Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაზეთ ”ნიუ იორკ თაიმსის” მიხედვით, საქართველოს ვერსია რუსეთთან ომის შესახებ ეჭვის ქვეშ დგება... რის საფუძველზე გამოთქვამენ ეჭვს ”ნიუ იორკ თაიმსში” დღეს გამოქვეყნებული სტატიის ავტორები?


გაზეთ ”ნიუ იორკ ტაიმსში” 7 ნოემბერს გამოქვეყნებული სტატია, სათაურით ” საქართველოს ვერსია რუსეთთან ომის შესახებ - კითხვის ნიშნის ქვეშ”,

იწყება იმის განმარტებით, რომ საქართველოს ოფიციალურ ვერსიას ომის დაწყების თაობაზე ეუთოს მეთვალყურეები ეჭვის ქვეშ აყენებენ. სტატიის ავტორებს მოჰყავთ საერთაშორისო დამკვირვებლების ჩვენებები საქართველოში, ცხინვალის რეგიონში, 2008 წლის 7 აგვისტოს მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით და, ამ ჩვენებებზე დაყრდნობით, ხაზგასმით აცხადებენ, რომ შეტევა ცხინვალზე თბილისმა წამოიწყო. მათ საეჭვოდ ეჩვენებათ, რომ იმ ხანებში ცხინვალის მხრიდან იბომბებოდა ქართული სოფლები და არადამარწმუნებლად მიაჩნიათ საქართველოსა და მისი დასავლელი მოკავშირეების მიერ დღემდე წარმოდგენილი მტკიცებულებები, თითქოს 7-ში რუსეთს ცხინვალის რეგიონში რეგულარული საჯარისო ნაწილები ჰყავდა შეყვანილი.

”ნიუ იორკ ტაიმსის” 7 ნოემბრის სტატიაში, სათაურით ” საქართველოს ვერსია რუსეთთან ომის შესახებ - კითხვის ნიშნის ქვეშ”, ცხინვალის რეგიონში უშუალოდ 2008 წლის 7 აგვისტოს მოვლენების განვითარება ეუთოს, ძირითადად, ანონიმი მეთვალყურეების მონათხრობზე დაყრდნობითაა აღწერილი და, საერთო ჯამში, გამოთქმულია ეჭვი რუსეთსა და საქართველოს შორის ომის დაწყების იმ ვერსიასთან დაკავშირებით, რომელსაც ოფიციალური თბილისი აყენებს. სტატიის თანახმად, საქართველომ და მისმა მოკავშირეებმა ვერ წარმოადგინეს დამაჯერებელი საბუთები იმის დასამტკიცებლად, რომ 7 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში როკის გვირაბიდან უკვე გადასროლილი იყო რუსეთის რეგულარული ჯარის ნაწილი..ამას გარდა, სტატიაში ნათქვამია, რომ ურთიერთსაწინააღმდეგოა ცხინვალის რეგიონის ქართული სოფლების მცხოვრებთა მონათხრობები 7-ში ოსების მიერ ქართული სოფლების დაბომბვის შესახებ.

ცხინვალის რეგიონის ფრონეს ხეობის სოფელ ავნევის მკვიდრია გიორგი კაპანაძე. ოჯახთან და აგვისტოს მოვლენების შედეგად იძულებით გადაადგილებულ სხვა პირებთან ერთად, ის დღეს თბილისში ერთ-ერთ სახელმწიფო ობიექტს აფარებს თავს, 7-ში კი სახლში იყო, თუმცა დიდი რისკის ფასად. 7 აგვისტოს სოფელი ავნევი ინტენსიურად იბომბებოდა მანამდეც, სანამ მიხეილ სააკაშვილი ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის ბრძანებას გასცემდა და მერეც:

[გიორგი კაპანაძის ხმა] ”7-ში ჩვენ უკვე გვყავდა დაღუპულები და დაჭრილები. გვიან ღამით, როცა მოხდა იმ საცეცხლე წერტილების ჩახშობა, ფაქტიურად ვიცლებოდით, სოფელი იცლებოდა, მამაკაცები, ვინც ვიყავით დარჩენილები, ვეღარ ვიგერიებდით.” (სტილი დაცულია)

ასე აღწერა 7 აგვისტოს სურათი ჩვენთან საუბრისას ცხინვალის რეგიონის ერთ-ერთი ქართული სოფლის მკვიდრმა. ”ნიუ იორკ ტაიმსი” კი 7 ნოემბრის სტატიაში ერთგვარ ეჭვს გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, 7 აგვისტოს ქართულ სოფლებზე იყო თუ არა შეტევა ისე, როგორც ამას ოფიციალური თბილისი ირწმუნებოდა. ამას გარდა, სტატიაში ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ 7 აგვისტოს ღამით ქართულ სოფლებზე შეტევის ფაქტებს ვერ ადასტურებენ ეუთოს მეთვალყურეები... ” ეს მართლაც ასეა. ეუთოს მეთვალყურეებს ამ დროს უკვე აღარ ჰქონდათ ფაქტების დასადასტურებლად მუშაობის საშუალება”, - ამბობს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგა ბოკერია:

[გიგა ბოკერიას ხმა] ”ღამის მოვლენების ფაქტობრივი მონაცემების შეგროვების შესაძლებლობა აღარ იყო, რადგან ღამით დაიწყო ომი, მას შემდეგ, რაც რუსეთის ძალები შემოიჭრნენ და საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა განახორციელეს კონტრგადაადგილება და კონტრდარტყმა, რათა შეეჩერებინათ ეს ძალები. ამიტომ არის უცნაური 7 -ის ღამის მოვლენებზე საუბრისას ითქვას, ეუთოს მონაცემები არ არსებობსო და რომ ამას შეაქვს ეჭვი ჩვენს ვერსიაში.. ეს არასერიოზულია. ეს არ არის ჩემი შეხედულება, თავად ეუთოს მისიამ განაცხადა, რომ 7-ში ღამით ფაქტობრივი მონაცემების შეგროვების საშუალება მის მისიას აღარ ჰქონდა.” (სტილი დაცულია)

”არსებობს სატელეფონო საუბრების ჩანაწერები, როგორც მტკიცებულება იმისა, რომ 7-ში კონფლიქტის ზონაში რუსეთიდან შევიდა სამხედრო ძალა”, აღნიშნულია ”ნიუ იორკ ტაიმსის” 7 ნოემბრის სტატიაში, მაგრამ იქვე მოყვანილია რუსეთის არგუმენტი, რომ ამ დღეს რუსეთის მხარემ კონფლიქტის ზონაში გეგმიური როტაცია განახორციელა ... საქართველოს ხელისუფლებაში ეს ბრალდების პირდაპირ აღიარებად მიაჩნიათ. ”რუსეთში არ უარყოფენ, რომ სამხედრო ძალების გადაადგილებას ადგილი ჰქონდა. თუ რუსეთი ამ გადაადგილებით გეგმიურ როტაციას ახდენდა სამშვიდობო ძალებში, ამის შესახებ მინიმუმ ერთი თვით ადრე უნდა გაეკეთებინა განცხადება. ამას გარდა, როტაცია, შეთანხმებების თანახმად, უნდა მომხდარიყო მხოლოდ დღისით”, - განმარტავს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ალექსანდრე ლომაია:

[ალექსანდრე ლომაიას ხმა] ”იმ მომენტისთვის, როცა საქართველომ დაიწყო კონტრშეტევა, საქართველოს ტერიტორიაზე უკვე შემოჭრილი იყო რუსეთის შეიარაღებული რეგულარული ნაწილის მნიშვნელოვანი ძალები. ეს არის ფუნდამენტური სიმართლე. ამის დამადასტურებელი მასალები, ჩვენი წარმოდგენით, და სხვა ფაქტობრივი მასალაც, დარწმუნებული ვარ, იქნება წარმოდგენილი იმ საერთაშორისო საგამოძიებო კომისიაში, რომლის შექმნასაც ვითხოვთ.” (სტილი დაცულია)

”საქართველოს არა აქვს სატელიტური ფოტოები, მაგრამ სხვებს უნდა ჰქონდეთ, საერთაშორისო საგამოძიებო კომისია ყველასგან მიიღებს ფაქტობრივ მასალებს”, - დასძინა ნათქვამს ალექსანდრე ლომაიამ..

დავუბრუნდეთ ისევ 7 აგვისტოს. საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ალექსანდრე ლომაიას თქმით, 7-ში შუადღისას კონფლიქტის ზონაში როკის გვირაბიდან შესული იყო რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილი. ეს კი, თავისდაუნებურად, სწორედ 7 აგვისტოს დაადასტურა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა სოხუმში, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე.. ბაღაფშის მიერ სოხუმში, უშიშროების საბჭოს სხდომაზე, 7 აგვისტოს ნათქვამი ტელეკომპანია ”როსსიამ” იმავე დღეს შუადღის საინფორმაციო გამოშვებაში გადასცა:

[სერგეი ბაღაფშის ხმა] ”მე ველაპარაკე სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტს. იქ ამ დროისთვის ვითარება ასე თუ ისე სტაბილიზებულია. იქ შევიდა ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის ბატალიონი. მთელი ჩვენი შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაშია მოყვანილი. ”

ბაღაფშის ეს სიტყვები პროგრამა ”ვესტიმ” 7 აგვისტოს 16 საათზე გაავრცელა. ამ დროისთვის ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ცეცხლი ჟურნალისტების მიმართულებითაც გახსნეს. დე ფაქტო ხელისუფლებასთან მოლაპარაკებისთვის ცხინვალში ჩასულ საქართველოს სახელმწიფო მინისტრს კი ადგილზე მხოლოდ რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდალი შეხვდა და უთხრა, რომ საშვიდობო ძალებს ვითარების გაკონტროლება არ შეეძლოთ.

