Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ადამიანების ცხოვრებაზე, ვისთვისაც არც ომის დაწყება უკითხავთ და არც ზავის დადება...


ნებისმიერ ომს, იმისდა მიუხედავად, რომელი მხარეა მეტად დამნაშავე ომის დაწყებაში, სრულიად უდანაშაულო ადამიანების მსხვერპლიც მოაქვს.

ორივე მხარეს იღუპებიან ისეთებიც, რომლებსაც არც ომის დაწყებას უთანხმებენ და არც მის დასრულებას.. რუსეთ-საქართველოს ომმაც მსხვერპლი მარტო რუსეთისა და საქართველოს სამხედრო ძალებში, ასევე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების სამხედრო შენაერთებში არ მოიტანა... ომს ახლდა მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში - როგორც ოსებს, ისე ქართველებს შორის... თუმცა, ისევე როგორც 90-იანი წლების დასაწყისში საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარმა ომებმა, 2008 წლის ომმაც საკუთარი მიწა-წყლიდან დევნილებად ეთნიკური ქართველები აქცია. აგვისტოს ომმა საქართველოს მოუტანა დევნილების ახალი ტალღა და პირობითი საზღვრების საქართველოს სიღრმეში გადმოწევა.. ცეცხლის შეწყვეტიდან თითქმის 4 თვის თავზე რუსეთის საოკუპაციო ჯარი თბილისთან ძალიან ახლოს - ახალგორის რაიონში - დგას..
ახალგორის რაიონის გარდა, რუსეთის საოკუპაციო ჯარი, უწინდებურად, საჩხერის რაიონის სოფელ პერევსაც აკონტროლებს. ეთნიკური ქართველებით დასახლებულ ამ სოფელს ოსი სეპარატისტებისა და რუსეთის ჯარის მიერ კონტროლირებადი ჯავის რაიონის მხრიდან ოსური სოფელი სინაგური ესაზღვრება... პერევში რუსები - და მათთან ერთად ოსები - აგვისტოში შეიჭრნენ. ამჯერად სოფლის შესასვლელში რუსების უკანონო ბლოკპოსტი დგას. ადგილობრივი მცხოვრებლები სოფლიდან გასვლისას - და, პირიქით, სოფელში შესვლისას - ამ ბლოკპოსტზე შემოწმებას გადიან. პერეველები დაშინებულები არიან. ჟურნალისტებთან სატელეფონო საუბრისას ვინაობის იდენტიფიცირებას ერიდებიან. მათ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი მხარე არ არსებობს. სოფელში ევროკავშირის მეთვალყურეებსაც არ უშვებენ.

[პერეველი ბიჭი] ”მანქანებს გვაჩერებინებენ, გვჩხრეკენ და, თუ არაფერში დაეჭვდებიან, თავისუფლად გვიშვებენ. მაგრამ ჟურნალისტებს არ უშვებენ სოფელში, არც დამკვირვებლებს.. ეს კი არა, სასწრაფოს გამოძახება თუ დაგვჭირდება, უნდა დავუკავშირდეთ ადგილობრივ ხელმძღვანელს, მან უნდა გვიშუამდგომლოს რუსებთან, მერე რუსებმა უნდა ამოაცილონ სასწრაფო დახმარების მანქანა.. აი, ასეთ დღეში ვართ.”

”ერთი სული გვაქვს, როდის წავლენ.. ხალხი დაშინებულია. 15 აგვისტოდან აქ დგანან. ქალები და ბავშვები გავარიდეთ. ამიტომ სწავლის დაწყება სოფელში ორჯერ გადაიდო”, -გვითხრა ჩვენმა რესპონდენტმა, რომლის სახელსა და გვარსაც, უსაფრთხოების მიზნით, არ ვასახელებთ.

