Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა


ახლო მეზობლებში - სამხრეთ კავკასიის ქვეყნებსა და უკრაინაში - მიმდინარე პროცესების გაშუქებას 20 ოქტომბრის რუსეთის პრესა




განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. კიევი, თბილისი, ერევანი რუსი ჟურნალისტების ყურადღების ცენტრშია.

20 ოქტომბრის რუსეთის გაზეთები აქტიურად ეხმაურებიან უკრაინაში შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებას, მაგრამ არა მარტო ამას.. ”ნეზავისიმაია გაზეტა” ერთ-ერთ მოწინავე სტატიაში ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ რამდენად ეწინააღმდეგება რუსეთის მოქმედი თავდაცვის მინისტრის შეფასებას ყოფილი თავდაცვის მინისტრისა და ამჟამინდელი ვიცე-პრემიერის, სერგეი ივანოვის, მოსაზრება შავი ზღვის ფლოტის ბაზირებასთან დაკავშირებულ პრობლემასთან მიმართებით... გაზეთის თანახმად, თუ რუსეთის თავდაცვის მინისტრი ანატოლი სერდიუკოვი აქამდე აცხადებდა, რომ რუსეთს სურს სევასტოპოლში საკუთარი ფლოტი 2017 წლამდე - უკრაინასა და რუსეთს შორის დადებული შეთანხმების ვადის ამოწურვამდე - დატოვოს, რუსეთის ვიცე-პრემიერმა სერგეი ივანოვმა ბი-ბი-სისთვის მიცემული ინტერვიუთი დასავლეთსა - და მასთან ერთად უკრაინას -გაუგზავნა შეტყობინება კრემლის მიდგომებში ცვლილებების შესახებ.. ”რუსეთი ცდილობს აღიდგინოს სახე, რომელიც კავკასიაში ომმა დაუზიანაო”, - წერს ”ნეზავისიმაია გაზეტა”... 20 ოქტომბრის სტატიის ავტორისთვის სწორედ კრემლის ახალ ან მოსალოდნელ ახალ მიდგომაზე მიანიშნებს სერგეი ივანოვის ნათქვამი, რომ მისთვის სულაც არ არის ძნელი რუსეთის შავი ზღვის ფლოტი სევასტოპოლის გარეთ წარმოიდგინოს, თუკი უკრაინის ხელისუფლება რუსეთს არ გაუგრძელებს იჯარას. გაზეთში მოყვანილია ექსპერტ მიხაილ პოგრებინსკის აზრი, რომლის თანახმადაც, ივანოვის ეს განცხადება დროულია და რუსეთსა და უკრაინას შორის ურთიერთობის მოწესრიგებას წაადგება. სერგეი ივანოვი, ფიქრობს პოგრებინსკი, ამ მოსაზრებას დმიტრი მედვედევთან შეუთანხმებლად ვერ გამოთქვამდა, ანუ პოგრებინსკისაც მიაჩნია, რომ კრემლი ცვლის მიდგომას შავი ზღვის ფლოტის ბაზირების პრობლემასთან დაკავშირებით.. მაგრამ, რუსეთის პრესის მიხედვით, კრემლი არ აპირებს პოლიტიკის შეცვლას საქართველოსთან მიმართებით. ”პრავდა. რუ” 20 ოქტომბრის გამოშვებაში წერს, რომ რუსეთს სერიოზულად აშფოთებს საქართველოს ახალი მილიტარიზაცია.. გაზეთის თანახმად, ამის შესახებ განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა თეირანში ვიზიტისას - მაშინ, როცა ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელს ჟენევის კონფერენციის შედეგებზე ესაუბრებოდა:

” სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის საერთაშორისო დისკუსია უნდა გაგრძელდეს, მაგრამ იმ პათოსით, რომ თბილისს აეკრძალოს შემდგომი მილიტარიზაცია.. ასე არ ხდება, საქართველოს მილიტარიზაციას ხელს უწყობენ და არა მარტო ნატოს წევრი ქვეყნები, არამედ სხვებიც. ეს ჩევნ გვაწუხებს, ამას ჩვენ წინ აღვუდგებით”, - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტის მოადგილე, რომლის აზრითაც, რუსეთის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა აიძულოს ოფიციალური თბილისი ხელი მოაწეროს სოხუმსა და ცხინვალთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას.

რუსეთის პრესა 20 ოქტომბრის გამოშვებებში აღნიშნავს, რომ დმიტრი მედვედევმა რუსეთის დუმაში სარატიფიკაციოდ შეიტანა შეთანხმება მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ .. შეთანხმება, რომელსაც სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერებმა კრემლში რუსეთის პრეზიდენტთან ერთად 17 სექტემბერს მოაწერეს ხელი. ამას გარდა, რუსეთში გამომავალ გაზეთებს მოჰყავთ ბელორუსიის პარლამენტის ქვედა პალატის სპიკერის ვადიმ პოპოვის განცხადება, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება ბელორუსიის მხრიდან არ მოითხოვს აჩქარებას, რადგან ეს შემდგომი პარლამენტის საქმეა.. შეგახსენებთ: ბელორუსიის ახლად არჩეული პარლამენტი 27 ოქტომბერს შეიკრიბება.

დაბოლოს, ერევანი: ”პრავდა. რუ” ავითარებს აზრს, რომ სომხეთი კავკასიისთვის ბრძოლის ახალი არენაა... ” თუ ვინმეს ჰგონია, რომ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთია გასაღები კავკასიისთვის ბრძოლისთვის, ცდება. არის კიდევ ყარაბახი და, თუ სომხეთი სიბრძნეს არ გამოიჩენს, ხოლო აზერბაიჯანი მოთმინებას, ორ ქვეყანას შორის დაძაბულობით შეერთებული შტატები, ევროკავშირი და თურქეთი ისარგებლებენ. რუსეთმა უნდა ააცილოს რეგიონს ახალი კონფლიქტი”, - ნათქვამია ”პრავდა. რუს”-ს სტატიაში, რომლის ავტორიც ცდილობს ახსნას, ერევანში დმიტრი მედვედევის ოფიციალური ვიზიტის წინ სომხეთი რატომ მოექცა დასავლეთის ყურადღების ცენტრში. ის დაასკვნის, რომ დასავლეთმა ამ ყურადღებით პროვოკაციული პოლიტიკისა და ძალის დემონსტრირება მოახდინა.


XS
SM
MD
LG