და, თან, პენტაგონის ექსპერტების მოსაზრებებზე დაყრდნობით. სტატიაში, სათაურით ” საქართველო ჩამორჩება არმიის გამართვის საქმეში”, ნათქვამია: ” საქართველოს არმია, რომელმაც აგვისტოში რუსეთთან ხანმოკლე ომი გადაიტანა, განიცდის არაკვალიფიციური მმართველობის პრობლემას და მას თანამედროვე, ბრძოლისუნარიან ძალად ჩამოყალიბებისთვის ფართომასშტაბიანი რეფორმა სჭირდება”. სტატიის ავტორებს ამ აზრის გასამყარებლად მოჰყავთ ციტატები პენტაგონის ექსპერტების მიერ საქართველოში ჩატარებული მონიტორინგის დასკვნიდან. მონიტორინგი კი, როგორც რადიო ”თავისუფლებამ” დააზუსტა, ამერიკელმა ოფიცრებმა საქართველოს მხარის მოთხოვნით ჩაატარეს.. დასკვნა კონფიდენციალურია, თუმცა მასში მოყვანილი ზოგიერთი შეფასება ”ნიუ-იორკ თაიმსის” ჟურნალისტების ხელში აღმოჩნდა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილ და მოქმედ ხელმძღვანელებს მიაჩნიათ, რომ ამერიკელი სამხედრო ექსპერტების დასკვნიდან ციტატები ”ნიუ-იორკ თაიმსის” სტატიაში კონტექსტიდან ამოგლეჯით არის მოყვანილი და, მთლიანობაში, არ შეესაბამება დასკვნას, რომელიც ჯერ კიდევ დამუშავების სტადიაშია.

დავით სიხარულიძე, რომელმაც საქართველოს თავდაცვის მინისტრის პოსტი სულ ცოტა ხნის წინ დაიკავა, წლების მანძილზე შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის მოვალეობას ასრულებდა. მას ”ნიუ-იორკ თაიმსის” 18 დეკემბრის სტატიაში მოყვანილ შეფასებებზე სასაუბროდ დავუკავშირდით. ”ის, რაც სტატიაშია მოყვანილი, არ მიჰყვება ძირითად მასალას, რადგან ის საიდუმლო მასალაა. სტატიაში მოყვანილია ფრაგმენტები სამსახურებრივი, კონფიდენციალური დოკუმენტიდან, რომელიც ამერიკელმა მოკავშირეებმა, საქართველოს თხოვნით, საქართველოს შეიარაღებული ძალების დასახმარებლად დაწერეს, რისთვისაც დიდად მადლობლები ვართო”,- გვითხრა დავით სიხარულიძემ.
ლაპარაკია საქართველოს თხოვნით ამერიკის შეერთებული შტატების ევროპული სარდლობის მიერ ჩატარებულ მონიტორინგზე, რომლის მიზანიც აგვისტოს ომით დაზარალებული საქართველოს არმიის პრობლემების შესწავლა იყო, მათი დაძლევისთვის რეკომენდაციების შესამუშავებლად. ” ასეთი, შეკვეთით დაწერილი, დასკვნა, როგორც წესი, არ ისახავს მიზნად შეაფასოს არმიის პრობლემები და, ამავდროულად, არმიაში გატარებული რეფორმების პოზიტიური შედეგები”, - განმარტავს საქართველოს თავდაცვის მინისტრი და დასძენს:


[დავით სიხარულიძის ხმა] ”ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არ იყო მიღწევები. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ეს მიღწევები და თან პრობლემატური საკითხების დაძლევაზე მუშაობა უნდა გავაუმჯობესოთ. ”

ასე ფიქრობს ნაომარი ქვეყნის თავდაცის მინისტრი. ომმა საქართველოს არმიას სერიოზული ზიანი მიაყენა, მაგრამ ამ ზიანს არმია მორალურად არ გაუტეხიაო, ამბობს ის. ” ნიუ-იორკ თაიმსის” ჟურნალისტები კი წერენ იმაზე, თუ რა მალე გატეხა აგვისტოს ომმა საქართველოს არმია და რა მოუმზადებელი აღმოჩნდა ის ომისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ომამდე საქართველოს ხელისუფლება სულ სხვაგვარად წარმოაჩენდა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს.

ავტორები ”ნიუ-იორკ თაიმსის” სტატიისა ” საქართველო ჩამორჩება არმიის გამართვის საქმეში” სათაურშივე გამოკვეთილ შეფასებას, როგორ უკვე ვთქვით, საქართველოს დაკვეთით დაწერილი საიდუმლო შეფასებიდან მოპოვებულ ცალკეულ ციტატებზე დაყრდნობით ავითარებენ, თუმცა ინიციატივა რომ საქართველოსი იყო, ეს სტატიაში ხაზგასმული არ არის.

” 10 წელზე ხანგრძლივი ამერიკული სწავლებისა და მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების მიერ თავდაცვის სფეროს 5 წლიანი მძიმე ინვესტირების მიუხედავად, საქართველოს არმია ცუდად მომზადებული დარჩა”, - წერენ ”ნიუ-იორკ თაიმსის” ჟურნალისტები. პენტაგონის ოფიცრების შეფასების ფრაგმენტებზე დაყრდნობით, საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარ პრობლემებად ისინი ასახელებენ:
მართვის ცენტრალიზებულობას, ხელმძღვანელი კადრების პირადი სიმპათიის ნიშნით შერჩევას, გადაწყვეტილებების კოლექტიური და, იმავდროულად, კვალიფიკაციის ნიშნით მიღების ნაკლებობას.

