Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წამების პრევენცია საქართველოში


2005 წელს საქართველომ იკისრა ვალდებულება შექმნას ახალი, ქმედითი ინსტიტუცია ციხეების, პოლიციის წინასწარი დაკავების საკნების,

ფსიქიატრიული დაწესებულებების, სამხედრო დისციპლინური დაკავების ადგილებისა და ბავშვთა დაწესებულებების მონიტორინგისთვის. თუ კიდევ უფრო დავაკონკრეტებთ, ეს არის გაეროს წამების საწინააღმდეგო კონვენციის დამატებითი ოქმის ხელმოწერით ნაკისრი ვალდებულება და გულისხმობს საქართველოში წამების პრევენციის ეროვნული მექანიზმის მოდელის შემუშავებასა და ამოქმედებას. რას ურჩევენ ხელისუფლებას ამ ვალდებულებასთან დაკავშირებით დასავლელი ექსპერტები და რა ეტაპზეა ახალი ეროვნული მექანიზმის პროექტის შემუშავების საქმე?

{ლარს გეროლდის ხმა] ” ახალი ბორბლის გამოგონება საჭირო არ არის. საქმე უნდა დავიწყოთ არსებული და გამოცდილი საშუალებებით. ეროვნული პრევენციული მექანიზმის შექმნის პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე და ამ პროცესში საზოგადოება აქტიურად უნდა მონაწილეობდეს. ამაშია ეფექტიანი მექანიზმის შექმნის გარანტია. საქართველოს შემთხვევაში, დრო იწურება, დრო კი ამა წლის 21 ივნისამდეა. ”

ეს მოსაზრება ლარს გეროლდმა, ექსპერტმა ვარშავაში არსებული ორგანიზაციისა “დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებებისათვის” ( ODIHR), გამოთქვა 13 მარტს “თბილისი - მარიოტში”, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის პრეზენტაციაზე. პროექტის სახელწოდებაა ” წამების პრევენცია საქართველოში”. ის მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს ჩვენს ქვეყანაში წამების წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმის განხორციელებას და შეუქმნას საფუძველი დამოუკიდებელ ორგანოებს, რომლებიც მონიტორინგს განახორციელებენ დახურულ ორგანიზაციებში.

წამების პრევენცია საქართველოს ხელისუფლების მიერ ნაკისრი ვალდებულებაა. გაეროს წამების საწინააღმდეგო კონვენციის დამატებითი ოქმის ხელმოწერით საქართველომ ეს ვალდებულება 2005 წელს იკისრა. რა მოთხოვნებს აყენებს წამების საწინააღმდეგო კონვენციის დამატებითი ოქმი? პირველი: შეიქმნას გაეროში წამების პრევენციის ქვეკომიტეტი, რომელიც გააკონტროლებს მდგომარეობას ხელმომწერ ქვეყნებში; მეორე: შემუშავდეს და ამოქმედდეს ფართო უფლებების მექანიზმი ხელმომწერ ქვეყნებში წამების პრევენციისათვის. 2005 წელს ნაკისრი ამ ვალდებულების თანახმად, წამების პრევენციის მიზნით შესაქმნელმა ახალმა ინსტიტუციამ მჭიდროდ უნდა ითანამშრომლოს გაეროს ქვეკომიტეტთან. წამების პრევენციის ეროვნული მექანიზმის შემუშავებისა და ამოქმედების ვადა კი, როგორც უკვე ითქვა, ივნისის ბოლოს იწურება. ჩვენ დავინტერესდით, რა ეტაპზეა მუშაობა, რომელსაც ვალდებულების შესრულებისთვის იუსტიციის სამინისტრო და საგარეო საქმეთა სამინისტრო უნდა ახორციელებდეს და შეკითხვით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ელენე თევდორაძეს მივმართეთ:

[ელენე თევდორაძის ხმა] ”ინფორმაცია მაქვს, რომ ჯერჯერობით არაფერი კეთდება. ჩვენ მოვითხოვთ ინფორმაციას და იძულებული ვიქნებით კომიტეტის სხდომაზე მოსასმენად მოვიწვიოთ იუსტიციის მინისტრი. ”

თუ, ელენე თევდორაძის ინფორმაციით, არაფერი კეთდდება, სახალხო დამცველის სოზარ სუბარის ცნობით, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის გეგმის შემუშავებისას, რაც წამების საწინააღმდეგო კონვენციის დამატებითი ოქმის ხელმოწერით ნაკისრი ვალდებულების შემუშავებასაც ითვალისწინებს, სახალხო დამცველის ინსტიტუტი ლამის არ იქნა გათვალისწინებული წამების პრევენციის ეროვნული მექანიზმის მოდელის შემმუშავებლებს შორის. ეს ხარვეზი გამოსწორდა. თუმცა ჯერჯერობით ცნობილი არ არის სახალხო დამცველის აპარატს დაეკისრება თუ არა რაიმე მნიშვნელოვანი როლი წამების პრევენციის ეროვნული მექანიზმის ამუშავებისას.

[სოზარ სუბარის ხმა] ”რეალურად, რომც არ იყოს სახალხო დამცველი,ამას მნიშვნელობა არა აქვს. ჩვენ, კონსტიტუციით, ისედაც გვაქვს ამის უფლება. თუ პარალელური ინსტიტუტი შეიქმნება, ვიქნებით ორნი და თუ ახალი ინსტიტუცია ჩვენ მიერ აღმოჩენილ პრობლემებს უარყოფს და მხოლოდ ხელისუფლების პოზიციის დამცველი იქნება, ეს თავად ახალი ინსტიტუციის დისკრედიტაციაზე იმუშავებს. ”

სხვადასხვა მონაცემებით, წამება, როგორც სერიოზული პრობლემა, მოიხსნა წინასწარი დაკავებისას, მაგრამ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრობლემები რჩება პენიტენციალურ სისტემაში, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ...... სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს რატომღაც პრობლემები ექმნებათ სამხედრო დაწესებულებებში შემორჩენილი ჰაუპტვახტების მონიტორინგისთვის. ამ პრობლემაზე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეც საუბრობს.ამას გარდა, ელენე თევდორაძე აღნიშნავს, რომ საპატიმროებში არსებული პრობლემების შესწავლის კუთხით არ აქტიურობს პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული მონიტორინგის საბჭო. საბჭოს წევრთაგან ჩვენ ”თავისუფლების ინსტიტუტის” თანამშრომელს თეა თუთბერიძეს ვკითხეთ, რამდენად აქტიურია საბჭო. ის აღნიშნავს, რომ საპატიმროებს ხშირად სტუმრობს, თუმცა საბჭოს სხვა წევრების ნაცვლად ვერ ილაპარაკებს. აშკარაა, რომ წამების პრევენციისა და დახურული ორგანიზაციების მონიტორინგისთვის საჭიროა ახალი და ეფექტიანი მექანიზმის ამუშავება, მით უფრო, იმის გათვალისწინებით, რომ ეს საქართველოს ვალდებულებაცაა.
XS
SM
MD
LG