Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თომას ჰამერბერგი საერთაშორისო ძალისხმევის გაზრდას ითხოვს საქართველოში აგვისტოს მოვლენების შედეგად დაზარალებულ ადამიანთა დასახმარებლად


ევროსაბჭოს კომისარმა ადამიანის უფლებების საკითხებში თომას ჰამარბერგმა გამოაქვეყნა მოხსენება საქართველოში აგვისტოს მოვლენების შედეგად დაზარალებულთა მდგომარეობაზე.

მოხსენება ეფუძნება ევროპის საბჭოს ზედიზედ 2 მისიის დაკვირვებას, რაც მისიის წარმომადგენლებმა - და თავად კომისარმა ჰამარბერგმა -საქართველოში ვითარების ადგილზე შესწავლისას განახორციელეს.. ომის შედეგად იძულებით ადგილნაცვალ პირთა ნაწილი საკუთარ საცხოვრებელს დაუბრუნდა, მაგრამ ომის შემდომ ჰუმანიტარული მდგომარეობა საქართველოში მაინც კრიტიკულია, - აღნიშნავს თომას ჰამარბერგი, რომელიც ითხოვს მეტ საერთაშორისო ძალისხმევას საქართველოში იძულებით ადგილნაცვალ პირთა, ომის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად.

თომას ჰამარბერგის მოხსენება სტრასბურგში 22 ოქტომბერს გამოქვეყნდა.. ”აუცილებელია გადაუდებელი რეაქცია და ქმედებები ათასობით ადამიანის მძიმე მდგომარეობის შესამსუბუქებლად”, - აღნიშნავს ამ მოხსენებაში ევროკომისარი.. აგვისტოს ომის შედეგებს უშუალოდ კონფლიქტის ზონაში ის აგვისტოს ბოლოს გაეცნო.. მაშინ ცხინვალის რეგიონის მომიჯნავე, ეგრეთ წოდებულ ბუფერულ, ზონებში შესვლას არათუ იქიდან გამოდევნილი მოსახლეობა, ადმინისტრაციის წარმომადგენლებიც ვერ ახერხებდნენ. დღეისათვის ვითარება შეცვლილია.. ჰამარბერგის მოხსენებაშიც აღნიშნულია, რომ აგვისტოს ომის შედეგად იძულებით ადგილნაცვალთაგან, რომელთა საერთო რაოდენობაც, მოხსენების თანახმად, მიახლოებით 131 000 უნდა იყოს, 95 000 უკვე სახლებს დაუბრუნდა.. ” ეს პოზიტიური სიგნალია”,- წერს ევროკომისარი, მაგრამ იქვე მიუთითებს: ”აგვისტოში იძულებით გადაადგილებულ პირთაგან 20 000, ძნელი წარმოსადგენია, სახლებს ახლო მომავალში დაუბრუნდეს. აუცილებელია ეფექტიანი ღონისძიებების გატარება იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ამ ადამიანების უფლება, ნებაყოფლობით დაბრუნდნენ საკუთარ საცხოვრებელში, უზრუნველყოფილ იქნეს მათი უსაფრთხოება და საცხოვრებელი პირობები. ”

”საქართველოში მიმდინარეობს იძულებით ადგილნაცვალ პირთა დროებით განსათავსებელი სახლების მშენებლობა. ეს საქმე დაზარალებულთა ნაწილის მდგომარეობას ზამთრისთვის მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ”, - აღნიშნავს ასევე თომას ჰამარბერგი და დასძენს: ”იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის შემსუბუქებაზე ზრუნვას არ შეუძლია მოხსნას პრობლემა, რომელიც იარსებებს, სანამ ხალხს არ ექნება საკუთარ სახლში დაბრუნების საშუალება..”