ომი არ დაწყებულა 7-ში, ომი 2 აგვისტოს დაიწყოო, - თქვა ჩვენთან საუბრისას ცხინვალის რეგიონის ქართული სოფლის, ავნევის, მკვიდრმა გიორგი კაპანაძემ. აგვისტოს პირველ დღეებში კონფლიქტის ზონის ქართული სოფლები სწორედ ცხინვალიდან რომ იბომბებოდა აკრძალული იარაღით, ეს ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყებამდე დაადასტურა მონიტორიგნის სამმხრივმა ჯგუფმა, ეუთოს სამხედრო დამკვირვებლებისა და რუსეთის სამშვიდობო წარმომადგენლების მონაწილეობით. დასკვნას რუსმა სარდალმა კულახმეტოვმაც მოაწერა ხელი. აი, რა წერია მონიტორინგის სამმხრივი ჯგუფის მიერ 6 აგვისტოს გამოქვეყნებულ ანგარიშში იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში აგვისტოს პირველ დღეებში: ” ზემო ნიქოზში მდებარე საცხოვრებელ სახლებზე აღმოჩენილია სხვადასხვაკალიბრიანი ჭურვების კვალი. დახვრეტილია სახურავები. ქვემო ნიქოზის საცხოვრებელ სახლებსა და შენობებზე, დასახლებული პუნქტის განაპირა მხარეს, აღმოჩენილია ნატყვიარები და ავტომატური ყუმბარმტყორცნისგან დატოვებული კვალი. ქართული მხარის ინფორმაციით, 8 ადამიანი დაიჭრა ჭურვების ნამსხვრევებისგან. დასახლებულ პუნქტებში - ნული, ერედვი და ზემო ფრისი - დამკვირვებლებმა მიაკვლიეს 82 მილიმეტრიანი ყუმბარმტყორცნის ჭურვებისგან მიყენებულ დაზიანებებს საცხოვრებელ სახლებზე. შერეული საკონტროლო კომისიის სამხედრო დამკვირვებლების მიერ შემჩნეული იყო სროლა საქართველოს სამშვიდობო ძალების სარაბუკის საგუშაგოს მიმართულებით - 120-მილიმეტრიანი ყუმბარმტყორცნის ნაღმითა და ერთი 100-მილიმეტრიანი კალიბრის ჭურვით.”

ანგარიშში, რომელსაც რუსეთის სამშვიდობო ძალების სარდალმა კულახმეტოვმაც მოაწერა ხელი, ნათქვამია, რომ გამოყენებული იყო ისეთი იარაღი, რომლის არსებობაც კონფლიქტის ზონაში აკრძალულია მოქმედი შეთანხმებებით. ოსების აკრძალული იარაღით აღჭურვაში თბილისმა მაშინ პირდაპირ მოსკოვს დასდო ბრალი. და ისევ ”ნიუ იორკ ტაიმსის ” 7 ნოემბრის სტატია: ” ძნელია გარკვევა ბრალდებებში, რომლებსაც მოსკოვი და თბილისი ერთმანეთს უყენებენ, მაგრამ არსებობს შეკითხვა: რა შეიცვალა 7-ში, 19 საათის შემდეგ, როცა საქართველოს პრეზიდენტმა ცეცხლის შეწყვეტა ბრძანა? ითხოვდა კი სიტუაცია ფართომასშტაბიან სამხედრო ჩარევას?"

