Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დასავლეთს საქართველოს პრობლემებზე ლაპარაკი არ მობეზრდება


აგვისტოს მოვლენებამდე საქართველოს პრეზიდენტს არაერთხელ უცდია დაერწმუნებინა დასავლელი ლიდერები, რომ საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიული ქმედებები საფრთხეს უქმნიდა არა მარტო საქართველოს, არამედ ევროპასაც.

მიხეილ სააკაშვილის ასეთი მცდელობა ბევრს მაშინ გადამეტებულად მიაჩნდა.. აგვისტოს მოვლენებმა კი - საქართველოზე რუსეთის თავდასხმამ - დამოკიდებულება შეცვალა... დღეს ევროპელი ლიდერები ხმამაღლა აცხადებენ, რომ საქართველოს მხარდაჭერით ისინი ევროპის უსაფრთხოებასაც იცავენ... დღე არ გავა, მაღალი რანგის დასავლელმა დიპლომატებმა - როგორც ევროპელებმა, ისე ამერიკელებმა - რუსეთს საზავო შეთანხმებით აღებული ვალდებულების შესრულებისა და საქართველოს ტერიტორიაზე უკან დახევისკენ არ მოუწოდონ.. რას ელიან საქართველოში დასავლეთისაგან?

პოლიტიკური რისკების მკვლევარი ბაკურ კვაშილავა დარწმუნებულია, რომ საქართველოს საკითხი, საქართველოს პრობლემა დასავლეთისთვის არ მოძველდება მაშინაც კი, როცა მხარეთა შორის დადებული ზავით დაპირისპირების ხელახალი აფეთქების შანსი საგრძნობლად შემცირდება. ექსპერტის აზრით, საქართველოს საკითხის მოძველების რისკს გამორიცხავს ის გარემოება, რომ დასავლეთი იბრძვის არა იმდენად საქართველოსთვის, რამდენადაც საკუთარი ინტერესებისთვის, რაშიც საკუთარი უსაფრთხოებისთვის ბრძოლაც იგულისხმება:

[ ბაკურ კვაშილავას ხმა] ” დასავლეთი ნამდვილად იბრძვის საკუთარი ინტერესების დასაცავად. აქედან გამომდინარე, საქართველოს საკითხი, საქართველოს პრობლემა დასავლეთისთვის არასდროს მოძველდება, რაც არ უნდა ახალი პრობლემა წარმოიქმნას, ნუ, გარდა ატომური ომისა. ეს არის საკითხი, რომელიც არის სასიცოცხლო დასავლეთისთვის. ეს არ არის საქართველოს დაცვა. უბრალოდ, დასავლეთი დგამს ნაბიჯებს ისე, რომ არ დაასუსტოს ევროკავშირი. ” (სტილი დაცულია)

ევროკავშირი საქართველოში გზავნის მონიტორებს... ის, რომ ევროკავშირის საგანგებო სამიტზე მიღებული იქნება გადაწყვეტილება საქართველოში დამკვირვებელთა 200 კაციანი მისიის გამოგზავნის შესახებ, ევროკავშირთან ურთიერთობის საკითხებში ექსპერტის კახა გოგოლაშვილის აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. კახა გოგოლაშვილი ჯერ კიდევ 2 სექტემბერს, რადიო ”თავისუფლებასთან” ევროკავშირის საგანგებო სამიტის შედეგებზე საუბრისას, აღნიშნავდა, რომ გადაწყვეტილება საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გაგზავნის შესახებ იყო იმის მანიშნებელი, რომ ევროკავშირი იწყებს აქტიურ ქმედებას საქართველოში და მომავალში კიდევ უფრო გააძლიერებს ამ ქმედებას:

[კახა გოგოლაშვილის ხმა] ”ამ გადაწყვეტილების შედეგად, რაც ევროკავშირის სამიტმა მიიღო, ჩანს, რომ ევროკავშირი აქტიურად იმოქმედებს არა მარტო იმისთვის, რომ რუსეთის ჯარი გავიდეს ეგრეთ წოდებული ბუფერული ზონებიდან, არამედ იმოქმედებს იმისთვის, რომ კონფლიქტების გადაწყვეტაზე არ შეწყდეს საუბარი.” (სტილი დაცულია)

ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში ჰავიერ სოლანა ევროპარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებმა საქართველოში მხოლოდ სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მიმდებარე ზოლში შეიძლება იმოქმედონ.
”მედვედევ-სარკოზის გეგმის თანახმად, საერთაშორისო მისიების მხოლოდ სასაზღვრო ტერიტორიაზე განთავსების შესახებ არ არის საუბარიო”, თქვა მან და დასძინა: ” შეთანხმება მედვედევთან გულისხმობს იმას, რომ ეუთოს დამკვირვებლები უნდა ჩავიდნენ სამხრეთ ოსეთში, გაეროს მეთვალყურეები დარჩნენ აფხაზეთში, რუსეთის ძალებმა კი კონფლიქტამდე არსებული პოზიციები უნდა დაიკავონ.”

კონფლიქტამდე არსებული პოზიციების დაკავებას რუსეთს 12 აგვისტოს საზავო შეთანხმება ავალდებულებს.. და რადგან რუსეთი ამ ვალდებულებას არ ასრულებს, დღე არ გავა, ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციამ მას არ მოუწოდოს, შეასრულოს პირობა. ”ეს ბიჭები ყოველ მოსახვევში ნაკისრი ვალდებულებებისგან თავის დაძვრენას ცდილობენ. ჩვენ ამას აგვისტოდან მოყოლებული ვხედავთ. რუსები საქართველოდან უნდა წავიდნენ და უნდა შეწყვიტონ თავის გასამართლებლად მიზეზების ძებნა ” - ეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, შონ-მაკორმაკის, ერთ-ერთი ბოლო განცხადებაა. აქვე შევნიშავ, რომ შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში შეტანილია რეზოლუცია საქართველოსა და უკრაინისთვის ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭების მხარდაჭერის შესახებ.. ”კონგრესი მიიჩნევს, რომ 2008 წლის დეკემბრის ნატოს მინისტერიალზე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სამოქმედო გეგმაზე საქართველოსა და უკრაინის გადასვლის მხარდაჭერაში ლიდერობა უნდა გამოიჩინოს” - ნათქვამია რეზოლუციის ტექსტში. ამასთან, ცნობილია, რომ პენტაგონი თბილისში გზავნის დელეგაციას, რომელმაც დაწვრილებით უნდა შეისწავლოს საქართველოს კანონიერი მოთხოვნები და საჭიროებები, მათ შორის - სამხედრო სფეროში... ” საქართველოს, ისევე როგორც ნებისმიერ სუვერენულ სახელმწიფოს, უნდა შეეძლოს თავის დაცვა და აგრესორის ახალი თავდასხმის მოგერიება” - ეს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის მოადგილის ერიკ ედელმანის განცხადებაა, რომელიც მან ახლახან სენატის კომიტეტში საქართველოში არსებულ სიტუაციაზე მსჯელობისას გააკეთა ..



XS
SM
MD
LG