Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ იცვლებოდა ბოლო წლების მანძილზე გაეროს გენერალურ ასამბლეებზე საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლის ტონი - რას სთხოვდა სააკაშვილი გაერთიანებული ერების ორგანიზაციას


გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომის წინ, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თავის გამოსვლაში საქართველოს აგვისტოს მოვლენებზე, საქართველოზე რუსეთის თავდასხმასა და ომის უმძიმეს შედეგებზე უნდა ილაპარაკოს, თვალი გადავავლეთ მის წინა გამოსვლებს გენერალურ ასამბლეებზე.

გავიხსენეთ, როგორ იცვლებოდა ამ გამოსვლებში საქართველოს პრეზიდენტის ტონი და მოთხოვნები გაეროს მიმართ. რას სთხოვდა მიხეილ სააკაშვილი წლების მანძილზე საერთაშორისო თანამეგობრობას და, პირველ რიგში, გაერთიანებული ერების ორგანიზაციას?

2004 წლის სექტემბერში ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის წინ, იქვე, ნიუ-იორკში, გაეროს შტაბბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არ აპირებდა გაეროს განერალური ასამბლეის ტრიბუნიდან რუსეთის მიმართ ხმამაღალი პოლიტიკური განცხადებების გაკეთებას. გავიდა 2 წელი და 2006 წლის სექტემბერში, გენერალური ასამბლეის 61-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, მან თქვა: რადგან ევროპა ცდილობს ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდეს თავის აღმოსავლელ მეზობლებთან, ჩვენი ღრმა რწმენით, მის ინტერესებშია აიცილოს არასტაბილურობა და ხელი შეუშალოს სუვერენული სახელმწიფოების დაშლას.

”უფრო მტკივნეული რა უნდა იყოს, როდესაც ერთი ქვეყანა ცდილობს დაიპყროს მეორე ქვეყნის ტერიტორია, ან როდესაც ერთი ქვეყანა აწარმოებს ძირგამომთხრელ პოლიტიკას მეორე ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიაზე. მე მინდა შევეკითხო თოთოეულ თქვენგანს, მიესალმებით ან შემწყნარებლურად მოეკიდებით მსგავსი ძალის შემოჭრას საკუთარ მიწაზე? ..”- ეს შეკითხვა მიხეილ სააკაშვილმა სწორედ გაეროს გენერალური ასამბლეის 61-ე სესიაზე დასვა 2006-ში - მაშინ, როცა საუბრობდა იმაზე, თუ რამდენად მძიმე მემკვიდრეობად ერგო საქართველოს გადაუწყვეტელი ტერიტორიული კონფლიქტები და რამდენად უთხრიდა ეს კონფლიქტები ძირს საქართველოს სტაბილურობას და სტაბილურობას მთელ რეგიონში.

”ეს მემკვიდრეობა ჩვენი მოსახლეობის ძირითადი ნაწილის ძირითადი უფლებების შეზღუდვის მიზეზია .. საქართველოს კონფლიქტური რეგიონების მოსახლეობა მძევალია იმ ბანდიტების, რომლებსაც აქვთ იმედი, რომ საერთაშორისო საზოგადოება დაკარგავს ინტერესს და ეთნიკური წმენდის შედეგებს მიესალმება. შემდეგი მტკივნეული, მაგრამ აბსოლუტური სიმართლე არის ის, რომ ეს რეგიონები ანექსირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ, რომელიც აქტიურად განაგრძობს ხალხში რუსული პასპორტების დარიგებას” - ესეც 2006 წლის სექტემბერში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას ითქვა..მიხეილ სააკაშვილმა მაშინ ღიად წამოჭრა არაეფექტიანი სამშვიდობო მისიებისა და ფორმატების გადახედვის საკითხი...

