Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”ნიუ-იორკ ტაიმსი” აჭარაში მიმდინარე პროცესებზე


6 ივნისს ”ნიუ-იორკ ტაიმსმა” საქართველოზე, კონკრეტულად კი აჭარის რეგიონზე გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით ”ტურისტებს შეუძლიათ ჩამოვიდნენ და ფული დახარჯონ, ლტოლვილებს კი წასვლაში უხდიან ფულს”.

როგორც სათაურიდანაც სჩანს, სტატია აჭარაში მცხოვრები აფხაზეთიდან ლტოლვილების სასტუმროებიდან გასახლებას, და საქართველოს მთავრობის სურვილს ეხება, აჭარა ტურისტებისთვის მიმზიდველ, მდიდარ რეგიონად აქციოს. სტატიის ავტორი, ენდრიუ კრამერი, მოკლედ აღწერს აჭარის უახლეს ისტორიას, და წერს, რომ ამ რეგიონის აყვავება საქართველოს ამჟამინდელი მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. აჭარის განვითარებით, წერს კრამერი, საქართველოს მთავრობას სეპარატისტული რეგიონებისთვის იმ დადებითი ფაქტორების დემონსტრირება სურს, რაც რეგიონისთვის სახელმწიფოს შემადგენლობაში სრულფასოვან ინტეგრაციას მოაქვს.

”ჩვენ მათ უნდა დავანახოთ, რომ მომავალი აქვთ. ამას შესაძლოა ორი-სამი წელიწადი დასჭირდეს, მაგრამ ბოლოს დაინახავენ. როდესაც ნავსადგურში იახტები გვეყოლება, მაშინ მიხვდებიანო” - აფხაზეთის მოსახლეობაზე უთქვამს საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, მაისში შემდგარ ინტერვიუში. სხვათა შორის, კრამერი აღნიშნავს, რომ ეს ინტერვიუ ხინკლების თანხლებით წარმართულა.

ნიუ-იორკ ტაიმსის კორესპონდენტი აჭარაში ჩადებული ინვესტიციების შესახებაც ლაპარაკობს - კონკრეტულად, ის ყაზახეთის მიერ 21 სასტუმროს შესყიდვაზე ამახვილებს ყურადღებას, და აჭარაში დაგებულ გზებზეც საუბრობს.

წელს აჭარაში 300 000-ს ტურისტს ელიანო, წერს ენდრიუ კრამერი, და აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით აჭარაში უცხოელები ძირითადად ყოფილი საბჭოთა კავშირიდან, თურქეთიდან და ირანიდან ჩადიან. ენდრიუ კრამერი სტატიის ბოლოს საქართველოს ნატოში გაწევრიანების სურვილზე წერს. ბოლო აბზაცში მას აჭარის მთავრობის მეთაურის, ლევან ვარშალომიძის სიტყვები მოჰყავს - რომელსაც უთქვამს, რომ აჭარაში სამხედრო ბაზის დაარსება არ არის მოსალოდნელი. ”სხვა თუ არაფერი” - უთქვამს ვარშალომიძეს - ”მანამდე მე სადაც კი შესაძლებელი იქნება, ყველგან სასტუმროების ავაშენებო”.
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG