Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა


¨რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის¨ გამოკითხვის მიხედვით,




რუსეთის მოქალაქეთა 69 პროცენტი 2006 წლის მთავარ საერთაშორისო მოვლენად საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობის დაძაბვას მიიჩნევს,” – ვკითხულობთ რუსულ ინტერნეტგამოცემაში ,,ექსპერტ ონლაინ”.

გასულ კვირაში რუსულმა პრესამ საკმაოდ ბევრი პუბლიკაცია მიუძღვნა საქართველო-რუსეთის ურთიერთობასა და გაზის თემას.

გუშინდელი ,,ვრემია ნოვოსტეი” წერს: ,,საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა, რომელიც ყველაზე ხმამაღლა გვპირდებოდა, რომ გაზს რუსეთიდან ახალი ფასით არ შეიძენდა, აღიარა, რომ შეთანხმება შედგა - თანაც, იმ ფასად, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ,,პოლიტიკურ შანტაჟს” უწოდებდა.”

ამ თემაზე, თითქმის იმავე ციტატებითა და იმავე პათოსით, გაზეთი ,,იზვესტია” აქვეყნებს ოლეგ მიტიაევის სტატიას - ,,მიხეილ სააკაშვილმა გაზი მხოლოდ რუსეთში იშოვა”... და “ნოვაია გაზეტა” _ ,,ფასის საკითხი _ საკითხის ფასშია”.

გაზის საკითხის უფრო ღრმა და საფუძვლიან კვლევას გვთავაზობს გაზეთი ,,კომერსანტი” პუბლიკაციაში ,,გაზპრონომიკა”, რუბრიკით ,,დღის თემა წლის შედეგები”. ციტატა ,,კომერსანტიდან”: ,,ალბათ, მიმავალი წლის ყველაზე მთავარ შედეგად ეკონომიკური სტრატეგიის მორიგი შეცვლა უნდა მივიჩნიოთ. თუ 2005 წელს გამოიკვეთა სახელმწიფოს მიბრუნება მთელი რიგი დარგების უშუალო მართვისაკენ, 2006 წელი, გადაუჭარბებლად, “გაზპრომის” წელიწადად იქცა. ეკონომიკური სტრატეგია საბოლოოდ გადავიდა ფორმულაზე: ,,რაც კარგია “გაზპრომისათვი”, კარგია რუსეთისათვის...”

აი, კიდევ ერთი ამონარიდი, ამჯერად სტატიიდან ,,მეზობლებზე გაკეთებული გაზის ბიზნესი...”, რომელიც “დეილი ტელეგრაფის” რუსულ გამოცემაში, ,,გაზეტაში”, გამოქვეყნდა: ,,წლევანდელ ბოლო სხდომაზე “გაზპრომის” დირექტორთა საბჭომ მოიწონა კომპანიის მიერ წარმოებული ფასების პოლიტიკა ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნების მიმართ. იგი გულისხმობს რუსულ გაზზე ფასების ეტაპობრივ ზრდას საშუალო ევროპულ დონემდე.”

და კიდევ ერთი: ,,ეროვნული გაზის ტრანსპორტირების სისტემისათვის ბრძოლა საქართველოსთვის გაზის ფასის მკვეთრი ნახტომით დასრულდა, – ვკითხულობთ სტატიაში. - პირველი წინადადება მაგისტრალური გაზსადენის გაყიდვის შესახებ საქართველომ 2005 წელს მიიღო. უარმა ფასის პირველი გაზრდა გამოიწვია – 63 დოლარიდან 110 დოლარამდე. ერთი წლის შემდეგ “გაზპრომმა” გაიმეორა თავისი წინადადება და კვლავ უარი მიიღო. ფასი ორმაგად და მეტად ავარდა. ამასთანავე, საქართველოს შეახსენეს, რომ შესაძლებელია საფასურის აქტივებით გადახდა. საქართველომ დახმარებისთვის აზერბაიჯანს მიმართა, მაგრამ მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. გასულ ოთხშაბათს ,,იტერამ” საქართველოს 6 რაიონს გაზით მომარაგება შეუწყვიტა, მომდევნო დღეს კი ,,შაჰ-დენიზის” მილსადენზე აფეთქება მოხდა. რამდენიმე საათის შემდეგ გაირკვა, რომ საქართველომ “გაზპრომის” პირობები მიიღო,” – წერს ,,გაზეტა”. პუბლიკაცია დამაფიქრებელი და არცთუ ოპტიმისტური პროგნოზით მთავრდება: ,,2008 წელს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების სისტემისათვის ბრძოლის ახალი რაუნდი ელოდება...”