სოფელი პერევი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის ერთი მცირედი ნაწილია. რუს ჯარისკაცებსა და ოს მაროდიორებს ახალგაზრდები და საშუალო ასაკის მოსახლეობა ლამის მთლიანად გამოეცალნენ ახალგორის რაიონიდან..აღარაფერს ვამბობთ კონფლიქტის ზონის სიღრმეში - ლიახვისა და ფრონეს ხეობებში - გადამწვარ და ქართველებისგან მთლიანად დაცლილ სოფლებზე. აგვისტოს ომის შემდეგ ადგილობრივი მოსახლეობისგან დაცლილ კოდორის ხეობაში სრულად გამაგრდნენ აფხაზი სეპარატისტები. ინციდენტები გრძელდება გალის რაიონის მოსაზღვრე ზუგდიდის რაიონისა და წალენჯიხის რაიონის სოფლებშიც, რომლებიც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმების შემდეგ თვითნებურად მოაქციეს უსაფრთხოების ეგრეთ წოდებულ ბუფერულ ზონებში, ისევე როგორც ქალაქები ფოთი, სენაკი...

საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის შუამავლობით გაფორმებულ შეთანხმებაში, თავად სარკოზის განმარტებით, რომელიც საქართველოს პრეზიდენტისთვის გადაცემულ წერილშია მოყვანილი, ნათქვამია, რომ უსაფრთხოების ზონები უნდა შემოღებულიყო მხოლოდ სამხრეთ ოსეთის მომიჯნავე ტერიტორიაზე და არავითარ შემთხვევაში - საქართველოს სხვა ტერიტორიაზე... სხვა ტერიტორიებზე რუსეთის ჯარები უნდა დაბრუნებულიყვნენ 7 აგვისტომდე არსებულ პოზიციებზე.


7 აგვისტომდე კი რუსეთის სამხედრო ჯარი როგორც აფხაზეთში, ისე სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე სამშვიდობო ძალების სტატუსით სარგებლობდა. აგვისტოს ომის შემდეგ მას, საქართველოს კანონმდებლობით, საოკუპაციო ჯარის სტატუსი მიენიჭა. სამშვიდობოებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში გაზრდილ სამხედრო კონტინგენტს რუსეთის ხელისუფლებაც აღარ უწოდებს.. ადრე ამ ძალის კონტროლი აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში მხოლოდ უსაფრთხოების 12 კილომეტრიან ზოლში ვრცელდებოდა, ყოველ შემთხვევაში, იურიდიულად.. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში კი უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი, რუსეთის სამშვიდობო ბატალიონთან ერთად, ქართული ბატალიონიც იყო, ისევე როგორც - ოსური. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლი, ფაქტობრივად, აღდგენილი იყო ცხინვალის რეგიონის ქართულ სოფლებში. სოფლების მოსახლეობა მუდმივი რისკის ქვეშ ცხოვრობდა, მაგრამ სოფლებს ინარჩუნებდა. 7 აგვისტოს პოზიციებზე დაბრუნების მოთხოვნა ნიშნავდა რუსების უკან დახევას არათუ ეგრეთ წოდებული ბუფერული ზონებიდან, არამედ - უკან დახევას უშუალოდ კონფლიქტის ზონებში... ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულება 10 ოქტომბრამდე უნდა შესრულებულიყო... ვადის ამოწურვიდან 3 თვე გადის. ამ ხნის მანძილზე ახალგორის რაიონის სოფელ ქვედა ბოლიდან აყრილები კასპის დაწესებულებებს აფარებენ თავს.

[ახალგორელის ხმა}”ახალგაზრდები სულ გამოსულია, ხნიერი ხალხია მარტო დარჩენილი. ისეთი სიტუაციაა, მე იქ არ წავალ. თუ დაწყნარდება კი, დავბრუნდები.”(სტილი დაცულია)

ქვედა ბოლიდან გამოხიზნული ჩვენი რესპონდენტების სახელებს და გვარებს არ ვასახელებთ.. ახალგორის რაიონში მათ ახლობლები დარჩათ. ზოგიერთი მათგანი პერიოდულად ახერხებს კიდეც საკუთარ სოფელში ასვლას, სახლ-კარის დახედვას...

[ახალგორელის ხმა] ” სახლში, რომ გითხრათ, ვერ შევალთო, ასე არ არის, მაგრამ საშიშია,.. ქსნიდან რომ გაიხედო, ჩანს როგორ ჰყავთ ტანკები ჩამალული. საცხოვრებლად საშიშია, ახალგაზრდა გოგოს იქ ვერ გაუშვებ..”