სტატიის ავტორები რუსეთ-საქართველოს ომის დაწყების ქართულ ვერსიასთან დაკავშირებით ეჭვს, როგორც დასაწყისში აღვნიშნე, საქართველოში ეუთოს მისიის, ძირითადად, ანონიმ მეთვალყურეთა მონათხრობზე დაყრნობით გამოთქვამენ... წყაროთა სახელი და გვარი ერთ შემთხვევაშია მითითებული, კერძოდ, სტატიის იმ ნაწილში, რომელიც იმის გარკვევას ეთმობა, სარწმუნოა თუ არა თბილისის ვერსია რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები ცხინვალის მიმართულებით წერტილოვან დარტყმებს ახორციელებდნენ, ქალაქის დასახლებული რაიონები კი იმის გამო მოჰყვა სროლაში, რომ ოსი სეპარატისტები იარაღს სწორედ ამ რაიონებში ინახავდნენ. ...” ამ ვერსიას მხარი დაუჭირა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მეთიუ ბრაიზამ”, - წერს ”ნიუ იორკ ტაიმსი” და განაგრძობს: ”მაგრამ ეუთოს მისიის მაღალი რანგის წარმომადგენელმა საქართველოში, ბრიტანეთის არმიის ყოფილმა კაპიტანმა რაიან გრისტმა ქალაქზე საქართველოს თავდასხმას მოუწესრიგებელი, ქაოსური თავდასხმა უწოდა.”.. აგვისტოში გრისტმა თავისი შეხედულება ევროკავშირის დიპლომატების თანდასწრებით ბრიფინგზე გამოთქვა და მალევე, ყველასთვის უცნობი მოტივაციით, სამსახურიდან წავიდა”.

რადიო ”თავისუფლებამ” სცადა გაერკვია, რა მიზეზით წავიდა გასულ აგვისტოში რაიან გრისტი საქართველოში ეუთოს მისიიდან, სადაც ის ბოლო ხანს საქართველოში ეუთოს ელჩის მოადგილის მოვალეობას ასრულებდა. ეუთოს თანამშრომლებმა, რომლებმაც თავიანთი ვინაობის დაკონკრეტება არ ისურვეს, გვითხრეს, რომ გრისტი გასულ აგვისტოში, რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებიდან მალევე, სამსახურიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა, რასაც წინ უძღოდა მძიმე საუბარი მასა და მის უშუალო ხელძღვანელს, საქართველოში ეუთოს ელჩს შორის. ეუთოს ერთ-ერთმა თანამშრომელმა დაგვიდასტურა ისიც, რომ ომის დაწყების შემდეგ გრისტი თბილისიდან მხოლოდ საკუთარი გადაწყვეტილებით წავიდა კონფლიქტის ზონაში, საიდანაც იმხანად რუსეთის საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს მისი კომენტარები. გრისტი აღნიშნავდა, რომ მსოფლიოს ეტყოდა სიმართლეს იმის შესახებ, თუ როგორ დაესხნენ თავს საქართველოს შეიარაღებული ძალები მშვიდობიან ქალაქ ცხინვალს, როგორ ბომბავდნენ მას. არადა, ეუთო მაშინაც და შემდეგაც თავის ოფიციალურ განმარტებებში აღნიშნავდა, რომ მას არ შეეძლო ეთქვა რამე იმაზე, თუ ვინ დაიწყო ომი, "რადგან ეუთოს მონიტორების მცირერიცხოვან მისიას ცხინვალში არ ჰქონდა ფაქტობრივი მონაცემები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდებოდა როკის გვირაბთან. როგორც ჩანს, საქართველოში ეუთოს ელჩის ყოფილ მოადგილეს სამსახურში უსიამოვნებები თვითნებური მოქმედებისა და განცხადებების გამო შეხვდა. ”ნიუ იორკ ტაიმსს” კი მოჰყავს მისი განცხადება: ”იერიში ცხინვალზე იყო არადიფერენცირებული, ის იყო არაპროპორციული პასუხი რაღაც პროვოკაციაზე, თუკი ასეთი პროვოკაცია მართლაც არსებობდა.”

რაიან გრისტი საქართველომდე მუშაობდა ეუთოს წარმომადგენლობაში მოლდავეთში, მანამდე - ბალკანეთში. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ის დღემდე თბილისში ცხოვრობს.

”ნიუ- იორკ ტაიმსის” სტატიაში, სათაურით ” ქართული ვერსია აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით - კითხვის ნიშნის ქვეშ”, დასმულია შეკითხვები: 7 აგვისტოს ვითარება ცხინვალის რეგიონში მართლაც მოითხოვდა თუ არა ფართომასშტაბიან სამხედრო ჩარევას? სარწმუნოა კი საქართველოს ვერსია იმის შესახებ, რომ სამხედრო ჩარევის აუცილებლობა კონფლიქტის ზონაში რუსეთის არმიის შეჭრამ განაპირობა?

საქართველოს ხელისუფლებაში გამოთქვამენ იმედს, რომ ამ შეკითხვებს დამაჯერებელ პასუხს გასცემს საერთაშორისო საგამოძიებო კომისია. საქართველო მზადაა ითანამშრომლოს საერთაშორისო გამოძიებასთან.
XS
SM
MD
LG