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ” ამ კონფლიქტებთან ერთად მემკვიდრეობად გვერგო სამშვიდობო მისიებისა და მოლაპარაკებების ფორმატები, რომლებიც აღარ არის ეფექტიანი - მარტივად რომ ითქვას, ისინი დღეს ხელს ვერ უწყობს მშვიდობას და ვერც რიგიან მოლაპარაკებას. ”

მიხეილ სააკაშვილს თავის ამ გამოსვლაში გაერო პირდაპირ არ გაუკრიტიკებია.
გავიდა კიდევ ერთი წელი და ისევ გაეროს გენერალური ასამბლეის უკვე 62-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლის წინ, მან უმწვავესი კრიტიკით უპასუხა გაეროს გენერალური მდივნის ბან კი მუნის შენიშვნას განმუხურში პატრიოტთა ბანაკის გახსნის მიზანშეუწონლობასთან დაკავშირებით:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ” უბადრუკი და ამორალური რჩევები კი არ გვჭირდება, რომ თურმე ბანაკი უნდა გავწიოთ. ჩვენ ვითხოვთ ხმის ამაღლებას და ანგარიშს იმაზე, რა გააკეთა გაერომ და სხვა ორგანიზაციებმა იმისთვის, რომ აღმოფხვრილიყო კაცობრიობის წინაშე მე-20 საუკუნეში ჩადენილი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დანაშუალის შედეგები და რა გააკეთა გაერომ დევნილთა დაბრუნებისთვის არამხოლოდ გალში, როგორც ზოგჯერ წერენ.. ჩვენ უნდა დავბრუნდეთ გაგრაში, სოხუმში, ბიჭვინთაში... ”

ოდნავ მოგვიანებით, უკვე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას, მიხეილ სააკაშვილი შეეხო კოდორის ხეობაში იმ ხანებში მომხდარ ინციდენტს, როცა ორმხრივ სროლას რუსი სამხედროც შეეწირა:

[ მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”საინტერესოა, რას აკეთებდა საქართველოს ტყეში რუსეთის არმიის ვიცე-პოლკოვნიკი, რომელიც უძღვებოდა შეიარაღებული ჯგუფის ძალადობრივ მისიას. მე მინდა ვკითხო ჩემს რუს მეგობრებს: ნუთუ არასაკამრისია ტერიტორია რუსეთში? არ ყოფნით რუსეთის ტყეები რუს ოფიცრებს, რომ მაინცდამაინც საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოს ტყეებში არ დაიხოცნენ?. თუმცა, რაც არ უნდა იყოს, ჩვენ ვწუხვართ ადამიანის დაღუპვის გამო.. ”

”დღეს საქართველო მთლიანი არ არის, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მკვიდრთა დიდი უმრავლესობა ეთნიკური წმენდის, ძალადობისა და გულგრილობის ამორალური პოლიტიკის მძევალია, ჩვენ ამის გაგრძელების უფლება არ გვაქვს” - ამბობდა მიხეილ სააკაშვილი 2007 წლის სექტემბერში, გაეროს გენერალური ასამბლეის 62-ე სესიაზე გამოსვლისას. მაშინ მან მოითხოვა სიღრმისეული ანალიზი იმის, თუ რატომ აღმოჩნდა ასე წარუმატებელი სამართლებრივი ბაზა და ფორმატი, აფხაზეთის პრობლემის მოგვარების თვალსაზრისით, და მოუწოდა გაეროს ყოველმხრივ გადაეხედა სამშვიდობო პროცესისთვის.

უფლება არ გვაქვს მეტი დრო დავკარგოთ, - ამ სიტყვებით დაამთავრა საქართველოს პრეზიდენტმა თავისი გამოსვლა ნიუ-იორკში 2007 წლის სექტემბერში, ხოლო უკვე 2008 -ში ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 63-ეს სესიაზე, მიხეილ სააკაშვილი საქართველოზე რუსეთის თავდასხმასა და ომის უმძიმეს შედეგებზე სასაუბროდ გაემგზავრა.
XS
SM
MD
LG