Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რაზე ისაუბრა მიხეილ სააკაშვილმა 23 თებერვალს თბილისის მერიაში ჟურნალისტებთან გამართულ შეხევდრაზე


23 თებერვალს საღამოს თბილისის მერიაში პრეზიდენტი სააკაშვილი ჟურნალისტების ფართო წარმომადგენლობას შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა.

მერიაში გამართულ პრესკონფერენციაზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო რეფორმების ახალ ტალღაზე გადადის.
პრეზიდენტი ჟურნალისტებს თბილისის მერიაში შეხვდა, დარბაზში, სადაც ერთ დროს საკრებულოს სხდომებს თავმჯდომარეობდა, თუმცა ახლა უკვე -გარემონტებულ დარბაზში. ”ვარდების რევოლუციის შემდეგ ამ შენობაში, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, ბევრი რამ შეიცვალა,” - თქვა მან. პრესკონფერენციაზე, რომელიც დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა, მიხეილ სააკაშვილმა ქვეყანაში დღემდე გატარებულ და მომავალში გასატარებელ ცვლილებებზე ისაუბრა. იმას, რაც დღემდე შეიცვალა, რევოლუციური უწოდა, სამომავლოდ კი რეფორმების ახალ ტალღას დაგვპირდა. მოვიყვან ციტატებს პრეზიდენტის საუბრიდან:
”უნდა შევქმნათ ისეთი თავისუფალი ეკონომიკა, როგორიც არის სინგაპურსა და დუბაიში”; ” რეფორმების პირველი ეტაპი იყო სახელმწიფო აპარატის სტაბილიზაციის ეტაპი, მეორე ეტაპი კი კორუფციის ინსტიტუციონალური აღმოფხვრა იქნება”; ”გადასახადები საკმაოდ დაბალი გვაქვს და არ გამოვრიცხავ მათ კიდევ უფრო დაწევას”; ” რაც შეეხება ქართულ მართლმსაჯულებას, მართალია, მისდამი ნდობა არ არის ისეთი მაღალი, როგორიც არის პატრულის, მთლიანად პოლიციის ან პროკურატურის მიმართ, მაგრამ ეს სისტემაც მიაღწევს მალე შესაბამის სტანდარტებს.” რადიო “თავისუფლების” შეკითხვას, რა უნდა გაკეთდეს სასამართლოს მიმართ ნდობის ასამაღლებლად, პრეზიდენტმა უპასუხა:


[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”თუ მოსამართლის დამოუკიდებლობა ნიშნავს ავტორიტეტული სასამართლოს შექმნას, რომელიც იქნება დამოუკიდებელი ყველა სხვა შტოსგან, მაგრამ იქნება დამოკიდებული კანონზე, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს გამოვიდეს. ”

სასამართლო სისტემაში გასატარებელ ცვლილებებზე საუბრისას პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ ეცდება მიაღწიოს იმას, რომ საქართველოს სასამართლოებში სამეწარმეო დავებს ქართველ მოსამართლეებთან ერთად ევროპელი მოსამართლეებიც წყვეტდნენ.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”მე ასევე არ გამოვრიცხავ ჩამოვიყვანოთ მოქმედი ევროპელი მოსამართლეები, რომლებიც დაჯდებიან ჩვენს მოსამართლეებთან ერთად და გადაწყვეტენ სამეწარმეო საქმეებს, რომ იყოს ნდობა და სტანდარტი - დიდი ევროპული გამოცდილება. ” (სტილი დაცულია)

რადიო “თავისუფლების” კიდევ ერთი შეკითხვა მერიაში გამართულ პრესკონფერენციაზე საკუთრების დაცვის გარანტიებს ეხებოდა. ცნობილია, რომ პრეზიდენტი პარლამენტში შედის ინიციატივით საკუთრების დაცვის დამატებითი გარანტიების შესაქმნელად, თუმცა საკუთრებას იცავს კონსტიტუცია.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ნამდვილად შეუძლია ყველას იყოს წყნარად. ყველაფერი, რაც დარეგისტრირებულია, იქნება დაცული და ყველაფერი, რაც კანონიერია, იმის დაცვის სადარაჯოზე ვიქნებით. ”

პრეზიდენტი კმაყოფილია მთავრობის მუშაობით და კმაყოფილია პარლამენტის მუშაობით, კმაყოფილია ოპოზიციის წარმომადგენლებთან ამასწინანდელი შეხვედრითაც. ”ისინი პატრიოტები არიან, მათი მიზანიც ქვეყნის განვითარების ხელშეწყობაა, თუმცა ფიქრობენ, რომ რაღაც-რაღაცეებში ჩვენ ვცდებით, მე კი ვფირობ, რომ უფრო მეტად ისინი ცდებიან,” - ეს ითქვა ოპოზიციასთან მიმართებით. საუბრის დასასრულს მოვიყვანთ მერიაში გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ კიდევ ერთ განცხადებას იმის შესაჯამებლად, თუ როგორ აფასებს ის ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და როგორ უყურებს საქართველოს ახლო პერსპექტივას:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელმაც მიაღწია ყველაზე დიდ პროგრესს ეკონომიკურ რეფორმებში და სახელმწიფო აპარატის მშენებლობაში, ამიტომ საქართველო არის კარგი საოპერაციო პლაცდარმი შავიზღვისპირეთის და მთელი ამ ქვეყნების მიმართ. შავი ზღვა არის შიდაევროპული ზღვა უკვე. საქართველოზე განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, რომ ჩვენი გაწევრიანების პერსპექტივა მაღალია. ეს არის სერიოზული შემობრუნება. ესე იგი მთლიანად ნატოს როლი ამ რეგიონში იზრდება.”(სტილი დაცულია)






XS
SM
MD
LG