რომელმაც რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას კრემლის "კატასტროფული შეცდომა" უწოდა. თუმცა, როგორც გაირკვა, ბორის ნემცოვი მიიჩნევს, რომ 7 აგვისტოს ტრაგიკულ მოვლენებში, ვლადიმირ პუტინი და მიხეილ სააკაშვილი თანაბრად არიან დამნაშავენი. სწორედ ამ შეფასებით იწყება ბორის ნემცოვის ინტერვიუ, რომელიც რუს პოლიტიკოსს რიგაში კობა ლიკლიკაძემ ჩამოართვა.
ბორის ნემცოვი: იცით, მე მაქვს პოზიცია, რომელიც, ალბათ გაგიკვირდებათ, არც დასავლეთშია პოპულარული და არც მოსკოვში. მე ვფიქრობ, რომ პუტინი და სააკაშვილი ერთმანეთს ჰგვანან. ცხადია, ამერიკას, რომელიც მთელ მსოფლიოს უნდა დააკვირდეს, როგორც ერთადერთი ზესახელწმიფო, ოკეანის გაღმიდან უჭირს ამ ნიუანსებში გარკვევა. აი, ნახეთ, ცხინვალის წინააღმდეგ ქართველებმა გამოიყენეს მძიმე იარაღი. მანამდე კი ვლადიმირ პუტინმა მშვიდობიანი გროზნოს წინააღმდეგ გამოიყენა "გრადები". განსხვავებას ხედავთ? მე, მაგალითად, ვერ ვხედავ. ანდა ტელევიზიები ავიღოთ. პუტინმა ხელთ იგდო "ენ-ტე-ვე" და "ტვ -6". სააკაშვილმა კი კონტროლი დაამყარა "რუსთავსა" და "იმედზე". ან პარლამენტებს დავაკვირდეთ. პუტინი აკონტროლებს პარლამენტს. იქ ორი მესამედი "ედინაია როსიას" აქვს. იგივე ხდება საქართველოს პარლამენტში. ან ოპოზიციის მიმართ დამოკიდებულება: პუტინი ძალის გამოყენებით შლის "დაუმორჩილებელთა მარშს", სააკაშვილი ამასვე სჩადის ოპოზიციის მიტინგების მიმართ. თუმცა, პუტინამდე მას კიდევ ბევრი უკლია. მოკლედ, ისინი, შეიძლება ტყუპები არ იყვნენ, მაგრამ გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან ერთამენთს. ამიტომ, მე არ მაქვს დამოკიდებულება, რომ აი, ეს ბიჭი კარგია, ის კი - ცუდი. შესაძლოა, მათ ვაშინგტონიდან ასე ეჩვენებათ, მე კი მოსკოვიდან სხვაგვარად ვხედავ.
რადიო "თავისუფლება": პოტენციურ პარტნიორად თუ განიხილავთ ვინმეს ქართულ ოპოზიციაში?
ბორის ნემცოვი: მქონდა კონტაქტები "ახალ მემარჯვენეებთან", მაგრამ ახლა თქვენ პრობლემები თავზე საყრელად გაქვთ. ჩემი აზრით, დიალოგი ოფიციალურ კრემლსა და ოფიციალურ თბილისს შორის არ იყო და, სავარაუდოდ, არც იქნება, ვიდრე პუტინი და სააკაშვილი ხელისუფლებაში იქნებიან. მაგრამ დიალოგი ოპოზიციის დონეზე, ვფიქრობ, სასარგებლო საქმეა. და თუ ასეთ დიალოგს ავაწყობთ, ეს ძალიან კარგი იქნება. ჯერჯერობით კი დიდ როლს ასრულებს ქართული ეკლესია, მე ვიტყოდი, ძალიან დადებით როლს. დიდი მადლია, რომ ილია მეორე თქვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი და გავლენიანი ადამიანია. და მადლობა ღმერთს, რომ რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ არ ჩაიდინა სისულელე და კანონიკურ ტერიტორიებად არ აღიარა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.
