Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს გასულ კვირაშიც დიდი ყურადღება დაეთმო დასავლეთის პრესაში. უცხოელმა ჟურნალისტებმა


საქართველოს გასულ კვირაშიც დიდი ყურადღება დაეთმო დასავლეთის პრესაში. უცხოელმა ჟურნალისტებმა გააშუქეს ნატოს ბრიუსელის მინისტერიალის გადაწყვეტილება

საქართველოსა და უკრაინასთან დაკავშირებით და დაასკვნეს, რომ ნატომ საქართველოსა და უკრაინის საკითხში რუსეთთან მიმართებით მაინც უკან დაიხია... ნატოს მინისტერიალი არ იყო ერთადერთი მიზეზი, რის გამოც საქართველო დასავლეთის პრესის ყურადღების ცენტრში დარჩა.

გასული კვირის დასაწყისში - მანამდე, სანამ ბრიუსელში ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებოდნენ - გავლენიანმა ამერიკულმა ”უოლ სთრიით ჯოურნალმა” გამოაქვეყნა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სტატია, სათაურით ”საქართველო თავს იცავდა”. აღნიშული სტატიით სააკაშვილმა კიდევ ერთხელ უპასუხა დასავლეთის პრესაში ბოლო დროს გახშირებულ შეკითხვებს იმის თაობაზე, თუ ვინ დაიწყო გასულ აგვისტოში საომარი მოქმედებები საქართველოში, ცხინვალის რეგიონში. საქართველოს პრეზიდენტი სხვა შეკითხვას სვამს: ” რომელი დემოკრატიული სახელმწიფოს ხელისუფლება მოიქცეოდა სხვაგვარად, თუკი მის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სამხედრო ძალა შეიჭრებოდა, თუკი მის მოქალაქეებს ესროდნენ?” ” საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა მოსთხოვოს პასუხი რუსეთს. იმპერიული რეჟიმის შესაჩერებლად საჭიროა მიღწევა იმის, რომ მოსკოვმა შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები და გაიყვანოს თავისი ჯარი საქართველოში ომამდელ პოზიციებზე.. მანამდე, სანამ რუსეთი არ არის თანამეგობრობის სრულფასოვანი პარტნიორი, მანამდე, სანამ ის არ ავლენს კეთილმეზობლურ განწყობას, არ უნდა გაიწიროს საქართველო იმის გამო, რომ ცდილობს მიაღწიოს კავკასიაში სტაბილურობას, უსაფრთხოებას და თავისუფლებას”,- წერდა მიხეილ სააკაშვილი ”უოლ სთრიით ჯოურნალში ” გასული კვირის დასაწყისში გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურით ”საქართველო თავს იცავდა”. გასულ კვირაშივე ბრიუსელში შედგა ნატოს მინისტერიალი, რომელმაც კვლავ არ მიანიჭა საქართველოს და უკრაინას map--ი ( გაწევრიანების სამოქმედო გეგმა), მაგრამ რომელმაც კიდევ ერთხელ თქვა, რომ საქართველო და უკრაინა მომავალში აუცილებლად გახდებიან ნატოს წევრები.

”რუსეთთან დიალოგის განახლებას მინისტერიალის წევრებმა თითქმის ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი, მაშინ როცა საქართველოსა და უკრაინის საკითხმა უთანხმოება გამოიწვია”, - აღნიშნავდა ბრიტანული გაზეთი ”თაიმსი” . მის სტატიაში მოყვანილი იყო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ ვალტერ შტაინმაიერის ნათქვამი: ”ვერ ვხედავ მიზეზს საიმისოდ, რომ იმაზე წინ წავიდეთ, რაზეც ბუქარესტში შევთანხმდით.”