ვინ დაბრუნდა და ვინ ვერა.. ოქტომბრის შუა რიცხვებში აგვისტოს მოვლენების შედეგად იძულებით ადგილნაცვალებმა ცხინვალის რეგიონის მომიჯნავე, ეგრეთ წოდებული ბუფერული ზონის, სოფლებში - მათ შორის, სოფელ ტირძნისში - დაბრუნება დაიწყეს. ტირძნისში დაბრუნდა ამ სოფლის მკვიდრი თამარ სამადაშვილიც. სახლ-კარი მის ოჯახს დაუზიანებელი დახვდა - მაროდიორებს სამადაშვილების სახლიდან მარტო ფული წაუღიათ. სამაგიეროდ, ტირძნისში დაბრუნება ვერ შეძლო შორენა მეშვილდიშვილმა და მისმა ოჯახმა. ”ცხინვალელი ვარ, ტირძნისში გათხოვილი, მეორეჯერ გავხდი დევნილიო”, - გვითხრა მან. შორენა მეშვილდიშვილის სახლ-კარი აგვისტოს შუა რიცხვებში გადაიწვა, ასევე მისი დედამთილ-მამამთილის სახლ-კარი. უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახი გორში ქირით ცხოვრობს და ქირის საფასურსაც თავად იხდის. მანამდე ეს ოჯახი გორის მეცხრე საბავშვო ბაღში იყო შესახლებული. ”ერთ დიდ ოთახში სხვა ოჯახებთან ერთად 18-ნი ვცხოვრობდით. მერე სწავლა დაიწყო, ბავშვებისთვის ძალიან რთული იყო ასეთ პირობებში ცხოვრება და ქირით გავედით, არავინ დაგვხმარებია”, - გვითხრა შორენა მეშვილდიშვილმა.

[დევნილი ქალის ხმა] ”ვართ ასე, არავისთვის მიგვიმართავს. ვის უნდა მივმართოთ, ყველას პრობლემა აქვს. იქნებ მითხრათ, ვის მივმართო?”

ამ ოჯახის პრობლემა დეპუტატ კობა სუბელიანს გავაცანით, რომელიც სწორედ დაზარალებულთა საკითხებზე მუშაობს. კობა სუბელიანმა განმარტა, რა დახმარების გაწევა შეუძლია სახელმწიფოს ამ კონკრეტულ შემთხვევაში:

[კობა სუბელიანის ხმა} ” დამიმესიჯეთ ამ ქალბატონის ნომერი, მე გადავცემ შესაბამის სამსახურებს, მოძებნიან და შესთავაზენ ერთ ოთახს რომელიმე საბავშვო ბაღში - ან ქარელში, ან კასპში, ან გორში. ”(სტილი დაცულია)

და ისევ თომას ჰამარბერგის მოხსნებას დავუბრუნდეთ. მასში აღნიშნულია, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონის სიახლოვეს მშვიდობიანი მოსახლეობისთვის საშიშროებად რჩება აუფეთქებელი ნაღმები.. ევროკომისარი აღნიშნავს ეგრეთ წოდებულ ბუფერულ ზონაში ძარცვის და ძალადობის ფაქტების დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა დაზუსტება-მოძიების აუცილებლობას.. რა მდგომარეობაა ამ მხრივ? პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე, რომელიც, იმავდროულად, ტყვეთა გაცვლის კომისიის ხელმძღვანელია, ამბობს, რომ ოსთა მხარეს საქართველოს მხარისთვის არ გადმოუცია მინიმუმ 10 , მაქსიმუმ 14 ცხედარი. გივი თარგამაძის აზრით, სამოქალაქო პირები ტყვეობაში არ რჩებიან; დასაზუსტებელია 34-მდე დაკარგული სამხედრო პირის ვინაობა. მათი ნაწილი, სამწუხაროდ, შეიძლება დაღუპული იყოს, ნაწილი კი, შესაძლოა, ტყვეობაშია... უფრო მეტის გაგებას მხარეთა შორის კონტაქტის თვალსაზრისით პრობლემები ართულებს.

[გივი თარგამაძის ხმა] ”რაც მოპირისპირე მხარეს ცვლა განხორციელდა, - გამოცვალეს გენერალური კულახმეტოვი, ასევე მინძაევი, - სამწუხაროდ, კონტაქტი გართულდა. ამას გარდა, საჩხერეში ტყვეების გამოქცევის ფაქტმა გაართულა ურთიერთობა დავით სანაკოევთან, რომელმაც მოგვატყუა, თითქოს ტყვეები აღარ ჰყავდათ. ” (სტილი დაცულია)

ტყვეთა მოძიების პროცესში ვერ ერევა წითელი ჯვარი, ვერ ერევიან ვერც ევროკავშირის მონიტორები.. გივი თარგამაძემ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, რომ საქართველოს მხარეს ამ მიმართულებით იმედი აქვს სწორედ ევროკომისრის თომას ჰამარბერგისა, რომელიც გამოდის ინიციატივით, გააქტიურდეს ძალისხმევა ომის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად.
XS
SM
MD
LG