ამას გარდა : ”საქართველოს არმია მოკლებულია თანამედროვე სამხედრო ბიუროკრატიის საბაზისო ელემენტებს”,- აღნიშნულია ”ნიუ-იორკ თაიმსის” სტატიაში. მის თანახმად, აგვისტოს ომში საქართველოს არმიის მაღალჩინოსნები საომარი ოპერაციის დროს მობილური ტელეფონებით სარგებლობაში იყვნენ შემჩნეულნი, ქართველმა სამხედროებმა კასეტური ბომბები ქართული სოფლების მიმართულებით ისროლეს; ამასთან, სამხედროები გარბოდნენ ისე, რომ ადგილზე ტოვებდნენ საბრძოლო ტექნიკას და საკუთარ დაღუპულებსაც კი. ”ნიუ-იორკ თაიმსის ”ავტორები იმოწმებენ ამერიკელ ოფიცერსაც, რომელიც, ავტორებისვე მინიშნებით,საქართველოშია ნამუშევარი და წაკითხული აქვს პენტაგონის სამხედრო ექსპერტების დასკვნა. ოფიცრის აზრით, აგვისტოში საქართველოს მარცხის ერთ-ერთი მიზეზი სამხედრო დაზვერვის სამსახურის სისუსტეც იყო.

საქართველოს თავდაცვის სისტემის ყოფილი და მოქმედი ხელმძღვანელები კი მარცხის მიზეზებზე საუბრისას ხაზგასმით აცხადებენ, რომ საქართველოს თავდაცვის სისტემის დაგეგმარება არ ითვალისწინებდა იმ მასშტაბის აგრესიას, როგორიც ქვეყანამ აგვისტოში გადაიტანა. ამას ამბობს დავით სიხარულიძეც და საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ბათუ ქუთელიაც, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის თანამდებობაზეა წარდგენილი. საქართველოს არმიის აღმშენებლობა ხდებოდა კონცეპტუალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით, მათ შორის - საფრთხეების შეფასების დოკუმენტზე დაყრნობით. ის მოიცავდა სხვადასხვა საფრთხეებს, მათ შორის - ფართომასშტაბიან აგრესიას, მაგრამ, როგორც ბათუ ქუთელია ამბობს:

[ ბათუ ქუთელიას ხმა] ” ალბათობა ჩვენ მიერ ამ საფრთხეზე მინიჭებული იყო დაბალი. თავდაცვის დაგეგმარება და შეიარაღებული ძალების განვითარება ხდებოდა უფრო მაღალი ალბათობის საფრთხეებზე, როგორიცაა ტერორისტული აქტები, მცირე ზომის კონფლიქტები.”(სტილი დაცულია)

”ნიუ-იორკ თაიმსის” 18 აგვისტოს სტატიის ავტორები აგვისტოს მარცხის მიზეზებში შეიარაღებული ძალების არაეფექტიან მართვას ასახელებენ, ისევ და ისევ პენტაგონის ოფიცრების შეფასებებზე დაყრდნობით, და აღნიშნავენ თავდაცვის უწყების ხელძღვანელობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს. სტატია მიუთითებს, რომ პენტაგონის ოფიცრების მონიტორინგის საიდუმლო შეფასებებს, რომელთა მცირე ნაწილიც ჟურნალისტებისთვის ხელმისაწვდომი გახდა, არ მოუხდენია გავლენა ნატოს მიერ საქართველოს მიღწევების შეფასებებზე. საქართველო ჩამორჩება არმიის მშენებლობის საქმეში, - წერს ”ნიუ-იორკ თაიმსი”. საქართველოს თავდაცვის მოქმედ და ყოფილ ხელმძღვანელობაში ასეთი შეფასება არ მიაჩნიათ ობიექტურ შეფასებად. ის ეყრდნობა მონიტორინგის დასკვნიდან ამოღებულ ციტატებს, მონიტორინგი კი მხოლოდ საქართველოს არმიის პრობლემების შესასწავლად ჩატარდა ომის შემდეგ. შეფასებისთვის პრობლემებიც უნდა გავაანალიზოთ და მიღწევებიცო, ამბობს ბათუ ქუთელია და ნატოს ერთ-ერთი ბოლო შეფასება მოჰყავს:

[ბათუ ქუთელიას ხმა] ”აგვისტოს ომის მერე განხორციელდა ნატოს ერთ-ერთი ასეთი შეფასება. ეს დოკუმენტიც კონფიდენციალურია, ერთი კვირის წინ იყო მისი განხილვა ბრიუსელში, მას იანვარში დაამტკიცებენ. ეს დოკუმენტი განიხილავს ყველაფერს ერთად - სისტემას, პროცედურებს. ამ დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველომ მიაღწია სერიოზულ პროგრესს თავდაცვის სფეროს რეფორმირების საქმეში. ”

იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ჩამორჩება საქართველო არმიის გამართვის საქმეში, საქართველოს ხელისუფლებაში ”ნიუ-იორკ თაიმსის” სტატიის ავტორებისგან მკვეთრად განსხვავებული შეხედულებები აქვთ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს, თავდაცვის სფეროში საფრთხეების შეფასების ახალ დოკუმენტზე და ახალ პრიორიტეტებზე მუშაობენ. მასში წამყვან ადგილს წვრთნა და განათლება დაიკავებს.
XS
SM
MD
LG