Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ აღინიშნა თბილისში წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღე


1995 წლიდან, იუნესკოს გადაწყვეტილებით, 23 აპრილი წიგნისა და საავტორო უფლებების საერთაშორისო დღეა.

ამ დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში წიგნისა და ავტორებისადმი პატივისცემას გამოხატავენ. წიგნის მსოფლიო დღედ მაინცდამაინც 23 აპრილი იუნესკომ კატალონიაში დამკვიდრებული ტრადიციის გათვალისწინებით შეარჩა. კატალონიაში 23 აპრილს, წმინდა გიორგის დღეს, ადამიანები ერთმანეთს წიგნებით ასაჩუქრებენ. ლიტერატურის მოყვარულთათვის 23 აპრილს სხვა სიმბოლური დატვირთვაც აქვს. ამ დღეს 1616 წელს გარდაიცვალნენ სერვანტესი და შექსპირი. წიგნის საერთაშორისო დღე თბილისში წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღინიშნა და ასე იქნება მომავალშიც.

[გიორგი ხუბუას ხმა] ”სიმბოლურია თავისთავად, რადგან უნივერსიტეტის ბაღს განსაკუთრებული სულისკვეთება აქვს, ისევე როგორც წიგნს აქვს, და მოხარული ვარ, რომ, წიგნის გამომცემელთა ასოციაციის ინიციატივით, ყოველწლიურად წიგნის საერთაშორისო დღე აღინიშნება სწორედ აქ, უნივერსიტეტში. ”(სტილი დაცულია)

ასე მიულოცა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ხუბუამ 23 აპრილს უნივერსიტეტის ეზოში შეკრებილ სტუდენეტებს, პედაგოგებს, გამომცემლებსა და, მათთან ერთად, წიგნის სხვა მოყვარულებს წიგნის და საავტორო უფლებების მსოფლიო დღე და, ამავდროულად, უნივერსიტეტის ეზოში ამ დღის აღნიშვნის ტრადიციის დამკვიდრება.

[ბაკურ სულაკაურის ხმა] ” ბუნებრივია, ეს არ ნიშნავს, რომ სხვა ადგილები არ იქნება აქტუალური, მაგრამ აქ იქნება ეპიცენტრი.”

გვითხრა გამომცემელმა ბაკურ სულაკაურმა. ეპიცენტრში, უნივერსიტეტის ეზოში, ტრადიციას საფუძველი წიგნის გამოფენის მოწყობით, ახალი და ძველი გამოცემების შედარებით შეაღავათიან ფასად გაყიდვით , საჯარო კითხვითა და სხვა ღონისძიებებით ჩაეყარა. გავრცელდა წიგნის დღის მანიფესტიც, წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციისა და უნივერსიტეტის რექტორატის ხელმოწერით. ეს ორი მხარე აღიარებს წიგნის უცვლელ როლს და ადგილს ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში და თანხმდებიან წიგნის კითხვისა და ინტელექტუალური საკუთრების პოპულარიზაციის მიზნით ერთობლივად აღნიშნონ ეს დღე უნივერსიტეტის ეზოში ჩატარებული აქციებით. ” 23 აპრილი წიგნის ჩუქების დღეა! აჩუქეთ ერთმანეთს წიგნი! ” - ასეთი იყო მანიფესტის მოწოდება. უნივერსიტეტის ეზოში 23 აპრილს წიგნები აქტიურად გაიყიდა. 23 აპრილი წიგნის მსოფლიო დღედ გამოცხადებით თავის დროზე იუნესკომ, პირველ რიგში, ახალგაზრდებს მოუწოდა წიგნში ეძებნათ სიამოვნება. სტუდენტები წიგნის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით უნივერსიტეტის ეზოში მოწყობილი ღონისძიებით კმაყოფილები იყვნენ, მიუხედავად იმისა, შეძლეს თუ არა მათთვის საინტერესო წიგნის შეძენა.

[ერთ-ერთი სტუდენტის ხმა] ”საინტერესო დღეა, საზოგადოება წიგნებს ეცნობა. რამდენიმე ახალი გამოცემაც არის და ეს კარგია. ”

წიგნის მსოფლიო დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში დაცული უნიკალური ექსპონატებიც იყო გამოფენილი. ამდენად, დამთვალიერებელს შეეძლო პირდაპირ უნივერსიტეტის ეზოში შეევლო თვალი ”სიბრძნე-სიცრუისას” სულხან-საბა ორბელიანისავე ხელნაწერისა თუ ვახტან მეექვსის სტამბაში დაბეჭდილი ”ვეფხისტყაოსნისთვის.”

ასეთი იყო 23 აპრილი, როგორც წიგნის მსოფლიო დღე, თბილისში.






XS
SM
MD
LG