Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარეჯში 10 აპრილს ”კონსერვატიული პარტიის” წევრები ჩავიდნენ


აღდგომის შემდეგ, ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია მე-17 საუკუნეში ნაწამებ გარეჯელ ბერებს იხსენიებს.

10 აპრილს, სამშაბათს, ” კონსრევატიული პარტიის ” წევრები დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს ესტუმრნენ - ერთი მხრივ, გარეჯელი მოწამეების ხსოვნის აღსანიშნავად, მეორე მხრივ, იმისთვის, რომ ხელისუფლებისთვის შეეხსენებინათ: დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის დავაში ვაჭრობა დაუშვებელია. ”კონსერვატიული პარტიის ” წევრები ხელისუფლებას მოუწოდებენ, აზებაიჯანთან სასაზღვრო დავა მოაგვაროს და თან აცხადებენ, რომ საქართველო გარეჯის მიწა-წყალს არ დათმობს. მინდა გარეჯში კონსერვატორების აქციასა და სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებულ დავაზე გესაუბროთ.

კონსერვატორები 9 აპრილს პარლამენტში ჩოხებში გამოწყობილები შეხვდნენ სტუმრებს 9 აპრილის საზეიმო მიღებაზე და 10 აპრილსაც ჩოხებში ჩაცმულები ეწვივნენ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს - არამარტო გარეჯელი მოწამეების ხსოვნისთვის პატივის მისაგებად. კონსერვატორების მსვლელობას დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში პოლიტიკური დატვირთვაც რომ ჰქონდა, ეს ჩვენთან საუბრისას ზვიად ძიძიგურმა აღნიშნა, რომელსაც ტელეფონით გარეჯში დავუკავშირდით.

[ზვიად ძიძიგურის ხმა] ”დღევანდელ დღეს, 1616 წელს, შაჰ-აბასმა 6000 ბერი მოწყვიტა ამ ადგილას. ეს არის წმიდათაწმიდა ადგილი და სალოცავი და ჩვენი ჩოხებით ამოსვლა აქ და ამის აფიშირება ნიშნავს შემდეგს: ჩვენ ვეუბნებით საქართველოს ხელისუფლებას, რომ მან უნდა მოაგვაროს ეს პრობლემა და უნდა მორჩეს ამ თემაზე ვაჭრობა. ”

”ეს არ არის დავა” - თებერვალში ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა ასეთი კომენტარით სცადა შეერბილებინა აზერბაიჯანთან სასაზღვრო უთანხმოება. პრეზიდენტის თქმით, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი საბჭოთა პერიოდში აზერბაიჯანსა და საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკებს შორის ადმინისტრაციულმა საზღვარმა გაყო, რამაც სამართლებრივი პრობლემები გამოიწვია, მაგრამ ამ პრობლემის მოგვარება კონსულტაციების გზით შეიძლება.

საბჭოთა პერიოდიდან შემორჩენილმა სამართლებრივმა პრობლემამ თავი არცთუ დიდი ხნის წინ წამოყო, როცა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსში მოღვაწე სასულიერო პირები სამლოცველო ადგილებთან აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მოულოდნელმა პატრულირებამ შეაშფოთა. ამ ფაქტით ”საქართველოს კონსერვატიული პარტიის” წევრები დაინტერესდნენ და გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის ნაწილზე აზერბაიჯანის პრეტენზიასთან დაკავშირებით
ხელისუფლებისგან განმარტებები მოითხოვეს. პარლამენტში შედგა დახურული შეხვედრა საქართველოს კულტურის მინისტრთან, მარტის დასაწყისში კი ბაქოში საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სახელმწიფო კომისიების შეხვედრაზე საზღვრის დელიმიტაციის საკითხები იქნა განხილული. ”დღემდე აზერბაიჯანის მხარესთან საზღვრის 65 პროცენტია შეთანხმებული”, - აღნიშნა ამ შეხვედრის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი მანჯგალაძემ და დასძინა: ” რაც შეეხება გარეჯის მონაკვეთს, ვინაიდან ამ ძეგლის მიმართ კულტურული და რელიგიური თვალსაზრისით გარკვეული ინტერესები გვაქვს, ეს პოზიცია გამოვხატეთ აზერბაიჯანელ კოლეგებთან. ჩვენთვის საინტერესო იქნება, თუკი შესაძლებელი აღმოჩნდება გარკვეული ტერიტორიების გაცვლა. კომპლექსის 95 პროცენტი საქართველოს ტერიტორიაზეა, კერძოდ, იმ ადმინისტრაციული საზღვრის საქართველოს მხარეს. აზერბაიჯანის მხარეს რამდენიმე გამოქვაბულის კომპლექსი და ერთი ტაძარია. ”

ცოტა მოგვიანებით აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხალაფ ხალაფოვმა განაცხადა, რომ სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის კომისიის სხდომაზე ისტორიული ძეგლის საკითხი საქართველოს მხარეს არასდროს დაუყენებია. ხალაფოვმა დავით გარეჯი ალბანელთა ისტორიულ ძეგლად მოიხსენია და თქვა, რომ აზერბაიჯანი საქართველოსთვის ამ ძეგლის დათმობას არ აპირებს.

ეს მას შემდეგ ითქვა, რაც საქართველოს კულტურის მინისტრი დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ღია ტურისტულ ზონად გამოცხადების იდეით გამოვიდა. ამ იდეას კი საქართველოს საპატრიარქოც დაუპირისპირდა:

[ საქართველოს პატრიარქის ხმა] ” დავით გარეჯის სავანე არის უდიდესი სიწმინდე საქართველოს ეკლესიის. ეს უნდა დარჩეს, როგორც მონასტერი, როგორც ლავრა. ”

განაცხადა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ერთ-ერთი ტელეკომპანიისთვის მიცემულ ინტერვიუში.

საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წევრები, გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებული გაუგებრობის კიდევ უფრო გაღრმავების თავიდან აცილების მიზნით, პოლიტიკურ ოპონენტებს და მათთან ერთად ჟურნალისტებს მთელი ამ ხნის მანძილზე თავშეკავებისკენ მოუწოდებდნენ.

შეგახსენებთ, მეექვსე საუკუნის პირველ ნახევარში დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის დაარსება გარეჯის უდაბნოში ერთ-ერთი ასურელი მამის, დავითის, მისვლას უკავშირდება. დავით გარეჯის მონასტერთა საქმიანობა საუკუნეების მანძილზე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ქართველი ხალხის როგორც რელიგიურ, ისე კულტურულ ცხოვრებაში. სხვადასხვა დროს დავით გარეჯის მონასტრებში მოღვაწეობდნენ: ონოფრე გარეჯელი, დემეტრე პირველი, გაბრიელ მცირე, სულხან-საბა ორბელიანი, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი და სხვები.

საქართველოს და აზერბაიჯანს აქვთ კეთილგანწყობის, მეგობრობის და ძმობის ის ტრადიცია, რომ ასეთი ტიპის საკითხები ორივე ქვეყნის ინტერესების გათვალიწინებით გადაწყდეს, ფიქრობენ საქართველოს ხელისუფლებაში.



XS
SM
MD
LG