Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამამ შერთებული შტატების მომავალი ადმინისტრაციის ეკონომიკური გუნდი დაასახელა


შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩეულმა ბარაკ ობამამ დაასახელა მომავალი ადმინისტრაციის ეკონომიკური გუნდის შემადგენლობა

- ისინი, ვინც გლობალური საფინანსო კრიზისით შექმნილი ურთულესი პრობლემების დაძლევაზე ზრუნვა მოუწევთ. ეს არის ბოლო ათწლეულის ყველაზე სერიოზული კრიზისი. ის, ბუნებრივია, თავისი მძიმე შედეგებით ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკაზეც აისახა. ბარაკ ობამას გეგმა შეერთებული შტატების ეკონომიკის სტიმულირებისთვის ორი წლის მანძილზე 2,5 მილიონი ახალი სამუშაო ადგილის შექმნაზეა გათვლილი, რადგან კრიზისის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული შედეგი სამუშაო ადგილების შემცირება იყო.

ბოლო ერთი წლის მანძილზე ამერიკის შეერთებულ შტატებში მილიონზე მეტმა ადამიანმა დაკარგა სამუშაო ადგილი. ბოლო 18 წლის მაჩვენებლთა შორის სარეკორდოა უკანასკნელი ხანების საჩივართა რაოდენობა. ვგულისხმობ საჩივრებს, რომელთა უკანაც უმუშევრად დარჩენილი ამერიკელები დგანან. სწორედ ამ პრობლემას ანიჭებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ბარაკ ობამა:

[ბარაკ ობამას ხმა] ”ჩვენ უნდა გავაკეთოთ ძალიან ბევრი იმისთვის, რომ ადამიანები სამსახურში დავაბრუნოთ. წელს უკვე დავკარგეთ მილიონ 200 000 სამუშაო ადგილი და, თუ სწრაფად და გაბედულად არ ვიმოქმედეთ, ექსპერტების აზრით, მილიონ სამუშაო ადგილს მომავალ წელსაც დავკარგავთ. იოლი არ არის სწრაფად დაძლიო კრიზისი, რომელიც წლების მანძილზე ყალიბდებოდა. გარდატეხამდე და საქმის უკეთესობისკენ წასვლამდე გაუარესებასაც უნდა ველოდეთ, მაგრამ 20 იანვრიდან ჩვენ გვეძლევა შანსი მიმართულება მივცეთ ახალ იდეებს, ახალ რეფორმებს - ყველაფერ იმას, რამაც ხელი უნდა შეუწყოს ადამიანების დასაქმებას, სამუშაო ადგილების შექმნას და ეკონომიკის ზრდას.”

22 ნოემბერს, ჩიკაგოში გამოსვლისას, ობამამ მძიმედ დაახასიათა ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკაში შექმნილი მდგომარეობა. მეორე დღეს კი გაჩნდა ცნობა იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების მომავალ მთავრობაში ფინანსთა მინისტრის პოსტზე ობამა 47 წლის ტიმოთი გაიტნერს დაასახელებს, შეერთებული შტატების ცენტრალური ბანკის ნიუ-იორკის ფილიალის აწ უკვე ყოფილ მმართველს. ორშაბათს ბარაკ ობამამ მომავალი მთავრობის ეკონომიკური გუნდის ძირითადი შემადგენლობაც დაასახელა, გუნდისა, რომელსაც სიტყვიდან უშუალოდ საქმეზე გადასვლა 20 იანვრიდან შეეძლება - ახლად არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ. სიტყვიდან საქმეზე გადასასვლელად კი მუშაობა დაწყებულია. ბარაკ ობამას განცხადებით, ის, თავის გუნდთან ერთად, აგრესიულად მუშაობს ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკაში წარმოქმნილი პრობლემების დაძლევის ორწლიან გეგმაზე:

[ბარაკ ობამას ხმა] "მე უკვე დავავალე ჩემს გუნდს მუშაობა ეკონომიკის გამოცოცხლების გეგმაზე - გეგმაზე, რომელიც 2, 5 მილიონზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნას 2011 წლამდე გაითვალისწინებს. პირველი, რასაც პრეზიდენტის უფლებამოსილების ძალაში შესვლის შემდეგ გავაკეთებ, ამ გეგმაზე ხელის მოწერა იქნება.. მისი განხორციელება არ იქნება იოლი, მომიწევს მხარდაჭერის მოპოვება როგორც დემოკრატებს, ისე რესპუბლიკელებს შორის და მე მივესალმები ახალ იდეებსა და წინადადებებს ორივე მხრიდან. რაც განხილვას და კამათს არ ექვემდებარება, არის ის, რომ გადაუდებელი ღონისძიებების გატარებაა საჭირო."

როგორც ვხედავთ, შეერთებული შტატების ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ კრიზისთან ბრძოლაში სჭირდება თანამშრომლობა დემოკრატებთანაც და რესპუბლიკელებთანაც. ობამას გეგმა, რომელიც სამუშაო ადგილების შექმნაზე არის ორიენტირებული, ასევე გულისხმობს საშუალო კლასისთვის გადასახადების დაწევას და ისეთი პროექტების დაფინანსებას, როგორიცაა გზებისა და ხიდების მშენებლობა და ასე შემდეგ. მოკლედ, განზრახულია სტიმულირება იმ მოთხოვნილებათა დაფინანსებისა, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესის ინვესტირებას და თავისთავად დასაქმებას..

ბარაკ ობამას სიტყვებით, საქმე გვაქვს ისტორიული მასშტაბის ეკონომიკურ კრიზისთან, რამაც შექმნა უწესრიგობა საფინანსო ბაზრებზე, შეამცირა უძრავი ქონების შეძენაზე მოთხოვნილება, გაზარდა უმუშევრობა. ბარაკ ობამა, თავის გუნდთან ერთად, ამ და სხვა პრობლემების დაძლევაზე პასუხისმგებლობას 20 იანვარს აიღებს. მანამდე კი შეერთებული შტატების მოქმედი ადმინისტრაცია - ჯორჯ ბუშის ადმინისტრაცია - ბოლო ნაბიჯებს დგამს კრიზისთან საბრძოლველად. ჯორჯ ბუშმა 23 ნოემბერს ხელი მოაწერა გეგმას, რომელიც ერთ-ერთი უმსხვილესი საფინანსო გაერთიანების, ”სითი-გრუპის”, გაკოტრებისგან გადარჩენას ითვალისწინებს. კერძოდ, 20 მილიარდიან ინექციას და, ასევე, ასობით მილიარდის ფარგლებში სარისკო კაპიტალდაბანდებებისათვის გარანტიების გაცემას.
XS
SM
MD
LG