ნატოს მინისტერიალს გამოეხმაურა ამერიკული ”ვაშინგტონ თაიმსიც” ანალიტიკური სტატიით, რომლის ავტორმაც გააკრიტიკა საქართველოსა და უკრაინისთვის map-ის მინიჭებისადმი შეერთებული შტატების მიდგომა და მას უხეირო და ყალბი წარმოდგენების შემქმნელი უწოდა. ”რუსეთის ჯარი ენერგიულად მოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე, აწესებს საზღვრებს, აშინებს ადამიანებს. ნატომ უკან დაიხია, ბუშის ადმინისტრაციამ კი შექმნა ნიადაგი იმისათვის, რომ შეერთებული შტატების მომავალმა ადმინისტრაციამ უკან დაიხიოს ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის განთავსების საკითხში. ასეთ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერობა მკვეთრად შეირყევა ყოფილ საბჭოთა და ვარშავის შეთანხმების სახელმწიფოებში, რომლებიც ამერიკის ყველაზე ერთგულ პარტნიორებად ჩამოყალიბდნენ ერაყის და ავღანეთის საკითხებში”, - წერდა ”ვაშინგტონ თაიმსი” გასული კვირის ანალიტიკურ სტატიაში. მისი ავტორი ვარაუდობს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც მსოფლიო ლიდერს, შესაძლოა, დიდ საფასურად დაუჯდეს რუსეთის მომადლიერება.


ფრანგული ”ლე მონდი” კი გასულ კვირაში საფრანგეთის პრეზიდენტს ნიკოლ სარკოზის აკრიტიკებდა სწორედ რუსეთთან ფლირტისა და საქართველოს საკითხში რუსეთის მომადლიერების გამო. ”ლე მონდის” სტატიის მიხედვით, 2 პარადოქსული ცვლილება გამოიკვეთა ევროკავშირში საფრანგეთის თავმჯდომარეობისას: რუსეთთან საოცარი დაახლოება და ჩინეთთან ურთიერთობის მკვეთრი გაუარესება..

”საქართველოში ომმა საფრანგეთის ლიდერს მიანიჭა მოულოდნელი პრივილეგია გამხდარიყო შუამავალი ევროკავშირსა და მოსკოვს შორის.. მართალია, პრეზიდენტად არჩევამდე ნიკოლ სარკოზი მკვეთრად აკრიტიკებდა პუტინის პოლიტიკას, პირველ რიგში, მეზობელთან დამოკიდებულების გამო, მაგრამ მოგვიანებით მოსკოვთან დაპირისპირების დაუშვებლობის პოლიტიკა აირჩია..” - აღნიშნავს ”ლე მონდში” გამოქვეყნებული სტატიის ავტორი და ხაზს უსვამს, რომ სწორედ საფრანგეთის ზეწოლითაც გადაწყვიტა ევროკავშირმა რუსეთთან დიალოგის განახლება.. სტატიის თანახმად, მართალია, სარკოზი ამაყობს იმით, რომ ევროპამ სწრაფი რეაგირება მოახდინა რუსეთ-საქართველოს ომზე, უზრუნველყო ზავის დადება, მაგრამ საზავო შეთანხმებამ ვერ დაუსვა წერტილი საქართველოს ტერიტორიაზე ვერც რუსეთის ჯარის ყოფნას და ვერც ეთნიკურ წმენდას.. ”მოსკოვმა და მისმა აფხაზმა და ოსმა კლიენტებმა აიცილეს სანქციები ”,- ნათქვამია ”ლე მონდის ” სტატიაში, რომელშიც დასმულია შეკითხვა : ” რა მიიღო სანაცვლოდ ნიკოლა სარკოზიმ? ” - ამ კითხვაზე პასუხად სტატიის ავტორს მოჰყავს 16 ნოემბერს ვაშინგტონში მომხდარი ფაქტი: რუსეთის პრეზიდენტმა მედვედევმა სილა გააწნა აუდიტორიას, როცა გამოაჯავრა თავის ფრანგ კოლეგას ემოციურობისთვის.. ორი დღით ადრე კი თქვა, რომ ნიკოლ სარკოზის არაფერი კავშირი არ ჰქონია საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო მოქმედებების შეწყვეტასთან.
XS
SM
MD
LG