ეს ქალბატონიც სოფელ ქვედა ბოლის მკვიდრია. დღესდღეობით კასპში - ერთ-ერთ საბავშვო ბაღში - ცხოვრობს ოჯახთან ერთად.. ამბობს, რომ სახლიდან ვერაფრის წამოღება ვერ მოასწრო.. ამ ხალხს დაბრუნება უნდა, მაგრამ ისე, რომ შიში არ ჰქონდეთ... ახალგორის რაიონის სოფლებში დაბრუნება რომ საშიშია, ამას ბევრი მაგალითი ცხადყოფს..

ცოტა ხნის წინ, 5 ნოემბერს, სოფელ ზემო არცევის მკვიდრი ალიკ გიგოლაევი იქნა მოკლული. გორის რაიონის ამ სოფელს ნაწილობრივ ოსები და რუსები აკონტროლებენ.
5 ნოემბერსვე რუსმა ოკუპანტებმა გაძარცვეს ნინო წინამძღვრიშვილის სახლი ახალგორის რაიონში, სოფელ ყანჩავეთში. ამავე სოფელში 5 ნოემბერსვე გაიძარცვა გივი ტატუნაშვილის საცხოვრებელი. სახლის პატრონს სასტიკად სცემეს. 4 ნოემბერს 43 წლის კობა დაკოშვილი გაიტაცეს სოფელ ქვემო ხვითიდან, თუმცა გატაცებულმა შეძლო გაქცევით ეშველა თავისთვის. 2 ნოემბერს ახალგორში ადგილობრივ ნოდარ ბაშარულს სცემეს სასტიკად თავისსავე მაღაზიაში.. თავდამსხმელები მაღაზიის პატრონს სპირტიან სასმელს სთხოვდნენ, მათ მაღაზიის მიმართულებით ცეცხლიც გახსნეს.. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დანაშაულებრივი ფაქტების ჩამოთვლას დიდი დრო სჭირდება. ერთად თავმოყრილი ეს ფაქტები უკვე ბევრ ფურცელს ავსებს. ახალგორელები რადიო ”თავისუფლებასთან” საუბრისას ადასტურებდნენ, რომ აგვისტომდე უკონფლიქტოდ, ნათესაურად და მეგობრულად ცხოვრობდნენ თანასოფლელ ოსებთან ერთად. ახალგორის რაიონის სოფლებში ბევრი შერეული ოჯახი იყო. ადგილობრივები ამბობენ, რომ დარჩენილთაგან იმ ოსებსაც ექმნებათ პრობლემები, ვისაც ქართველი ნათესავები ჰყავს.
”ადგილობრივი მოსახლეობა იმიტომ გარბის, რომ ეშინიათ, დანარჩენ სამყაროსთან კავშირი არ დაკარგონ და შეიარაღებული უკონტროლო მილიციელების ხელში არ დარჩნენ”, - განაცხადა ამ ცოტა ხნის წინ ტანია ლოკშინამ, ორგანიზაცია ”ჰიუმან რაით ვოთჩის” მოსკოვის ბიუროს დირექტორმა.. ამ ორგანიზაციის ექსპერტებმა კი ახალგორის რაიონის სოფლები 20-21 ნოემბერს მოინახულეს.. იმის შესახებ, თუ რამდენად მძიმე იყო შთაბეჭდილება, რადიო ”თავისუფლებამ” თავად ლოკშინას ინტერვიუ შემოგთავაზათ. დადასტურებული მძიმე ფაქტების მიუხედავად, უცნაურია, მაგრამ დასავლეთის პრესა უფრო 7 აგვისტოს ომის დაწყების გარემოებების ძიებით არის დაკავებული, ვიდრე იმაზე ლაპარაკით, რამდენად არ ასრულებს რუსეთი საქართველოში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს და რამდენად ტრაგიკული შედეგებით აისახება ეს იმ ადამიანების ცხოვრებაზე, ვისთვისაც არც ომის დაწყება უკითხავთ და არც ზავის დადება...




XS
SM
MD
LG