გაზეთი ,,ნეზავისიმაია გაზეტა” “გაზპრომის” თემას ფართო ასპექტში განიხილავს პუბლიკაციაში _ ,,კიდევ ერთი ნაბიჯი ენერგეტიკული ნატოსკენ”. ციტატა სტატიიდან: ,,ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ “გაზპრომი” მკაცრად გააკრიტიკა, ხოლო გავლენიანმა ბრიტანელმა პოლიტოკოსმა ლიამ ფოკსმა ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნებს მოუწოდა, ენერგიის მომხმარებელთა კონსორციუმი შექმნან, რათა ერთობლივად აღუდგნენ მოსკოვის ზეწოლას... მოსკოვის მისამართით ახალი მწვავე გამონათქვამების მიზეზი დასავლეთში ორი ნიშანდობლივი მოვლენა გახდა: “გაზპრომის” კონტრაქტი საქართველოსთან გაზის 235 დოლარად მიწოდების შესახებ და რუსეთის გაზის მონოპოლისტის გადაქცევა პროექტ ,,სახალინ 2”-ის უმსხვილეს აქციონერად, იმ პროექტისა, რომელსაც მანამდე უცხოური კომპანიები აკონტროლებდნენ.”

,,უნდა აღინიშნოს, რომ ,,ენერგეტიკული პაქტის” იდეა ახალი არ არის. ბოლოს იგი რიგაში, ნატოს სამიტზე, გაისმა. ამერიკის სენატის საერთაშორისო საქმეების კომიტეტის თავმჯდომარემ რიჩარდ ლუგარმა წამოაყენა წინადადება, ენერგეტიკის სფეროზე ვაშინგტონის შეთანხმების ის პუნქტი გავრცელებულიყო, რომელიც თავდაცვის კოლექტიურ მექანიზმებს განიხილავს,” – წერს ,,ნეზავისიმაია გაზეტა”.

ლუგარის აზრით, ენერგეტიკულ ბლოკადას შეუძლია ისეთივე მძიმე შედეგები გამოიწვიოს, როგორიც სამხედრო აგრესიას. აქედან გამომდინარე, თუ ნატოს რომელიმე წევრის მიმართ ენერგეტიკული ბლოკადა განხორციელდება, ნატოს, როგორც ერთიანი ორგანიზაციის, პასუხი ასეთ ფაქტზე უნდა იყოს ისეთივე, როგორიც სამხედრო აგრესიის შემთხვევაში იქნებოდა.

ავტორები - ევგენი გრიგორიევი და Aანდრეი ტერეხოვი - აღნიშნავენ: ,,ენერგეტიკისა და პოლიტიკის აშკარა კავშირზე” წუხილს ამ თვეში კვლავ გამოთქვამდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი. მოსკოვი კი დაუღალავად იმეორებს, რომ ის ენერგორესურსების საიმედო მომწოდებელია.”

ძალზე “ენერგეტიკული” მიმოხილვა გამოგვივიდა... მაგრამ, როგორც ჩანს, ეს თემა მხოლოდ ქართული მედიისათვის არ არის აქტუალური.
მიმოხილვას ერთი სახალისო ინფორმაციით დავასრულებთ, კვლავ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების სფეროდან. მას ,,ეხო მოსკვის” საიტი გვამცნობს...
,,მოსკოვში გიორგი დანელიას ფილმის, მიმინოს გმირების ძეგლი დაიდგმება...”












XS
SM
MD
LG