Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორია საქართველოს ანტიკორუფციული სტრატეგია?


"კორუფცია საქართველოში აღმოიფხვრა, თუმცა ამ მიმართულებით კვლავ რჩება მგრძნობიარე სექტორები: ბიუჯეტის დაგეგმვა, გადასახადების ადმინისტრირება,

ჯანდაცვის რეფორმა ” - თქვა 17 აპრილს თბილისში, სასტუმრო ”ქორთიარდ მარიოტში”, 2007 წლის ანტიკორუფციული სტრატეგიის პროექტის პრეზენტაციაზე ეკონომიკური რეფორმების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ ვახტანგ ლეჟავამ. სწორედ სახელმწიფო მინისტრის აპარატმა გამოიტანა საჯარო განხილვაზე 2007 წლის ანტიკორუფციული სტრატეგიის პროექტი, რომლის საბოლოო ვარიანტიც დაახლოებით ერთ კვირაში საქართველოს მთავრობას უნდა წარედგინოს. რას ითვალისწინებს ეს პროექტი და როგორ აფასებენ საქართველოს ხელისუფლების ანტიკორუფციულ ძალისხმევას?

ყველაზე ფართოდ გავრცელებულ განმარტებებში ხაზგასმულია, რომ კორუფცია არის საზოგადოებრივი ძალაუფლების ან მდგომარეობის პირადი ინტერესებისთვის გამოყენება.

მაღალ ეშელონებში არსებულ კორუფციას მსხვილ კორუფციას უწოდებენ, ხოლო კორუფციას იქ, სადაც ბიუროკრატიას პირდაპირი შეხება აქვს საზოგადოებასთან, წვრილმანს. ამას გარდა, არსებობს განმარტებები პოლიტიკური და სისტემური კორუფციისა. საქართველოში ყველა ტიპის კორუფცია კარგადაა ცნობილი. სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ თითქმის ყოველდღე იყო მსჯელობა ქვეყანაში კორუფციის უკიდეგანო მასშტაბების შესახებ. ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ კორუფციის თემამ თანდათან უკანა პლანზე გადაინაცვლა. დღეს აღარ არის აქტიური მსჯელობა იმაზე, თუ სად, რა სფეროებში არსებობს ეს პრობლემა - უფრო ხშირად ლაპარაკი გვესმის იმის თაობაზე, რომ, ანტიკორუფციული კუთხით გატარებული ადმინისტრაციული ღონისძიებების შედეგად, საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია და ეს წარმატებები აღიარებულ იქნა საერთაშორისო დონეზეც. ეს ითქვა ”ქორთიარდ მარიოტში” საქართველოს ანტიკორუფციული სტრატეგიის პროექტის პრეზენტაციაზეც.

[ვახტან ლეჟავას ხმა] ”ჩვენ გვქონდა შეფასება როგორც ანტიკორუფციული ქსელის საქართველოს მიმართ, ასევე გრეკოს პირველი რაუნდის დასრულების შეფასება. მე ვფიქრობ, რომ ორივე რაუნდი იყო საკმაოდ წარმატებული.” (სტილი დაცულია)

სახელმწიფო მინისტრის მოადგილის ვახტანგ ლეჟავას მიერ ნახსენები და აგრეთვე სხვა შეფასებები მოყვანილია საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესრულების ანგრიშშიც. ანგარიშში ვკითხულობთ: ”2007 წლის თებერვალში ”საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინტიტუტმა”, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო დახმარების სააგენტოს ხელშეწყობით, მოაწყო საზოგადოებრივი გამოკითხვა. შეკითხვას, ყოფილხართ თუ არა გასულ წელს სიტუაციაში, როცა იძულებული გამხდარხართ გადაგეხადათ ქრთამი მომსახურების ან გადაწყვეტილის მიღების სანაცვლოდ, გამოკითხულთა 95 პროცენტმა უარყოფითად უპასუხა.

არის თუ არა კორუფცია დღევანდელი საქართველოსთვისაც სერიოზული პრობლემა და სად უფრო გვხვდება ის? ”ახალი მემარჯვენეების” ლიდერი დავით გამყრელიძე ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას ამბობს, რომ დაბალ დონეზე კორუფცია, მართლაც, მკვეთრად შემცირდა, მაღალ დონეზე - ნაკლებად, და იქვე დასძენს:

[დავით გამყრელიძის ხმა] ”ძირითადი მიზეზი დღეს კორუფციისა არის ის, რომ არ არის გამჭვირვალობა და პარლამენტის წევრებისთვისაც კი ხელმიუწვდომელია ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ იხარჯება თანხები, რას აკეთებს ესა თუ ის უწყება, არ გვაქვს ინფორმაცია შემოსავალ-გასავალზე, იმის შესახებ, თუ როგორ ტარდება შესყიდვები, როგორ მიიღება გადაწყვეტილებები და ასე შემდეგ. ”

ანტიკორუფციული სტრატეგიის პროექტის პრეზენტაციაზე პროექტის ავტორებმა სხვა მიმართულებებზე გაამახვილეს ყურადღება. ისინი ლაპარაკობდნენ სახელმწიფო შესყიდვების სისტემის დახვეწის აუცილებლობაზე, მართლმსაჯულების სისტემის საქმიანობის კონტროლზე, სამედიცინო სისტემის ხარჯების მონიტორინგის გაუმჯობესებაზე, რაც გამორიცხავს შეღავათების არამიზნობრივ გაცემას, ბიუჯეტის კიდევ უფრო მიზნობრივ დაგეგმარებაზე, გადასახადების ადმინისტრირებაზე და ასე შემდეგ. ეს თემები წამოწეულია ანტიკორუფციული სტრატეგიის პროექტშიც, რომლის განხილვაც 17 აპრილს დაიწყო.

საუბრის დასასრულს ყურადღებას გავამახვილებ ერთ დასკვნაზე, რომელიც გაკეთებულია ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშში. აქ ბევრგან არის აღნიშნული, რომ წინასწარ დაგეგემილი ესა თუ ის ანტიკორუფციული ღონისძიება შესრულდა ან შესრულების სტადიაშია; კონტროლის პროცედურის დახვეწის მიზნით საჯარო სექტორის აუდიტის სტანდარტების შემუშავებასთან დაკავშირებით კი ნათქვამია, რომ ამ მხრი პროგრესი უმნიშვნელოა.
XS
SM
MD
LG