რადიო "თავისუფლება": ანუ თქვენ თვლით, რომ პოლიტკურად აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება სულელური ნაბიჯი იყო?
ბორის ნემცოვი: პირველ ყოვლისა, მე ვთვლი, რომ პოლიტიკური აღიარება არის გიგანტური შეცდომა და სისულელე. ამასთან, ეს არის შეცდომა რუსეთის შიდაპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებითაც. რუსეთი თავად დგას დაშლის საფრთხის წინაშე. ამჟამად დაშლა არ ხდება, რადგან საქმე გვაქვს გარიგებასთან. პუტინი ჩეჩნეთის პრეზიდენტს რამზან კადიროვს აძლევს ფულს, ხოლო კადიროვი სანაცვლოდ - ლოიალობას უბრუნებს. ერთი სიტყვით, აშკარაა ლოიალობა ფულის წილ. მაგრამ ეკონომიკური კრიზისის გამო ფული ილევა და გარიგება, შესაძლოა, დაირღვეს. ამის შემდეგ კი ჩეჩნები იტყვიან: რით ვართ აფხაზებსა და ოსებზე ნაკლები? თუ მათ მიეცით დამოუკიდებლობა, მაშინ ჩვენც მოგვეცით. გესმით, ეს არის რუსეთის ერთიანობის ქვეშ ჩადებული ნაღმი.
რადიო "თავისუფლება": თქვენ ფიქრობთ, რომ აფხაზეთისა და სამხერთ ოსეთის აღიარება ააფეთქებს ჩრდილო კავკასიას?
ბორის ნემცოვი: ეს ნაღმი ძალიან სერიოზულია და იგი, შესაძლოა, აფეთქდეს. ზუსტ თარიღს ვერ გეტყვით, მაგრამ რომ აფეთქდება, ამაში ეჭვი არ მეპარება.
რადიო "თავისუფლება": როგორ უყურებთ საქართველოს სურვილს ნატოში გაწევრიანდეს? სახიფათოა ეს რუსეთისათვის?
ბორის ნემცოვი: ჩემი აზრით, არა! იცით, მე ველაპარაკე თქვენს პრეზიდენტს უკრაინაში. ეს იყო ომამდე, ივლისში. ყირიმში შევხვდით ერთმანეთს. სააკაშვილს ვკითხე: რა უფრო მნიშვნელოვანია შენთვის, ნატოში გაწვერიანება, თუ საქართველოს გამთლიანება-მეთქი. მან მიპასუხა: რა თქმა უნდა, საქართველოს გაერთიანებაო. მაშინ, იქნებ ეს იყოს თქვენი პოზიცია პუტინთან მოლაპარაკებაზე-მეთქი, ვუთხარი. მაგალითად, ჩვენ, საქართველოს, შეგვაქვს ცვლილება კონსტიტუციაში, რომ საქართველო ნეიტრალური ქვეყანაა. თქვენ კი, რუსეთი, ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ საქართველო იყოს ერთიანი ქვეყანა. თქვენ ხომ შეგიძლიათ ამის გაკეთება-მეთქი?
რადიო "თავისუფლება": და რა გიპასუხათ სააკაშვილმა?
ბორის ნემცოვი: საინტერესო იდეააო, მიპასუხა [იცინის]. არა, მართლა კარგი იდეაა. მაგრამ ახლა, უნდობლობის, ზიზღისა თუ გაღიზიანების დონე - როგორც გინდათ, ისე დაარქვით- იმდენად მაღალია, რომ ასეთი საუბარი, რაც ომამდე შეიძლებოდა, ამჟამად უკვე პრაქტიკულად უაზრობაა.
ბორის ნემცოვი: ''პუტინი და სააკაშვილი ერთმანეთს ჰგვანან''. ინტერვიუ რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერთან
1 ნოემბერს, რიგის საერთაშორისო კონფერენციაზე, სხვა ევროპელ პოლიტიკოსებთან ერთად, სიტყვით გამოვიდა რუსეთის გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ბორის ნემცოვი,
სხვა მასალები
ყველაზე პოპულარული
1